ქსელები
იყო და არა იყო რა...იყო თბილისის გენგეგმა... (ჟურნალისტური მოკვლევა)
დიახ, იყო და არა იყო რა... რადგან, ის, რაც იყო და რაც ყველას თბილისის გენერალური გეგმა ეგონა, სულაც არ ყოფილა თურმე გენერალური გეგმა.
რა იყო სინამდვილეში ის, რასაც გენერალურ გეგმას უწოდებდნენ? ვინ შეიმუშავა აღნიშნული დოკუმენტი და ვინ არიან პროექტის ავტორები? რატომ არ არსებობს თბილისის მერიაში არანაირი დოკუმენტი, 2009 წლის გენგეგმის შექმნელებსა და მათ დაფინანსებაზე ?

წინასწარ გაცნობებთ: მოკვლევის ეს ნაწილი საკმაოდ ვრცელია. სტატიაში უხვადაა რიცხვები, ციფრები, შედარებები, განმარტებები, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ყველა დიდი თუ მცირე ზომის პრობლემა, რაც ამ ქალაქს წლების განმავლობაში სჭირს, სწორედ გენგეგმის წაღმა-უკუღმა ტრიალს უკავშირდება, გადავწყვიტეთ დეტალურად მოგითხროთ ყველაფერი...

ამიტომაც, იყო და არა იყო რა, იყო თბილისის გენგეგმა - ეპიზოდი I

2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების- დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.

საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. აღნიშნული დროისთვის წარმოდგენილი იქნა 11 საკონკურსო ნაშრომი.

ამავე დღიდან, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენის მიზნით, მუშაობა დაიწყო საკონკურსო კომისიამ.

2015 წლის 13 სექტემბერს გამარჯვებულად დასახელდა „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის თანამშრომლობს ისეთ იურიდიულ პირებთან, როგორებიცაა: „AS&P-Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”, Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა(ა)იპ„სენი- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამტავრობო ორგანიზაციების ქსელი“და სხვები.

გამარჯვებული კონკურსანტის მიერ საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის საფუძველზეც, მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვეში, კომპანიას უნდა შეესრულებინა და წარმოედგინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი.

ყურადღება მივაქციოთ სიტყვას - "განახლებული", რაც ბუნებრივია, უკვე არსებული დოკუმენტის განახლებას გულისხმობდა, ანუ საუბარია 2009 წლის გენგემაზე, რომლის განახლებაც 2015 წელს უნდა მომხდარიყო.

ამიტომაც, ჩვენი დღის წესრიგში 2009 წლის გენგეგმის დეტალების მოძიება დადგა...

2017 წლის 20 აპრილს, ანუ 8 თვის წინ საკრებულოს გავუგზავნეთ კითხვები, რომელიც 2009 წლის გენგეგმას ეხებოდა. კითხვებზე პასუხი დღემდე არ არც საკრებულოს მოუწოდებია, არც მერიას და არც არქიტექტურულ სამსახურს.

კითხვები კი იყო ასეთი მარტივი - გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

1. ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წელს დამტკიცებული ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა" (ასლები) და ასევე მასთან დაკავშირებით მიღებული, ნაწარმოები ყველა დოკუმენტი.

2. ამავე გენერალური გეგმის სატენდერო ან საკონკურსო დოკუმენტაცია, სადაც განსაზღვრულია მონაწილეობის მსურველ კომპანიათათვის ტენდერში ან/და კონკურსში მონაწილეობის პირობები.

3. რომელმა კომპანიამ ან (კომპანიებმა) გაიმარჯვეს ტენდერში ან/და კონკურსში და ვის დაევალა აღნიშნული გენერალური გეგმის შესრულება. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულება და ხარჯთაღრიცხვა.

ჩვენი კითხვები საკრებულომ მერიას გადაუგზავნა, მერიამ არქიტექტურის სამსახურს, არქიტექტურის სამსახურმა ისევ საკრებულოს, საკრებულომ ისევ მერიას და საბოლოო ჯამში პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც რაიმე კონკურსზე, ვერც ტენდერზე, ვერც ხელშეკრულებებსა და ვერც ხარჯთაღრიცხვაზე...

