USD 2.9466
EUR 3.2690
RUB 4.6218
თბილისი

სიახლეები
ინტერვიუ "პარტიზან მებაღე" ნატა ფერაძესთან

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის გატანას კბილებით ცდილობს "სითი ინსტიტუტი საქართველო" და ამ კერძო კომპანიის მოტივი გასაგებია: გენგეგმის პროექტის არმიღების შემთხვევაში კომპანიის მესვეურთა იმიჯიც ილახება, მათი პროფესიონალიზმიც ეჭვქვეშ დგება და დარჩენილ 800 000 ლარსაც ვერ მიიღებენ ბიუჯეტიდან. თუმცა არც ისაა გამორიცხული, საქმე სამართლებრივ გარჩევამდეც მივიდეს, იმ მიზეზით, რომ იურისტების განმარტებით, ტენდერში კომპანიამ პროცედურული დარღვევებით გაიმარჯვა.

ფაქტი ერთია: გენგეგმის პროექტი მოწონთ მხოლოდ მის შემქმნელებსა და მათთან დახლოებულ პოლიტიკურ ფიგურებს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გენგეგმის პროექტის ჩაბარების პროცესი ფინალისკენ გაიწელა და ისე მოხდა, რომ თვით შემკვეთმა, დავით ნარმანიასდროინდელმა მერიამაც, კი არ ჩაიბარა დოკუმენტის მეექვსე ეტაპი, თუმცა წინა ხუთ ეტაპს უმტკივნეულოდ აუნთო "მწვანე შუქი". მეორე მხრივ, მერიის კულუარებში საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება იყო (რადგან მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმოადგენლების ნაწილი არ თანხმდებოდა გენგეგმის პროექტს ამ სახით და მისი მიღება დაუშვებლად მიაჩნდათ, ამ მიზეზით კადრები ისეთი სისწრაფით იცვლებოდნენ არქიტექტურის სამსახურში, თვალის მიდევნებაც კი ჭირდა). იმას გარდა, რომ გენგეგმის პროექტის ხუთივე ეტაპზე ადგილობრივი ურბანისტები, არქიტექტორები, ქალაქმგეგმარებლები და ეკონომისტებიც გამოთქვამდნენ ფუნდამენტურ შენიშვნებს, თუ რატომ არ შეიძლებოდა გენგეგმის პროექტის ამ ფორმით დამტკიცება.

მათ შეფასებებს ყურად არც მერიის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა (დავით ნარმანიას მერობის პერიოდში) იღებდა და არც "სითი ინსტიტუტი საქართველო". გარდამტეხი როლი გენგეგმის პროექტის ბედში მაინც საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებმა შეასრულა (გენგეგმის პროექტის, თავისი საპროექტო წინადადებიანად შეაფასეს ფრანგმა ექსპერტმა ერიკ ჰიუბრეხტმა და ბრიტანელმა ექსპერტმა ჯონ ბეროუზიმ). მას შემდეგ, რაც მათი საექსპერტო დასკვნა საჯარო გახდა (მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა), "სითი ინსტიტუტმა საქართველომ" ორივე საერთაშორისო ექსპერტს თითქმის არაკომპეტენტურობასა ადა აარკეთილსინდისიერებაში დასდო ბრალი, მაგრამ, სავარაუდოდ, საერთაშორისო საექსპერტო დასკვნებმა გადაწყვეტილებების მიმღებებიც, ანუ დედაქალაქის მერიაც შეაფიქრიანა.

რაკი გენგეგმის პროექტის მეექვსე ეტაპის ჩაბარებას წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა ან სხვა, ჩვენთვის უცნობი მიზეზით, დავით ნარმანიამ ისე დატოვა პოსტი, რომ გენგეგმის პროექტის მეექვსე ეტაპი არ ჩაუბარებია. კახა კალაძემ კი ოპტიმალურ გამოსავალს მიაგნო: მან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით შექმნა კომისია, რომელსაც გენგეგმის პროექტის მონიტორინგი დაავალა. გადაწყვეტილება ოპტიმალურია, ვინაიდან თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეს არის თბილისის კონსტიტუცია და ის აუცილებლად უნდა იყოს არა მხოლოდ კომპეტენტური, არამედ თანხმობის დოკუმენტიც.


"პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას გენგეგმის პროექტისა და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების შესახებ.

