USD 2.6753
EUR 2.8473
RUB 2.8348
თბილისი
ლევან ბოძაშვილი: არჩევნები ბლოკჩეინის მეშვეობით – პოზიტიური და ნეგატიური მხარეები
თარიღი:  933

ლევან ბოძაშვილი ტექნოლოგიური სამართლის იურისტი, ნიუ-იორკის ფორდჰემის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი

 

აბსტრაქტი

 დემოკრატიული სახელმწიფო ხალხის მიერ დელეგირებულ ძალაუფლებას ემყარება. მხოლოდ ხალხია ძალაუფლებისა და ხელისუფლების წყარო სახელმწიფოში, ხალხია ძალაუფლების მიმნიჭებელიც და წამრთმევიც, ხალხია მინიჭებული ძალაუფლების პროპორციული გამოყენების შემფასებელიც და მდგენელიც. ეს არის პირველადი, მთავარი პრინციპი იმისათვის, რათა სახელმწიფომ იფუნქციოს დემოკრატიულად. ამ პრინციპის განსახორციელებლად ჯერჯერობით კაცობრიობას არჩევნებზე უკეთესი გზა არ მოუგონია. არჩევნებია პირველადი და უმნიშვნელოვანესი ფორმა ზემოაღნიშნული მიზნისა და პროცესის მისაღწევად, არჩევნებია ფორმა და, ამავე დროს, შინაარსიც დემოკრატიისა, არჩევნებია ამ ორი მთავარი პრინციპის − სუბსიდიარობისა და პროპორციულობის − უზრუნველმყოფელი. არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის გარეშე სხვა ყველაფერი − ხელისუფლების დანაწილება, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და სამართლისა და კანონის უზენაესობა − ეჭვის ქვეშ დგება. სამი დონის ინტერნეტის განვითარებამ, სოცმედიის ხელში თავმოყრილმა გადაჭარბებულმა ძალაუფლებამ, ადამიანთა მასობრივად დამოკიდებულებამ ვირტუალურ სივრცეზე და მედიის მიერ ამ ყველაფრის უკონტროლოდ გამოყენებამ წარმოშვა არჩევნების დემოკრატიული ნამდვილობის რეალური პრობლემა. გარდა სისტემური და პროცედურული ნაკლოვანებებისა, არჩევნების დემოკრატიულობის პრობლემას დაემატა მანიპულაციური პრობლემების მასობრივიზაცია. დღეს გაცილებით მარტივია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა, ვიდრე ოდესმე.

დღეს პრობლემა არა მხოლოდ ისაა, თუ რამდენად პროპორციულად გამოიხატება ხალხის აზრი ძალაუფლების დელეგირებისას, არამედ ისიც, თუ რამდენად მცდარია ეს აზრი, რამდენად ხდება მისი მთავარი დანიშნულების გადამისამართება მიზნიდან პრაქტიკაზე, რამდენად ნამდვილია და ემყარება თუ არა ის ნამდვილობას. რა არის არჩევნების დემოკრატიული ნამდვილობა? ის, რაც მიზანია, თუ ის, რაც მუშაობს? ის, რაც მხოლოდ არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილე ნაწილმა გამოხატა? ბლოკჩეინზე დამყარებული არჩევნები ელექტრონული არჩევნების ერთ-ერთი ფორმაა. მას აქვს თავისი უაღრესად დადებითი და, ამავე დროს, ნაკლოვანი მხარეები. როგორ შეუძლია, და შეუძლია თუ არა ახალ ტექნოლოგიებს, კონკრეტულად ბლოკჩეინს, უზრუნველყოს არჩევნების ნამდვილობა სწორედ მიზანთან მიმართებით? არის თუ არა არსებული გამოწვევები უფრო ფასეული დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ვიდრე ის ნაკლოვანებები, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს? წინამდებარე სტატიის მიზანი ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა

პრობლემის არსი

არჩევნების ნამდვილობა რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის ყველაზე არსებითია: ა) იყო თუ არა ნება გამოხატული თავისუფლად, ბ) იყო თუ არა გამოხატული ნება სრული სიზუსტით ასახული შედეგებში, გ)მანიპულირებადია თუ არა შედეგები და გამოხატვის პროცესი, დ) უზრუნველყოფილია თუ არა აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება ყველა ამომრჩევლისათვის. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არჩევნებში მონაწილეობს ამომრჩეველთა მხოლოდ ნაწილი, უფრო სწორად, არჩევნებში თითქმის არასდროს მონაწილეობს ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა, და არასდროს მონაწილეობს ყველა ამომრჩეველი. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის: ზოგადი საარჩევნო აპათია, საარჩევნო უბნის შორს არსებობა, დროის უქონლობა, პარტიათა და პოლიტიკის მიმართ ინტერესის არქონა კონკრეტულ არჩევნებში. საერთო ჯამში, არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ დაინტერესებული ამომრჩეველი.

იმის მიუხედავად, რომ ბევრმა ქვეყანამ შემოიღო არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა, დააწესა არშესრულებისთვის სხვადასხვა ჯარიმა, პრაქტიკულად, მათი აღსრულება არ ხდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მონაწილეობა სავალდებულოა, არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი არსებითად არ იცვლება. ეს კი ნიშნავს, რომ სრულად დემოკრატიული და ნამდვილი არჩევნების შემთხვევაშიც კი გამოხატული ნება, მის საფუძველზე დელეგირებული ძალაუფლება და ფორმირებული ხელისუფლება სრულად არ ასახავს მთლიანი ამომრჩევლის ნებას, ხოლო სახალხო, საერთო ლეგიტიმაცია არასრულია. რა თქმა უნდა, ფორმალური, იურიდიული თვალსაზრისით, კანონმდებლობა ამ პრობლემას არ ცნობს და არჩევნებში მონაწილეთა სულ მცირე რაოდენობაც კი საკმარისად მიიჩნევა ნების გამოხატულად ჩასათვლელად. თუმცა რეალური პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და კანონმდებლობა მხოლოდ კოსმეტიკურ გადაწყვეტას გვთავაზობს. შედეგად, საკმარისია, რომ მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა უზრუნველყონ თავიანთი უშუალო მხარდამჭერების მიყვანა არჩევნებზე და მოახდინონ ე.წ. აპათიური, ნეიტრალური ამომრჩევლის ხმების მიზიდვა, რათა არჩევნებმა გამარჯვებული გამოავლინოს. აქაც სიტყვა გამარჯვებული პირობითია, განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკებში, რაც არა აუცილებლად სრული უმრავლესობის მოპოვებას, არამედ კოალიციაში გარანტირებული მონაწილეობისათვის საკმარისი ხმების როდენობასაც შეიძლება ნიშნავდეს.

მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა ხმის მიცემის დაცულობის უზრუნველყოფაა. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ე.წ. ჰიბრიდული დემოკრატიის მქონე საზოგადოებებში. ამ ჰიბრიდულობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი სწორედ არასრულფასოვანი არჩევნებია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა არსებითად არ არის შეზღუდული, ფორმალურად არჩევნები ტარდება დემოკრატიულად, თუმცა ხმის მიცემის პროცესი და შედეგების სამართლიანი დათვლა და გამოთვლა მანიპულირების საშუალებებს ტოვებს.

მართალია, კანონმდებლობით ასეთი ჩარევა დასჯადია, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დასჯის პრაქტიკა რეალურად ნულია, ხოლო ნდობა არჩევნების მიმართ წლიდან წლამდე არ იზრდება სწორედ იმის გამო, რომ ადამიანური ფაქტორის მონაწილეობა, პოლიტიკური კორუფციის არსებობა, ადმინისტრაციულ რესურსებზე (მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციებზე გავლენა) ხელმისაწვდომობა და სხვა კორუფციული ინტერესები პოტენციურად რჩება როგორც მანიპულირების მოტივი და შესაძლებლობა.