საკრებულოს პასუხში ვკითხულობთ: (დანართი N1 )



77 გვერდიანი დანართიდან 37 გვერდი საკრებულოს სხდომების ოქმებია, ხოლო დანარჩენ 40 გვერდზე მოცემულია კონცეფციური ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც სახელად ჰქვია „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმა“... გეგმას არ ახლავს არანაირი კვლევები, განმარტებები და რუქები.

მითუმეტეს არ არსებობს პასუხი იმაზე, ვინ, როდის და რა ფასად შეასრულა ის, რაც დოკუმენტებში „პერსპექტიული განვითარების გეგმადაა“ მოხსენიებული.

შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის სახით, არ არსებობს ჩამონათვალი ადამიანთა იმ ჯგუფისა, რომელმაც უგულავას მერობისას ქალაქი „პერსპექტიულად“ განავითარა, რის შედეგადაც მივიღეთ ვერეს ხეობა და მახინჯი, ყოვლად უსახური შენობებით დახუნძლული თბილისი, რომელიც ვერანაირ არქიტექტურულ კრიტიკას ვერ უძლებს.

და თუ არ არსებობს ეს ყველაფერი, შესაბამისად, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რის განახლებაზე აცხადებდა კონკურსს უკვე ნარმანიას მერია 2015 წელს?!

რატომ ხდებოდა ისე, რომ თბილისის გენგეგმაში, დაწყებული 2005 წლიდან, გაგრძელებული 2009 წლით და დასრულებული 2015 - ით, ძირითადად ერთი და იგივე პირები იყვნენ ჩართულები?! ვინ არიან ეს ადამიანები და იღებენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც დღეს „სპორტს სასახლის დასახლება “ და მსგავსი ტიპის არქტიტექტურული კატასტროფები ჰქვია?! ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით...

რთი სიტყვით, იყო და არა იყო რა...იყო თბილისის გენგეგმა... (ეპიზოდი II)

"აიპრესის" მიერ მოპოვებული ინფორმაციებით და მასალებით ირკვევა, რომ 2008-2009 წლებში თბილისის მერიას არა ერთი, არამედ ორი გენერალური გეგმა ჰქონდა - ოპერატიული და პერსპექტიული. ოპერატიულ გენგეგმაზე, ამ წლებში, მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა. პროექტის ავტორები, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს, მერიას არაკეთილსინდისიერ ქცევაში ადანაშაულებდნენ. სანამ ოპერატიულ გენგეგმაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, მერიაში პერსპექტიულად ასწრებდნენ ახალი გენგეგმის შემუშავებას ახალი ტერიტორიების ასათვისებლად.

საქმე იმაში გახლდათ, რომ მერიამ კონკურსში გამარჯვებული კომპანია თავიდან მოიცილა და „ეს სარფიანი“ საქმე თავად გადაიბარა ისე, რომ კონკურსი არ გამოაცხადა. თბილისის მერი ამ დროს გახლავთ გიგი უგულავა, ვიცემერი მამუკა ახვლედიანი, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კი მიხეილ ავალიანი.

რა ხდებოდა 2008-2009 წლებში თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით? იმ გენგეგმასთან, რომლის განახლებაც 2015 წელს „სითი ინსტიტუტმა“ აიღო საკუთარ თავზე, ამის შესახებ "აიპრესთან" ექსკლუზიურად იმ კომპანიის ხელმძღვანელი საუბრობს, რომელსაც მაშინ თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა და რომელმაც 2008 წელს დაწყებული სასამართლო დავა 2016 წლის 8 დეკემბერს დაასრულა

საუბარია კომპანია „ანი არქიტექტორებზე“. მისი ხელმძღვანელი კი ცნობილი არქიტექტორი პავლე ძინძიბაძე გახლდათ.

