მაია ბითაძე – დიდი დიღმისკენ მიწისზედა მეტროს გაყვანა აუცილებელია
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიას უახლოეს მომავალში ექნება ახალი სამარშრუტო სქემა.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, დოკუმენტი თბილისს ახალ ე.წ ბასლაინებს შესთავაზებს, რაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით განსაზღვრული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ნაწილი იქნება.
კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა დედაქალაქის მთავრობა გრძელვადიან პერიოდში ტრამვაის აღდგენას, მერის მოადგილე პასუხად აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ძვირი პროექტია.
„ჩვენ სამარშრუტო სქემის ახალ მოდელზე ვმუშაობთ, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და რომელიც შემოგვთავაზებს, ერთის მხრივ, ათ ძირითად ხაზს, სადაც ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილების კორიდორები, ე.წ ბასლაინები გვექნება და ასევე, ალბათ 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები გვეყოლება, რომლებიც ამ ხაზებზე ივლიან და პრაქტიკულად, ტრამვაის ჩაანაცვლებენ. ძალიან კარგი იყო, რომ ტრამვაი არ მოგვესპო, მაგრამ ძალიან ბევრი მეთოდები არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო ტევადი და ეს არ არის მხოლოდ ტრამვაი. რა თქმა უნდა, ტრამვაი ძალიან ძვირადღირებულია და დაახლოებით, 30-ზე მეტი ხაზი იყო, რომელიც თბილისში გაუქმდა. ამის აღდგენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან ხაზებზე, კვეთებზე წარმოქმნილია კერძო საკუთრებები და აშენებულია შენობები, ისევე როგორც საბაგიროებთან მიმართებით“, – განმარტა მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, ტრამვაის ნაცვლად სხვა პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი, რისი მაგალითიც თბილისში სამგორიდან ლილოს დასახლებამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობის სახით იქნება.
„არსებობს სხვა მოსაზრებები. შეიძლება იყოს მიწისზედა მეტრო. როგორც ვიცით, ძალიან დიდი კავშირის დამყარება ხდება თბილისის ერთ-ერთ გარეუბანთან და ასეთი პროექტები, ვფიქრობ, გაგრძელდება და აუცილებელია მაგალითად, დიდი დიღმის მიმართულებით ასეთი მასშტაბური პროექტის მომავალში განხორციელება. მთავარია, სწორი გეგმა იყოს“, – აღნიშნა მან.
წყარო:bm.ge
FaceBook Twitter Google