 ეს კი ნიშნავს, რომ, არსებითად, მიუხედავად შედეგების დადგომისა, დამდგარი შედეგები არასდროს არის ზუსტი და ყოველთვის რჩება გაყალბების გარკვეული პროცენტი, რომლის სიდიდეზეა დამოკიდებული არჩევნების აღიარება-არაღიარების საკითხი. შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყნის გარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმის მიცემის უზრუნველყოფა. საკმაოდ დიდი ემიგრაციის მქონე ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამდენიმე ფაქტორს: 1. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ამომრჩეველი უფლებამოსილია, მიიღოს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ხმის მიცემის თავისუფალი საშუალება, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის დაკავშირებული ამომრჩევლისათვის განსაკუთრებულ და მაღალ ხარჯებთან და 2. ასეთი ტიპის ამომრჩეველი, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში მყოფი, მნიშვნელოვანი სამოქალაქო ცნობიერების მატარებელია და მის არჩევანზე გავლენის მოხდენა გაცილებით რთულია, ვიდრე ქვეყნის შიგნით მყოფ ამომრჩეველზე. შესაბამისად, პრაქტიკულად ყოველი არჩევნების ანალიზი გვაჩვენებს, რომ ემიგრირებულ ამომრჩეველთა ხვედრითი

წილი არჩევნებში, სწორედ მონაწილეობის შეზღუდული საშუალებების გამო, არსებითად დაბალია და არ ასახავს ლეგიტიმაციისთვის აუცილებელ ადეკვატურ სურათს.

რა არის ბლოკჩეინ

ბლოკჩეინი – ეს არის მონაცემთა განაწილებული ბაზა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერში არსებობს. ეს ბაზა მუდმივად იზრდება მასში ახალი ჩანაწერების ან „ბლოკების“ დამატების შედეგად. თითოეული ბლოკი შეიცავს დროის ნიშნულს და ბმულს წინა ბლოკზე, ამიტომ ისინი, ფაქტობრივად, ქმნიან ჯაჭვს (block chain – ბლოკების ჯაჭვი). მონაცემთა ბაზა არ იმართება ვინმე კონკრეტულის მიერ, ამის ნაცვლად ქსელის თითოეულ მომხმარებელს აქვს მონაცემთა მთელი ბაზის ასლი. ძველი ბლოკები სამუდამოდ ინახება, ახალი ბლოკები კი ემატება რეესტრში, რაც შეუძლებელს ხდის მანიპულირებას დოკუმენტების, ტრანსაქციებისა და სხვა ინფორმაციის გაყალბების მეშვეობით. ერთი ჩანაწერის ფალსიფიკაცია გამოიწვევს მთლიანი ჯაჭვის ფალსიფიკაციას. ნებისმიერს აქვს წვდომა ბლოკჩეინის სრულ ინფორმაციაზე, თუმცა მხოლოდ სპეციალური პრივატული გასაღების მფლობელს შეუძლია, დაამატოს ახალი ჩანაწერი კონკრეტულ ჯაჭვზე. სანამ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვინც გასაღებს ფლობს, ვერავინ შეძლებს თქვენი ტრანსაქციებით მანიპულირებას. გარდა ამისა, კრიპტოგრაფია გამოიყენება იმისთვის, რომ გარანტირებულ იქნეს ბლოკჩეინის ასლის სინქრონიზაცია ქსელში არსებულ ყველა კომპიუტერზე ან ნოუდზე. ბლოკჩეინი არ საჭიროებს ტრანსაქციების საფასურს – საჭიროა მხოლოდ დანახარჯები ინფრასტრუქტურაზე. ბლოკჩეინი დეცენტრალიზებულია, გამჭვირვალე და უსაფრთხოა. ამ თვისებების წყალობით ახალ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, შეცვალოს ფინანსური სისტემა.