პავლე ძინძიბაძე: 2007 წელს ქალაქის მერიამ გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მხარდაჭერით გამოაცხადა კონკურსი (ტენდერი) თბილისის მიწათსარგებლობის (ოპერატიულ) გენგეგმაზე. ამ დოკუმენტის დასახელება მნიშვნელოვანია ჩვენი საუბრის წარმართვისთვის იმდენად, რამდენადაც ტერმინი ოპერატიული არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთი გენერალურ გეგმის დასახელებაში არ ფიგურირებს და ამ დოკუმენტის სხვასთან შეცდომით გაიგივების საშუალებას არ მოგვცემს. კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა და საპროექტო დავალების შესაბამისად დაამუშავა ხსენებული დოკუმენტი. პირველი და მეორე ეტაპები, ანუ სამუშაოთა მთლიანი მოცულობის 70% დამკვეთის მიერ მიღებული და შეთანხმებული იქნა. მესამე, ბოლო ეტაპის მიღებაზე კი, ჩვენთვის მოულოდნელად მერიამ უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება გაფორმდა 2008 წლის 11 აგვისტოს გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით. იქ ეწერა, რომ არ გავითვალისწინეთ მერიის შენიშვნები და რეკომენდაციები.....

ანუ მერიას არც კი მოუცია თქენთვის ეს შენიშვნები?

არა. პასუხი დიდი დაგვიანებით მივიღეთ. და ვინაიდან ეს პროფესიული ღირსების საქმეც გახლდათ, დავიწყეთ სამართლებრივი დავა. რვა წელიწადნახევარი და ექვსი სხვადასხვა დონის სასამართლოს გადაწყვეტილება დაჭირდა ჩვენი სიმართლის დამტკიცებას.

გასულ წელს მოიგეთ სასამართლო პროცესი, რომელიც 2008 წელს დაიწყეთ? რას ითხოვდით სასამართლოსგან?

პირველი მოთხოვნა შეეხებოდა ზემოთ ხსენებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და დაავალა მერიას ემოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სამწუხაროდ, მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. 2012 წელს კვლავ მივმართეთ სასამართლოს, ამჯერად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.

სულ რა თანხაზე იყო საუბარი, მაშინ რა ჯდებოდა ეს გეგმა?

საპროექტო სამუშაოთა ღირებულება დაახლოებით 190 ათას ლარამდე ოდენობის იყო. უცხოელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი, მათ კარგად იმუშავეს. აღსრულების ბიურომ მერიის ბიუჯეტიდან ადრე შესრულებული და მერიისთვის გადაცემული დოკუმენტაციის ღირებულება - 28 000 ლარი გადმოგვირიცხა. ჩვენ კი მუშაობას ვაგრძელებთ. უბრალოდ, ამას პროფესიულ ვალდებულებად მივიჩნევთ. ქალაქის მერიაც გარკვეულ ინტერესს იჩენს ამ პროექტის მიმართ. ჯერჯერობით ორივე მხარე ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტებად ვრჩებით.

ანუ, ოპერატიული გენგეგმის განახლების დოკუმენტი არსებობს?

ეს დოკუმენტი იქმნება. ოპერატიული გენერალური გეგმის ჩაბარებიდან დღემდე ცხრა წელიწადზე მეტი გავიდა და მისი განახლების საჭიროებაც არსებობს. იმედი გვაქვს, მერია, მისი არქიტექტურის სამსახური აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ პროცესში. სრულფასოვანი, თბილისის ქალაქგანვითარების გენგეგმის მისაღებად ეს მონაწილეობა აუცილებელია.

საბოლოო ჯამში 2009 წელს რაიმე გენგეგმა მიიღეს თუ არა? თუ მიიღო, ვინ მიიღო და ვინ არიან იმ გენგეგმის ავტორები?

მიიღეს. იმ პერიოდში მერიის არქიტექტურის სამსახურმა თავისი ძალებით დაამუშავა ეს დოკუმენტი. ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ნებისმიერი მერიისთვის გენერალური გეგმა ქალაქის განვითარების როგორც სახელმძღვანელო, ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვების მატარებელი დოკუმენტია. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს, საზოგადოებას, ყოველივე ამის აუცილებლობა ნათლად აქვთ გაცნობიერებული.

მერია თავად აკეთებდეს ასეთ დოკუმენტს, ყოველგვარი კონკურსისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე, მე მგონი, უცნაური ამბავია...

უფლება ჰქონდათ კანონმდებლობით და არქიტექტურის სამსახურიც ამით დაინტერესებული იყო. მერიამ მიიღო ეს დოკუმენტი, მაგრამ მრავალ მიზეზთა გამო, ხშირად უხდებოდა მასში ცვლილებების შეტანა. შედეგად ამ ცვლილებებმა აზრი დაუკარგეს ქალაქის გენერალური გეგმის, როგორც ასეთის არსებობას.