– "სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენლები, მართალია, ამბობენ, რომ თბილისი გენგეგმის გარეშე რჩება, თუ ჩვენს პროექტს არ მიიღებთო, მაგრამ გენგეგმის გარეშე ნამდვილად არ ვართ, ვინაიდან "სითი ინსტიტუტმა საქართველომ" გენგეგმის განახლების ტენდერი მოიგო, ანუ ძველი გენგეგმა ისევ მოქმედია. თქვენ როგორ აფასებთ დედაქალაქში არსებულ ვითარებას და გენგეგმის პროექტის იმ ვარიანტს, რომელიც შემოგვთავაზა "სითი ინსტიტუტმა საქართველომ"?

– გენგეგმის განახლებაზე კონკურსი გამოაცხადა დავით ნარმანიამ, ვადევნებდით თვალს ამ პროცესს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ყველა ადგილობრივმა სპეციალისტმა, მაგრამ საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ფირმამ გაიმარჯვა; ვერ გაიმარჯვა ვერც ერთმა სხვა მონაწილემ, რომლებსაც შედარებით საღი და კარგი ხედვა ჰქონდათ. შედეგად კი მივიღეთ სრულიად უვარგისი გენგეგმის პროექტი. არ მივცემდი საკუთარ თავს ასეთი ხისტი შეფასების უფლებას, რომ არ მენახა ფრანგული კომპანიის შეფასებები, რომელშიც დეტალურადაა განხილული, თუ რა უხეში შეცდომებია გენგეგმის პროექტში და მისი იმ სახით მიღება, როგორითაც "სითი ინსტიტუტი" გვთავაზობდა, იქნებოდა კიდევ უფრო დამღუპველი ქალაქისთვის, ვიდრე ძველი გენგეგმის დატოვება. მივესალმები, რაც გააკეთა კახა კალაძემ, როდესაც შეაჩერა მეექვსე ეტაპის ჩაბარება, მიუთითა შენიშვნები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ გენგემის პროექტის ავტორებმა, რათა ხარვეზები გასწორდეს და ჩემთვის ძალიან კომპეტენტური რამდენიმე ქალაქმგეგმარებელი დაამატა სამუშაო ჯგუფს, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ გენგეგმის პროექტის გასწორებაზე. ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებთ, რა გამოვა საბოლოოდ, სანამ სამუშაო პროცესია, თუმცა ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, ჩემი გადასახედიდან, მუშაობის პროცესი მიდის სწორად და კარგად და ვნახოთ, რა შენიშვნები შევა პროექტში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გენგეგმის…

– სანამ პრობლემებზე ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესო დეტალია, რომ გენგეგმის ხუთივე ეტაპი მერიამ უპრობლემოდ ჩაიბარა, ერთი-ორჯერ ვადის დარღვევის გამო დააჯარიმა კომპანია, მაგრამ კონცეპტუალური შენიშვნები არ ჰქონიათ. ამის მიუხედავადაც, დავით ნარმანიამ მონიტორინგის პროცესში ჩართო საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მკვეთრად უარყოფითა შეაფასეს დოკუმენტი. ამას რით ხსნით? ნარმანიამ თავი დაიზღვია?

– ნარმანიას საერთაშორისო ექსპერტებისთვის არ მიუმართავს კეთილი ნების გამო. ეს იყო აუცილებელი პირობა, რომ მეექვსე ეტაპამდე დადებულიყო საერთაშორისო საექსპერტო შეფასებები. ეს არ იყო ნარმანიას საღი გონებით ნაკარნახები ქმედება. ნარმანიას განხილვისგან თავს შევიკავებ, ის იყო მერის პარდია, მაგრამ საერთაშორისო შეფასების გარეშე უბრალოდ ვერც ერთი გენგეგმის პროექტი ვერ ჩაბარდება.

რაც შეეხება მთავარ პრობლემას: ეს იყო ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანა, რაც, კიდევ კარგი, შეჩერდა. უცხოელი ექსპერტების დასკვნების შედეგად ამაზე უარი ითქვა და ეს იდეა გააკრიტიკეს ქართველმა სპეციალისტებმაც. როგორც ვატყობ, ქალაქიდან გავა მხოლოდ სატვირთო კომპონენტი, რაც მისასალმებელია და სამგზავრო ხაზი დარჩება ქალაქიის ცენტრში. ეს აუცილებელია ქალაქის განვითარებისთვის და საერთაშორისო ექსპერტებსაც არუგმენტად მოჰყავთ ის, რომ ევროპის ყველა განვითარებულ ქალაქში რკინიგზის ლიანდაგი არის ქალაქების ცენტრში, რადგან ის უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი მგზავრებისთვის და ასე შემდეგ.