დეცენტრალიზაცია

ბლოკჩეინი ძირს უთხრის მომსახურების გაწევის ცენტრალიზებული სისტემის საფუძველს. ტექნოლოგია ტრანსაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა შუამავლების (მაგალითად, ბანკების) გარეშე. ბლოკჩეინის მეშვეობით ნებისმიერი კონტრაქტი გარდაიქმნება პროგრამად, რომელიც შესრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარე შეასრულებს მოლაპარაკების პირობებს. ამ მექანიზმს ეწოდება „სმარტკონტრაქტები“ და მათი გამოყენების სივრცე პრაქტიკულად უსაზღვროა. ამავე პროგრამას შეუძლია, გამოიკვლიოს ინფორმაცია მონაცემთა გარე წყაროებიდან (მაგალითად: აქციების ფასი, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა დანარჩენი, რისი გაანალიზებაც კომპიუტერს შეუძლია) და შექმნას კონტრაქტები, რომლებიც ავტომატურად შესრულდება განსაზღვრული პირობების შესრულებისას. სმარტკონტრაქტების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სიტუაციაში: ფინანსური დერივატივებიდან დაწყებული, სადაზღვევო შენატანით, უძრავი ქონების არენდით, იურიდიული პროცესებითა და ქრაუდფანდინგით დამთავრებული.

გამჭვირვალობა

 ბლოკჩეინი ფარავს კომპანიის ან პირის ვინაობას და აჩვენებს მხოლოდ საჯარო მისამართს. საჯარო მისამართი წვდომას იძლევა საფულეში განხორციელებული ტრანსაქციების შესახებ ინფორმაციაზე და არა მისი მფლობელის პირად ინფორმაციაზე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იხილოს ყველა ტრანსაქცია, რომლებიც კონკრეტული მისამართიდან შესრულდა. ამგვარი გამჭვირვალობა განაპირობებს ანგარიშვალდებულების მაღალ დონეს.

უსაფრთხოება

 ბლოკჩეინის უსაფრთხოება – უპირველეს ყოვლისა, ეს არის მონაცემების შეცვლის შეუძლებლობა ჯაჭვში მათი თავდაპირველი შეყვანის შემდეგ. ამ თვისებას უზრუნველყოფს ჰეშმაჩვენებელი. მონაცემთა გადაცემისას ჰეშმაჩვენებელი შეიცავს არა მხოლოდ წინა ბლოკის მისამართს, არამედ წინა ბლოკში არსებული მონაცემების ჰეშს. ამიტომ ერთი ბლოკის ჩანაწერების მინიმალური ცვლილებაც კი ააქტიურებს ყველა ბლოკის ჰეშის ცვლილების „ჯაჭვურ რეაქციას“. ეს პარამეტრი ბლოკჩეინზე ჩაწერილ მონაცემებს აქცევს უცვლელად და უსაფრთხოდ

პოზიტიური მხარეები

პრაქტიკულად შევხედოთ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტას. მთავარი, რასაც ბლოკჩეინი, როგორც ტექნოლოგიური გადაწყვეტა, გვთავაზობს, არის მასში არსებულ მონაცემთა შეუცვლელობა. შეუძლებელია მათი წაშლა ან გარეშე ჩარევის შედეგად მოდიფიცირება, შეცვლა ან გადაკეთება. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგების გაყალბებისგან დასაცავად. მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, არის ანონიმურობა. თუ ამომრჩეველმა იცის, ან ეჭვი აქვს, რომ მის მიერ გაკეთებული არჩევანი ამა თუ იმ ფორმით ცნობილი გახდება ნებისმიერ ეტაპზე, ოდესღაც, მაშინ არჩევნების ნამდვილობა ყოველთვის დადგება ეჭვქვეშ და ნეიტრალური ამომრჩეველი თითქმის არასდროს მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

 ბლოკჩეინის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი არის სწორედ ანონიმურობაზე დამყარებული გადაწყვეტა, სადაც სანდოობის დადგენა არ არის აუცილებელი და პროცესი ემყარება ისეთ ავტომატიზაციას, რომელიც არ საჭიროებს სანდოობის დადგენას სინამდვილის დასადგენად. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ბლოკჩეინის დაცულობაა. პრაქტიკულად შეუძლებელია მასში ჰაკერული ჩარევის გზით მონაცემთა მანიპულირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია კონკრეტულად სპეციფიკურად შექმნილ პროტოკოლზე, რომელსაც თუ არ აქვს ის მექანიზმები, რაც დამახასიათებელია ბლოკჩეინისთვის და ემყარება მხოლოდ ე.წ. კერძო ბლოკჩეინს, რომელშიც ადმინისტრატორი ახდენს წესების დადგენას, ნებართვების გაცემას და ა.შ., მაშინ ასეთი სისტემა ვერ იქნება სრულფასოვნად დაცული.