თუმცა, ის დოკუმენტი რასაც 2009 წლის გენგეგმას ეძახიან, არის 40 გვერდიანი, რომელშიც არაფერი გაწერილი არ არის, არც კვლევები, არც დასაბუთება. ეს არის კონცეფციის დონეზე რაღაც უმარტივესი საბუთი.

თქვენს ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გავცემ, მაგრამ ვერ გავაკეთებ ისეთ კომენტარს, რომელიც დააკნინებს კოლეგების ნამუშევარს. მით უმეტეს, რომ ამ დოკუმენტს სიღრმისეულად არ ვიცნობ.

2009 წლის მერიის დოკუმენტს ვგულისხმობ, ბატონო პავლე...

მეც. შეიძლება არის კიდევ მასალა, რომელიც არ მინახავს. ნებისმიერ შემთხვევაში, იგი არსებობს. შემდეგ გაირკვა, რომ ამ დოკუმენტით ქალაქი ვეღარ იმართებოდა და დადგა ახალი გენერალური გეგმის შექმნის აუცილებლობა.

(ინტერვიუს დასასრული)

ოფიციალური მასალების მიხედვით კი: 2014 წელს შ.პ.ს. ანი-არქიტექტორებმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მერიის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობდა შემდეგში კერძოდ: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მთავრობის 10.12.2013 წლის #30.11.1511 დადგენილება

ბ) ქ. თბილისის მერიას დაეკისროს შ.პ.ს. ანი-არქიტექტორების სასარგებლოდ 02.07.2007 #011401/30/705-4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება და შესაბამისად მისი ანაზღაურება 69396.55 ლარის ოდენობით

2015 წლის 20 თებერვლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სასამართლოს მიერ მიღებებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მთავრობის 10.12.2013 წლის #30.11.1511 დადგენილება, აგრეთვე მერიას დაეკისრა 28 498.77 ლარის გადახდა .

ქალაქ თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, როგორც სააპელაციო, ასევე უზენაესი სასამართლოს მიმართვის წესით, თუმცა ორივე შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით.

ანუ: მაშინ, როდესაც თბილისის მერიამ გენგეგმის განახლებაზე 2015 წელს კონკურსი გამოაცხადა, ზუსტად იცოდა, რომ გენგეგმაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა. იცოდა ზუსტად და ზედმიწევნით კარგად, რადგან მოპასუხე მხარე სასამართლოზე სწორედ თბილისის მერია გახლდათ.

ამ დავის შესახებ ასევე ზუსტად იცოდნენ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელებმა, მამუკა სალუქვაძემ და მერაბ ბოლქვაძემ, რადგან 2009 წლის გენგეგმის საკითხებში ორივე მათგანი მონაწილეობდა. ამას „აიპრესთან“ ინტერვიუში მამუკა სალუქვაძე ადასტურებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ეს გენგეგმა, რომელსაც თქვენ ახლა აკეთებთ, არის 2009 წლის გენგეგმის განახლება?

დიახ, განახლება ქვია ამ პროცესს.

მაშინ მივუბრუნდეთ 2009 წლის გენგეგმას. 2009 წლის გენგეგმაშიც იყავით ჩართული თქვენ და თქვენი ჯგუფიდან მერაბ ბოლქვაძეც. როგორ შეაფასებდით დღევანდელი გადმოსახედიდან იმ გენგეგმას და რა არსებითი ცვლილებებია იმ გენგემასა და ახალს შორის?

ძალიან კარგი გენგეგმა იყო 2009 წლის... მაგრამ თუ გახსოვს, კონკურსი რაზეც გამოცხადდა, ეს იყო ოპერატიული მიწათსარგებლობის გეგმა. ეს ცვლილება არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ. ის არ იყო სრული სახით მიწათსარგებლობის გეგმა, ის იყო ოპერატიული, რომლის საფუძველზეც, მაშინ შესაძლებელი იყო ნებართვების გაცემა. ის უფრო აკონკრეტებდა გარკვეულ ზომებს და არ იყო სრული სახით მიწათსარგებლობის გეგმა.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჩადებული იყო. ანუ ყველაფერზე ხაზის გადასმა არ გაგვიკეთებია.შევსება და გამდიდრება მოხდა ამ დოკუმენტის, ყველაფერზე ხაზი არ გადაგვისვამს და არ გვითქვამს, რომ ძალიან ცუდია. სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი ახალი რაღაცაც შემოვიდა, რაღაცები გავაძლიერეთ კიდეც. ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ პრაქტიკულად განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც ერთი ცენტრიდან გადადის მრავალცენტრიან ქალაქზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პერიფერიის მაცხოვრებელს მივცეთ საშუალება იქ მიიღონ გარკვეული სერვისები, იქ დაკმაყოფილდეს მისი სურვილები და არ მოაჯდეს მანქანას და არ მოდიოდეს ქალაქის ცენტრში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ქალაქი განვითარდება თანაბრად.