– მაგრამ სატვირთო კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს რკინიგზის თავსიებურების გათვალისწინებით, ქალაქიდან სატვირთო კომპონენტის გატანა საბედისწეროდ იმოქმედებს რკინიგზის საერთეშორისო ფუნქციაზე. კერძოდ, აძვირებს გადაზიდვის ტარიფს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს საქართველოს სახელმწიფოს როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების კუთხით და ეს ფაქტორი არათუ განხილული არ არის გენგეგმის პროექტში, არამედ არც კი ახსენებენ.

– ამ თემაზე ამომწურავად ვერ გიპასუხებთ, პროფესიით მხატვარი-რესტავრატორი ვარ და მომიწია ხეებში გარკვევა, ახლა ქალაქგეგმარებაში გავერკვიე ზედაპირულად, თუმცა ირაკლი ჟვანია, თამარ ამაშუკელი არიან ძალიან ავტორიტეტული და კომპტენტური ქალაქმგეგმარებლები, ირაკლი ჟვანია მუშაობდა ნიუ იორკში, მანჰეტენის ქალაქგეგმარების ინსტიტუტში, თამარ ამაშუკელი – ისტორიული ქალაქის დაცვის ნაწილში და რადგან ისინი არიან ამ სამუშაო ჯგუფში, მიმაჩნია, რომ მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს საკითხი კარგად იყის განხილული და თუკი რაღაც პრობლემა იქმნება, საზოგადოებას მიაწვდიან ამ პრობლტმაზე ინფორმაციას, რომ ავხმაურდეთ და მოვითხოვოთ, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფოს ინტერესი.

– "მწვანე ქალაქის კონცეფცია" არის გენგეგმის პროექტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. მაგრამ მათი მოსაზრებები არ ეფუძნება არანაირ კველვებსა და გათვლებს. თქვენ რა ხარვეზებს ხედავთ სარეკრეაციო ზონების მხრივ პროექტში?

– ვაპირებ, გამოვითხოვო გენგეგმის პროექტის ეს ნაწილი, თუმცა ამ ეტაპზე ჩართული ვარ მერიის გამწვანების სამსახურთან მუშაობის პროცესში, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიდის. თუმცა გენგეგმა არის ქალაქის კონსტიტუცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რა ეწერება მასში. მე არავის მივუწვევივარ ამ საკითხის განხილვაზე. პროექტის უფრო არქიტექტურულ ნაწილში გამარკვიეს არქიტექტორებმა და და ქალაქმგეგმარებლებმა.

– მაგრამ თქვენ იცით, თუ რა პრობლემებია გამწვანების მხრვი ამ ქალაქში.


– დიახ, ეს საკითხი ვიცი. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ აი, მოსახლეობის ერთ სულზე უნდა იყოს 15 კვადრატული მეტრი მწვანე ნარგავები, მაგრამ ამ დროს ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რეალურად რამდენი კვადრატული მეტრი მწვანე ნარგავია თბილისში მოსახლეობის ერთ სულზე, იმიტომ რომ არც ტაქსაციაა გაკეთებული და არც ათვლა. ევროპაში გვინახავს, რომ თითოეულ ხეს აქვს მიკრული ნომერი, ჩვენ კი არ ვიცით, რამდენი კვადრატული მეტრი უჭირავს სარეკრეაციო ზონას, რამდენი კვადრატული მეტრი იმ ნარგაობებს, რომლებსაც არ აქვს სარეკრეაციო დანიშნულება. საერთოდაც, არ ვიცით, რომელი მცენარეებია თბილისში. უპირველესად, კვალიფიციური ტაქსაციაა ჩასატარებელი და ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სარეკრეაციო ზონების გაზრდასა და ხარისხზე, დიზაინზე. ანუ ჩათვალეთ, რომ საერთოდ არ არსებობს ეს სფერო და ნულიდანაა დასაწყები მისი შექმნა. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გენგეგმის მიდგომა ამ საკითხისადმი.

– საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლოსკენ ჩატარდა თბილისსა და მთლიანად საქართველოში მწვანე ნარგაობების ინვენტარიზაცია; არსებობს კი თბილისში იმის საშუალება, რომ ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ ადგილებში გაშენდეს სარეკრეაციო ზონები, ანუ იქ, სადაც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის გამო მეტისმეტად მაღალი დაბინძურებაა?