ამის მაგალითებია აშშ-ის კომპანია Voatz-ის 2018 წლის ბლოკჩეინ-საარჩევნო აპლიკაცია, რომელმაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და 2019 წლის მოსკოვის მუნიციპალური საბჭოს არჩევნები, სადაც გარე ჩარევა 2-ჯერ დაფიქსირდა.2 მეოთხე საკითხი, რომელიც ასეთი სახის არჩევნების დადებით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ, არის მისი სიიაფე. მაგალითისთვის, საქართველოში თითოეულ არჩევნებზე იხარჯება 35−45 მილიონი ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ, კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში არჩევნები თითქმის ყოველ მომდევნო წელს უწევს, გამოდის, რომ ბიუჯეტს საკმაოდ დიდი ხარჯი აწევს, მაშინ, როდესაც ბლოკჩეინ-არჩევნები შეუდარებლად იაფი ჯდება და ის არ საჭიროებს ყოველწლიურად ან ყოველ არჩევნებზე დამატებით თანხებს, ან იმავე რაოდენობის თანხებს, როგორც პირველ წელს. საბოლოოდ, ელექტრონული, მათ შორის, ბლოკჩეინის გამოყენებით, ხმის მიცემის სისტემა საშუალებას იძლევა, არჩევანის აქტიური უფლება განხორციელდეს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია ხელმისაწვდომი. ეს საშუალებას იძლევა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკულად ყველა ამომრჩეველმა, მაქსიმალურად შემცირებული გარეძალდატანების, ვიზუალური და ფიზიკური ზემოქმედების არსებითად შემცირებული რისკის გარეშე.

ნეგატიური მხარეებ

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევა ასახელებს რამდენიმე ნეგატიურ ასპექტს, რომლებიც პოტენციურად დამახასიათებელია ბლოკჩეინით განხორციელებული არჩევნებისთვის. პირველი − ეს არის 100%-ით უზრუნველყოფილი დაუცველობა. ეს შეფასება ზემოაღნიშნულ ორ მაგალითს ემყარება და კონკრეტული კერძო კომპანიის სისტემის ნაკლოვანებებიდან გამომდინარეობს. ამავე დროს, არსებობს სხვა, სრულიად უახლესი სისტემები, რომლებიც არ წარმოშობს დაცულობის რისკებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ესტონეთში ელექტრონული არჩევნები 2005 წლიდან გამოიყენება და არაერთი კრიტიკული შეფასება სისტემის მიმართ, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაისმოდა, სწორედ კიბერუსაფრთხოების კუთხით, საბოლოოდ, გაუმჯობესდა.

 ეს კრიტიკული შეფასებები არ გამხდარა ესტონური არჩევნების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. საბოლოო ჯამში, თუ სისტემა არ არის მთლიანად დაცული, მის მიერ შექმნილი სხვა პოზიტიური მხარეები ფიზიკურ არჩევნებთან შედარებით აზრს კარგავს. მეორე ნაკლოვანება გულისხმობს ტექნიკურ ხელსაწყოთა ხელმისაწვდომობას, რომლებითაც უნდა განხორციელდეს ხმის მიცემა. ეს არის კომპიუტერი ან სმარტფონი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ არის ხელმისაწვდომი ყველა ამომრჩევლისათვის. შესაბამისად, იმ ეტაპამდე, ვიდრე ყველას არ ექნება მსგავსი საშუალება, სრულად ბლოკჩეინით არჩევნების განხორციელება იქნება საარჩევნო უფლების განხორციელების ხელოვნური შეზღუდვა და ხელის შეშლა. ამიტომაც აქ გამოსავალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არის ჰიბრიდული სახის არჩევნები, გამომდინარე იქიდანაც, როდესაც ამომრჩეველთა გარკვეული კატეგორია არჩევს ხმის მიცემას ფიზიკურად. და მესამე, ბლოკჩეინით განხორციელებული ხმის მიცემა არ წყვეტს ადამიანური აზრით მანიპულირების პრობლემას. იმის მიუხედავად, თუ როგორ აძლევს პირი ხმას, მის განწყობაზე მანიპულირება, თუმცა შემცირებულად, მაინც კვლავ შესაძლებლად რჩება. ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ და არ მოხდება რაიმე სახის ტექნოლოგიის ან უშუალოდ საარჩევნო პროცესის წარმოების სფეროში, იგი, ზოგადად, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტის საკითხია.

დავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმოებ

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც ბლოკჩეინით განხორციელებულ არჩევნებს ახლავს, არის სასამართლოში წარმოშობილი დავების განსჯადობა და სამართალწარმოების თავისებურება. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი არჩევნები პოტენციურად გასაჩივრდეს, სასამართლოები შეიძლება დადგნენ არაერთი პრობლემის წინაშე.

კერძოდ, ვინაიდან ბლოკჩეინი არის ანონიმური ჩანაწერების დავთარი, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება იდენტურობის დადგენა კონკრეტული ხმის მიმცემი პირისა, ამომრჩევლის შემთხვევაში. ეს, ერთი მხრივ, კარგი გადაწყვეტაა და ამომრჩეველი დაცულია, რომ მისი ხმა არ გახდეს ცნობილი მესამე პირისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, სასამართლოს გაუჭირდება თავად მიცემული ხმის ავთენტურობისა და, შესაბამისად, მისი ნამდვილობის დადასტურება. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, აუცილებელი იქნება ე.წ. სანებართვო, კერძო ტიპის ბლოკჩეინის გამოყენება, რომლის ადმინისტრატორი უფლებამოსილი იქნება, შეამოწმოს ჩანაწერები და, შესაბამისად, წვდომა ექნება ინფორმაციაზე.

მეორე პრობლემა, რაც აქ წარმოიშობა, არის საარჩევნო დავების განხილვის ვადები. თუ ფიზიკური არჩევნების შემთხვევაში დავების განხილვა შედარებით მარტივია და სასამართლოს ფაქტობრივი და დოკუმენტური მტკიცებულებები შეიძლება ადვილად წარედგინოს, ბლოკჩეინით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. ეს გამოწვეული შეიძლება გახდეს ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების გაჭიანურებით, თუ მხარეები დააყენებენ ელექტრონულ ჩანაწერთა ნამდვილობის ექსპერტიზის მოთხოვნებს.

 არსებითად, ბლოკჩეინით ჩატარებული არჩევნების მთავარი პოზიტივი ისიც არის, რომ სასამართლო წარმოება პრაქტიკულად აზრს კარგავს ჩანაწერთა ავთენტურობის გამო, თუმცა ღიად რჩება რომელიმე მხარის ან სუბიექტის მიერ საქმის ასეთი მოთხოვნების დაყენების აკრძალვის ლეგიტიმურობის საკითხი. საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების განხორციელების უგულებელყოფა საარჩევნო დავებზე მთავარი გამოწვევაა ბლოკჩეინით არჩევნების ჩატარებისას. დასკვნის სახით, ფაქტია, რომ მსოფლიოში ელექტრონული და, განსაკუთრებით, ბლოკჩეინით არჩევნების განხორციელების ტენდენცია იზრდება; აშშ, რუსეთი, იაპონია, ესტონეთი, ავსტრალია, ინდოეთი, შვეიცარია და სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესის წარსამართავად. მნიშვნელოვანია, რომ სატესტო რეჟიმებში მოხდეს მსგავსი ტიპის გადაწყვეტების დანერგვის დაწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, თუ მოხდება მიცემული ხმების ელექტრონული საშუალებებით დათვლის პროგრამის დანერგვა. ზოგადად, საარჩევნო პროცესის ნამდვილობის უზრუნველსაყოფად მთავარი პრობლემა ადამიანური საარჩევნო ადმინისტრაციების ნდობის ფაქტორის არარსებობაა.

ამდენად, თუ კვლავ ადამიანი დაითვლის ხმას, იქნება ეს ფიზიკურად თუ ელექტრონულად, ეჭვის საფუძველი ყოველთვის იქნება.

წყარო:https://rm.coe.int/

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.