გენგეგმის ამჟამინდელი გუნდიდან რამდენიმე ადამიანი ახსენეთ, რომელიც 2009 წელს მუშაობდა. გენგეგმის კოორდნატორმა, გოგი აბაშიძემაც მითხრა, რომ ახალი გენგეგმის კონცეფციის დიდი ნაწილი გადმოტანილია 2009 წლიდან. სწორედ 2009 წლის გენგეგმას მოჰყვა ეს ქაოტური მშენებლობები სპორტის სასახლის უკან, იპოდრომზე და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. თუ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?

მანდ ერთი რაღაცაც უნდა გავითვალისწინოთ, ყველა კურირებს თავის ნაწილს. ყველამ ვიცით, რომ მუშაობდა 70-ზე მეტი ადამიანი, ტრანსპორტის გადაწყვეტილებაზე რატო აიღებს პასუხისმგებლობას სხვა?! ეკონომიკური ნაწილი როგორიც იყო, დაუთვალეს, დაუდეს და ის უნდა გაითვალისწინოს დამგეგმარებელმა.

ცუდის თქმა არ მინდა არავისზე, მაგრამ აქ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი, იმ ძველ გენგეგმაში 800 ჰექტარამდე იყო გარე განვითარება, რომელიც ჩვენ დავიყვანეთ 150 ჰექტარამდე. ჩვენ მთელი ეს მასა გარე განვითარებისა მოვხსენით და პირიქით, უფრო გავაძლიერეთ, თორემ იქაც ეწერა რომ კომპაქტური უნდა ყოფილიყო. გარე განვითარების ელემენტები იქაც იყო. თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ ზომების შეცვლა მიდიოდა, ყოველ ხუთშაბათს იკრიბებოდნენ და ცვლიდნენ ზომებს. მეტსაც გეტყვით, იმ გენგეგმაში, რომელიც დაამტკიცა საკრებულომ 2009-ში, ერთ თვეში შეიკრიბნენ და 51 რეკრეაციულ ტერიტორიას შეუცვალეს ფუნქცია. ეს გააკეთა ზუსტად იმან, ვინც დაამტკიცა გენგეგმა. ამის ნახვა შეიძლება ინტერნეტში სხვათა შორის.

ვინ იყო 2009 წლის გენგეგმაში გამარჯვებული? ვინ მოიგო მაშინ ტენდერი? იცით ეს?

არ ვიცი მე... ეს მგონი უბრალოდ გამოაცხადეს, რომ იმან მოიგოო... ფურცელი შეიქმნა, რომ ამან მოიგო. ის კონკურსი სულ სხვანაირად ჩატარდა, საჯაროდ და გამჭვირვალედ ნამდვილად არა...

თქვენ რა სახით იყავით მაშინ ჩართულები?

მე ვიყავი ურბანული ეკოლოგიის განყოფილების უფროსი. პაპუნა ძიძიგური ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს.

თქვენს პარტნიორ მერაბ ბოლქვაძეზე გკითხავთ, დიდი სკანდალი იყო ატეხილი მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებითაც, სადაც სწორედ მერაბ ბოლქვაძეც მონაწილეობდა.

მერაბი კი მუშაობდა მაგაზე, მაგრამ გამოსულია მაგ საქმიდან. რაღაცა ორგანიზაცია ახსენეს, რომელიც არ ვიცი ვისი ორგანიზაცია იყო, შეიძლება ახალგაზრდები არიან. მანდ რაღაცეები მოხდა. არ ამტკიცებდა სხვათაშორის საკრებულო, საკრებულოს ინტერესი ჰქონდა, რომ იქ სახლები აეშენებინა... ნუ იქ მთელი პოლიტიკური ისინი იყო, აღარ გვინდა...