– ასეთი ადგილები უფრო და უფრო ძნელი საპოვნელია, თუმცა არსებულიდან გამომინარე უნდა ვიზრუნოთ იმის შენაჩრუნებასა და გამრავლებაზე, რის საშუალებაც გვაქვს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ქალაქის ცენტრში შესაძალებელი იყოს, მივაღწიოთ იმ სტანდარტს, რომელიც მოეთხოვება ევროპულ ქალაქს, იმიტომ რომ ხის დასარგავი სკვერი კი არა, ხის დასარგავი ადგილის პოვნაა უკვე რთული, ყველაგან, სადაც მცირე ფართი იყო, მშენებლობა გააჩაღეს.

– გენგეგმის პროექტში არც კია განხილული სარწყავი სისტემების მოწყობა. შესაძლებელია რეკრეაცია სარწყავი სისტემის გარეშე?


– სარწყავი სისტემა არის ჩვენი გამწვანების პრობლემის ერთ-ერთი მტკივნეული მხარე. დავიწყოთ იმით, რომ არ გვაქვს ტექნიკური წყალი და რაც ირწყვება და სულ რამდენიმე ადგილი ირწყვება ქალაქში: ცენტრალური პარკები და რამდენიმე ცენტრალური უბანი, ირწყვება სასმელი წყლით. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ტექნიკური სარწყავი წყლის თანამედროვე სისტემები, რომ წყალი ეკონომიურად მოვიხმაროთ. იმას გარდა, რომ წყალი ძვირფასი რესურსია, რომელსაც ვფლანგავთ, არსებული სარწყავი სისტემა, სადაც შემორჩენილია, გაუმართავია: გვინახავს, როდესაც ირწყვება არა ნარგავები, არამედ სკამები და ზიანდება, ნარგავები კი ხმება. ანუ გამწვანების მხრივ, არც ერთ სფეროში არ არის მოწესრიგებული საქმე და ამიტომაც ვამბობ, რომ ნულიდან უნდა დავიწყოთ, როგორც სტეპში, გამწვანება. არც ერთი პუნქტი არ არის მოგვარებული თბილისში: არც გამწვანების ადგილები და არც სარწყავი სისტემები. ევროპის ქალაქების ერთ-ერთი სტანდარტია, რომ ყოველ ათ წუთში ფეხით მოსიარულეს უნდა ხვდებოდეს მწვანე სივრცე ჩამოსაჯდომად. გაიარეთ თბილისში და ნახეთ, არის თუ არა მსგავსი სივრცეები?! ეს არ არის სწორი გეგმარება და უბრალოდ ჯენტრიფიკაციაა, ანუ ქალაქიდან მოსახლეობის განდევნა. გენგეგმის ჯგუფს ჯენტრიფიკაცია, რომელსაც ყველა გაურბის თანამედროვე მსოფლიოში, ხაზგასმით ჰქონდა მითითებული მეთოდოლოგიაში, რაც გააკრიტიკა ყველა საერთაშორისო ექსპერტმა, რადგან ჯენტრიფიკაცია არის დაუშვებელი თანამედროვე ქალაქგეგმარებით და ეს უნდა აღმოიფხვრას. ველოდებით, როგორ აღმოფხვრის ამ მძიმე ხარვეზებს გენგეგმის ჯგუფი, რადგან გენგეგმა არის ის დოკუმენტი, რომელიც აისახება ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეეხება თითოეული ჩვენგანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

– "სითი ინსტიტუტი საქართველო" კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მათი გენგეგმის პროექტი არის საუკეთესო და ქალაქს დაღუპავს მისი არმიღება. არის იმის ალბათობა, რომ გაიტანონ თავიანთი პროექტი?

– გენგეგმის ჯგუფი, ცხადია, ამას იტყვის, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი და გენგეგმის ჯგუფის სინდისზე, მას შემდეგ. რაც ამხელა საქმეს მოეჭიდნენ კვალიფიკაციის გარეშე, ილუზია არ უნდა გვქონდეს. ამდენი უარყოფითი დასკვნის შემდეგ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჭიჭყინით მოახერხონ გენგეგმის თავიანთი პროექტის გატანა, რომელიც ქალაქს დაღუპავს. ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ და არ მივცეთ ასეთი დამღუპველი პროექტის გატანის საშუალება.


წყარო: www.newposts.ge
FaceBook Twitter Google