ქსელები
გიორგი ბაჯელიძე - თბილისის გენგეგმაზე გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს
შესყიდვების მონიტორინგის და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ბაჯელიძის შეფასებით, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაჯელიძემ განუცხადა, ორგანიზაციამ საფუძვლიანად შეისწავლა „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები თბილისის განითარების გენერალური გეგმის შესახებ.

ბაჯელიძის აზრით, გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები: ხელშეკრულება გაფორმდა კონკურსის გამოცხადების გარეშე; კომპანია ახლადშექმნილია და მას არ გააჩნია გამოცდილება; კომპანიამ გამოიყენა უცხოელების კვალიფიკაცია და შეიყვანა შეცდომაში სატენდერო კომისია; კომპანია არაკვალიფიციურია; ხელშეკრულების შესრულების ვადები შეიცვალა; თანხები გადარიცხულია და გახარჯული, სამუშაო შესრულებული არ არის;

„ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმის შემუშავების მიზნით 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება 2 მილიონ 800 ათას ლარზე. ამ ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა მთავრობის განკარგულება, რომ ძალიან სასწრაფოა გენერალური გეგმის შემუშავება, არ აქვთ ტენდერის ჩატარების დრო და გამარტივებული შესყიდვით შევისყიდითო. თავდაპირველად, 2015 წლის 21 მაისს კონსურსი გამოცხადდა 50 000 ლარზე. ამ კონსკურსის მიხედვით მონაწილეობა უნდა მიეღოთ და წარმოედგინათ წინასაპროექტო ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გენგეგმა და არა თვითონ გენერალური გეგმა. წესების თანახმად, კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა კომპანიას, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, ასევე, ერთობლივ საწარმოებს. გაიმარჯვა „სითი ინსტიტუტ საქართველომ“, რომელიც დაფუძნდა თვენახევრის შემდეგ. ანუ კონკურსი რომ გამოცხადდა, ეს კომპანია არ არსებობდა, შესაბამისად, გამოცდილება ვერ ექნებოდა. დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონი და კონკურსის პირობები“, - განაცხადა ბაჯელიძემ.

მისივე თქმით, წინასაპროექტო ხედვების წარმოდგენის შემდეგ, უნდა გემოცხადებულიყო ტენდერი გენერალურ გეგმაზე, თუმცაეს ხელშეკრულება, ამჯერად 2 მილიონ 800 ათას ლარზე, გამარტივებული შესყიდვით კვლავ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება.

„კონკურსი არ ჩაატარეს იმ მიზნით, რომ ძალიან ეჩქარებოდათ. ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის მაისში უნდა ჩაებარებინათ გენერალური გეგმა, თუმცა ის დღეის მდგომარეობითაც არ არის მზად. მოხდა განხილვა, სადაც დაიწუნეს და შესაბამისად გადახდილი თანხები ფაქტობრივად წყალში გადაყრილია. რაც შეეხება კორუფციულ მომენტს, მე ვადასტურებ რომ არის, იმიტომ რომ შესყიდვების კანონების სრული დარღვევით განხორციელდა შესყიდვა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემა არის კორუმპირებული და კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის ზონა“, - განაცხადა ბაჯელიძემ.

წყარო: www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Google
თეგები: ბაჯელიძე