თბილისის გენგეგმა - ქალაქის განვითება თუ ბრძოლა პრესტიჟული ტერიტორიების გადანაწილებისთვის? (ეპიზოდი III)

თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებსა და რესპოდენტების მონათხრობებს გავაანალიზებთ, გამოდის, რომ 2008 წლიდან დაწყებული გენგეგმა არა ქალაქის განვითარებისთვის, არამედ ქალაქის გადანაწილებისთვის იქმნებოდა. ფაქტობრივ მასალებს თავი რომ გავანებოთ, ისმის რიტორიკული და საჭირბოროტო კითხვა: რა ეტყობა დედაქალაქს განვითარებულის?!

რაც შეეხება ფაქტობრივ მასალებს: როგორც კი თბილისის მერიამ თბილისის გენგეგმა თავის განკარგულებაში გადაიბარა, მაშინვე შეუდგა საქმეს და ერთ დღეში, ერთი განმარტებითი ბარათით, 51 რეკრეაციულ ზონას შეუცვალა ფუნქცია. ამ ერთი გადაწყვეტილებით, წყნეთში, კიკეთში, წავკისში, ტაბახმელაში, ლისზე და ასევე თბილისის არაერთ პრესტიჟულ უბანში რეკრეაციული ზონების ნაცვლად, დიდი მშენებლობები დაიწყო.

ამ "დიდი ანტირეკრეაციული" გადაწყვეტილების პროექტის ავტორი მერიის არქიტექტურის სამსახური იყო, რომელსაც იმ დროისთვის მიხეილ ავალიანი ხელმძღვანელობდა. პროექტის წარმდგენი კი თავად თბილისის მერი, გიგი უგულავა გახლდათ.ამაზე უფრო დეტალურად, ცალკე სტატიაში მოგახსენებთ.

როგორც მაშინ, თბილისის გენგეგმის საქმეებში ჩართული კომპეტენტური არქიტექტორები და ურბანისტები ჩვენთან საუბრისას ყვებიან, მერიის მიზანი, რომელმაც გენგეგმა გადაიბარა, სწორედ ეს იყო.

ამ გენგეგმის სამართალმემკვიდრე გახდა 2015 წელს "სითი ინსტიტუტი საქართველო", რომლის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ 2009 წლის გენგეგმა იყო კარგი და ბევრი რამ სწორედ იქედანაა გადმოტანილი ახალში.

გთავაზობთ ამონარიდს თბილისის გენგეგმის პროექტის კოორდინატორის, გოგი აბაშიძის ინტერვიუდან:
რა განსხვავებაა 2009 წლის გენგეგმასა და თქვენს მიერ შემუშავებულს შორის? ტრანსპორტის კონცეფციას ვგულისხმობ. თუ შეისწავლეთ საერთოდ ის დოკუმენტები და თუ ნახეთ რა ეწერა მაშინ?

მართალი რომ გითხრათ, ამაზე მე რომ პასუხი გაგცეთ, ძალიან ზედაპირული იქნება, მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მე კოორდინატორი ვარ პროექტის. დოკუმენტების შეასწავლა მოხდა დარგების სპეციალისტების მიერ და დასკვნებიც დაიწერა. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ბევრი რამე, რაც იმ კონცეფციაში იდო და არა მარტო იმ კონცეფციაში, ასევე სესტრას მიერ დამუშავებულ კონცეფციაში, გათვალისწინებულია. ხშირ შემთხევვაში, ასახულია ჩვენს დაგეგმარებაში.

2009 წლის კონცეფციაზე საუბრობთ, ხო?

2009 წლის მიდგომები დიდწილად გაზიარებულია, მაგალითად იმაზე ლაპარაკი, რომ საფეხმავლო და არამატორიზირებული ტრანსპორტის წინ წამოწევა აუცილებელია, იმ დოკუმენტშიც ფიქსირდებოდა. ეს არა მარტო ტრანსპორტს შეეხებოდა, სხვა დარგებშიც გავითვალისწინეთ. მაგალითად, პოლიცენტრული განვითარების და კომპაქტური განვითარების მოწოდება, 2009 წლის გენგეგმაშიც ფიქსირდება, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, საუბარია პოლიტიკურ მიზეზებზეც და ხელსაწყოების მიზეზებზეც, მათი განხორციელება ვერ მოხერხდა.

მოგეხსენებათ, გენგეგმა გარკვეულწილად ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს, ჩვენი კანონმდებლობით პირდაპირ აკრძალულია მისი ხელახალი დამუშავება, ამ პროეტსაც ჰქვია განახლება.

რატოა აკრძალული ხელახლა დამუშავება? რომელი კანონი კრძალავს იმას, რომ თუ დოკუმენტი უვარგისია, ის ხელახლა დამუშავდეს? თუ წინა დოკუმენტი არაეფექტური იყო, არ უნდა შეიცვალოს? თუ ეფექტური იყო, ახალი რაღა საჭიროა?

არა, მაინც განახლება უნდა მოხდეს, არ შეიძლება უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ ის არ ვარგოდა და ჩვენ თავიდან ვიწყებთ ქალაქის განახლებასო. ამდენად, ჩვენ ვალდებულებიც ვიყავით, გაგველო ის დოკუმენტი, პირდაპირ დავალებაშიც გვეწერა და შევისწავლეთ როგორც 2009 წლის, ასევე მანამდე დამუშავებული კონცეფციები. მოგეხსენებათ, 2003 წლის შეჯერებული კონცეფციაც არსებობს და არსებობს კულტურულ-ისტორიული განვითარების კონცეფციაც. მოხდა ყველა იმ რელევანტური მიდგომების შენარჩუნება, რომლებიც დღესდღეობით აქტუალურია ქალაქისთვის და შეივსო იმ ხელსაწყოებით, რომლებიც მათ უფრო ეფექტურს გახდის, მაგალითად დამუშავდა თემატური რუკა საფეხმავლო და საველოსიპედო მგზავრობებისათვის.

იდგა თუ არა დღის წესრიგში ტერიტორიების გადანაწილება 2015 წლის გენგეგმითაც?! ამ კითხვაზე პასუხი ახალმა მერიამ და კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გასცენ. ერთი რამ კი ფაქტია, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალი თემა ახალ გენგეგმაში ელიავას ბაზრობა და ამ ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გადაკეთება იყო. საუბარია კერძო საკუთრებაზე და დაახლოებით16 000 დასაქმებულ ადამიანზე.

თბილისის მერიაში ნაცვლად იმისა, რომ შექმნილიყო ქალაქის საცობებისგან გათავისუფლების, ან პარკინგის მოწყობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფები, შეიქმნა "ელიავას ბაზრობის განვითარების შემსწავლელი ჯგუფი", რომლის ხელმძღვანელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ნუგზარ წიკლაური გახლდათ. შეგახსენებთ, რომ საუბარია კერძო საკუთრებაზე, რომელმაც კონსტიტუციიათ აღიარებული უფლების თანახმად, რომელიც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას გულუსხმობს, მერიის სამსახურებისა და მათი ხელმძღვანელების გარეშე უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რა გზით სურთ განვითარება.

საგულისხმოა შემდეგ დეტალი: 2016 წლის 10 მაისს თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზე ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორისგან შედის წერილი, სადაც ეს უკანასკნელი დიდი მონდომებითა და ენთუზაიამით აცხადებს, რომ ის მზადაა შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულების შემთხვევაში, გადაიტანოს თავისი ქარხანა სხვა ადგილას, გამოთავისუფლებული ტერიტორიაზე კი 202 047 კვ.მ აპირებენ სხვადასხვა სახის სამშენებლო პროექტების განთავსებას, მათ შორის სავაჭრო ობიექტებისაც... წერილის ავტორი თბილისის მერს სთავაზობს ეს გარემოება გაითვალისწინონ ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში...

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო თვითმმართველობის" თავმჯდომარე, გოგი ლორთქიფანიძე "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ახლაც საქმე ეხება კერძო საკუთრებისა და ბიზნესის გადანაწილების სქემებს.

გოგი ლორთქიფანიძე: უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ პირველად გასაჯაროებული დოკუმენტი, რომელიც ატვირთული იყო არქიტექტურის სამსახურის საიტზე, შეგნებულად თუ შეუგნებლად არ იყო წარმოდგენილი სრული სახით და მას აკლდა მთელი რიგი მასალები, რომლებიც უკვე ფიგურირებს 13 ნოემბრის დოკუმენტში. აღნიშნული მასალები იმდენად დიდი მნიშვნელობის არის, რომ მათი თავის დროზე გაუსაჯაროება ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ არქიტექტურის სამსახურის მესვეურებმა, ვიღაცის მითითებით, ეს შეგნებულად გააკეთეს. საქმე ეხება კერძო საკუთრების და ბიზნესის გადანაწილების სქემებს, რომლებიც ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მმართველობის დროს იყო ჩაფიქრებული და თბილისში სხვადასხვა ჯგუფების ბიზნეს ინტერესების გატარებას ეხება.

ჩვენთვის საინტერესოა თუ რატომ დაუმალეს ეს დოკუმენტი საზოგადოებას და რატომ მიიღეს გადაწყვეტილება კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების ან თუნდაც ინფორმირებულობის გარეშე სავაჭრო ცენტრის გადატანის შესახებ და ისიც კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

გადამალულ დოკუმენტში მითითებულია დისლოკაციის ადგილი, სადაც გენგეგმის ავტორები თავაზობენ „ელიავას ბაზრობას“ გადასვლას. ეს არის დედაქალაქის ჩრდილოეთის არეალში მდებარე ელექტრო-ვაგონშემკეთებელი ქარხანის ტერიტორია .

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ვითომ ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილით, ოფიციალურად დაუფიქსირა, რომ დაინტერესებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში. ანუ მგგ-ს ავტორების განცხადებით ქარხნის მეპატრონე თანახმაა დაუთმოს ეს ტერიტორია მერიას. თუმცა მსგავსი არაფერი არ წერია იმ წერილში."
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ახალი გენგეგმის გეგმას "ელიავას ბაზრობაზე", როგორც ჩანს განხორციელება არ უწერია, რადგან, თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ მერიაში შესვლისთანავე განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება.

კახა კალაძე: ჩვენ არანაირად არ განვიხილავთ ამ საკითხს, როგორც ამ კონკრეტული სავაჭრო ცენტრის, ელიავას ბაზრობის გადატანა-არგადატანის საკითხს. ეს არ წარმოადგენს ჩვენი განხილვის საგანს. ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ დისლოკაციის პრობლემა უშუალოდ მესაკუთრეების და ქალაქის მმართველობის შეთანხმების საგანს უნდა წარმოადგენდეს, როგორც ეს მიღებულია ცივილიზირებულ სამყაროში."

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კახა კალაძემ თბილისის მერიაში შექმნილი ელიავას ბაზრობის შემსწავლელი ჯგუფიც გააუქმა.

როგორც გოგი ლორთქიფანიძე ამბობს: 4 მილიონ ლარად შექმნილ დოკუმენტში არ წერია თუნდაც ერთი, ყველაზ მცირე პროექტის დაფინანსება რა დაუჯდება ქალაქს და ეს პროექტი როდიდან დაიწყება.

"ისე ცნობისათვის, ამ გენგემით შემოთავაზებული მეტროს პროექტის განხორციელება (დიდუბე-აეროპორტის გარეშე) ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იყო დაგეგმილი და მისი საპროექტო ღირებულება 125 მილიონ საბჭოთა მანეთს შეადგენდა, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით კი, ეს თანხა სადღაც 2 მილიარდ დოლარამდეა.

ანუ რა გვრჩება? – სარკაზმად არ ჩამითვალოთ, მაგრამ არაფერი პატივცემულებო, უფრო სწორად, კეთილი სურვილები და მშვენიერი ოცნებები, ოღონდ ყოველგვარი ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე!“ – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე და დასძენს: „ჩემი თუ არ გჯერათ, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს ჰკითხეთ და ის გეტყვით!“ -

2018 წლის ბიუჯეტს, რომელიც ახალმა მერმა საკრებულოს უკან დაუბრუნა, ალბათ თავად კახა კალაძე ჰკითხავს... როგორ გადაწყდება თბილისის ახალი გენგეგმის ბედი, ამას სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევიტყობთ...

პირველი ნაწილის დასასრული... გაგრძელება იქნება...
FaceBook Twitter Google