USD 3.1566
EUR 3.7545
RUB 4.3140
თბილისი
მარიამ კერესელიძე - ლეგენდარული ჯაშუში ქალი
თარიღი : 10.22.2020 17:57  2140

მარიამ კერესელიძე (დ. 13 ივლისი 1921 - გ. 2002; ფსევდ: ლეო კერელი) - ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ - ერთი ლიდერის, გენერალ ლეო კერესელიძის ქალიშვილი, ვერმახტის ქართული ლეგიონის ერთ-ერთი მეთაური.

ადრეული წლები

მამამისი, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, 1906 წელს იძულებული გახდა შვეიცარიაში გახიზნულიყო. ჟენევაში მან თავისი მომავალი მეუღლე მართა (მარტა) ეჩოულტრე, შვეიცარიული საათების განთქმული ფირმის („ჟაეგერ–ეჩოულტრე“) დამაარსებლისა და მფლობელის ქალიშვილი გაიცნო. საბჭოთა უშიშროების მასალების მიხედვით, 1922 წლის 13 ივლისს, თურქეთში, მათი ერთადერთი ასული დაიბადა. მარიამ კერესელიძის მამიდის, ელენე კერესელიძის პირადი არქივის მიხედვით კი, მარიამი 1921 წლის 13 ივლისს ლოზანაში დაიბადა. ამას ადასტურებს 1959 წლით დათარიღებული მარიამის წერილიც. მარიამ კერესელიძის დაბადების თარიღის დადგენის მეორე უტყუარ დოკუმენტს წარმოადგენს პატარა მარიამის სურათზე თავად ლეო კერესელიძის მიერ გაკეთებული წარწერა: „მარიამი 2 წლისა და 4 თვის. 12 ნოემბერი, 1923 წ. ქ. ლოზანა“.

მარიამმა ბავშვობა პარიზში გაატარა, სადაც მამამ ქართული ენა შეასწავლა. ლეო შვილს დედოფალივით ზრდიდა და თან სპარტანულ წესებს აჩვევდა, რათა მარიამს ცხოვრე­ბასთან გამკლავება შესძლებოდა. საშუალო განათლება რომში, „წმინდა მარიამის სახელობის მონასტერში“ მიიღო. პოლიგლოტი იყო, როგორც ევროპულ, ისე აღმოსავლურ ენებს ფლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოჯახი მაროკოში, ქალაქ ტანჟერში გადასახლდა, სადაც მამას წმინდა სისხლის ცხენები ჰყავდა. მარიამი შესანიშნავი ცხენოსანი იყო. 17 წლისამ, მაროკოს ტრადიციული, უდაბოს ხუთდღიანი ჯირითი იმდენად მოკლე დროში დაამთავრა, რომ ყველა რეკორდი მოხსნა. მისი ფოტო იმდროინდელ ცნობილ ჟურნალებშიც გამოქვეყნდა.

მარიამი გატაცებული იყო ჟურნალისტიკითა და სიძველეთა კვლევით. ტანმაღალი, მუქ–თაფლისფერთვალება, გრძელი შავთმიანი და მომხიბლავი გოგონა, მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. ის ფიზიკურად ძლიერი, მედგარი, მიზანდასახული, უაღრესად ნებისყოფიანი ადამიანი გახლდათ. მამას მუდმივად გვერდით ედგა, მისი საქმეების შეუპოვარი თანამონაწილე გახლდათ და ქართველთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. შემდგომში, მარიამი ტანჟერში შვედეთის დესპანზე დაიშნა, მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. შემდეგ ცოლად გაჰყვა ერთ–ერთ მსხვილ ინგლისელ ჩინოვნიკს, თუმცა არც ეს კავშირი აღმოჩნდა მტკიცე.

მეორე მსოფლიო ომში

1940 წელს, ლეო კერესელიძემ ტანჟერი დატოვა და ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა. ამ დროიდან მოყოლებული, მარიამმა ტანჟერსა და ესპანეთის მაროკოში მოქმედ გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობა დაიწყო. 1942 წელს, მარიამი დედასთან ერთად ბერლინში გადავიდა. მამის დაჟინებული მოთხოვნით, ვუსტრაუს ტყვეთა ბანაკში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა და მამის ინტერესებს იცავდა.

1943 წლის 23 ნოემბერს, მოკავშირეთა მიერ ბერლინის დაბომბვისას იმ სახლს, რომელშიც ლეო კერესელიძე ცხოვრობდა, ამერიკული ყუმბარა მოხვდა და ნანგრევებში ჩაიტანა მისი ასამდე მცხოვრები. გერმანიაში მარიამს დაუახლოვდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული პავლე ვასილის ძე ჯორჯაძე („შახოვსკი“), რომელსაც ანტისაბჭოთა ქართულ ემიგრაციაში შეღწევა და ხელსახყრელ შემთხვევაში მისი ლიდერების განადგურება ჰქონდა დავალებული. ჯორჯაძე მარიამის დიდი ავტორიტეტითა და ნაცნობთა ფართო წრით სარგებლობდა, მაგრამ ქალმა მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა და საბოლოოდ ამხილა კიდეც.

1945 წლის 26 მარტს, მარიამი დედასთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში გაემგზავრა, სადაც 150 იძულებით გადაადგილებულ თანამემამულეს შეუერთდა. მარიამის წერილებიდან ირკვევა, რომ ის იტალიაში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა და პარტიზანების მხარდამხარ იბრძოდა:

„ომის ბოლოს პარტიზანი ვიყავი, იტალიის მთებში, წამიყვანია 600 ქართველი ბიჭი. გერმანელმა „ესესებმა“ კინაღამ დამხვრიტეს. მაგრამ, როგორც იყო გადავრჩი. დედამ საშინელი დრო გაატარა, სულ მოელოდა ამბავს, რომ მკვდარი ვიყავი. მის შემდეგ რაღაც ჯილდო უნდოდათ მოეცათ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მანდ, იტალიის მთებში ქართველებს აღმერთებენ და ოფიციალურად გამოაცხადეს რომ „ქართველების წყალობით და მარიამის წყალობით ჩვენ გადავრჩითო.“

ომის დასასრულს, მარიამ კერესელიძე სხვა ქართველებთან ერთად ინგლისელებს ჩაბარდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ნაცისტრურ გერმანიასთან თანამშრომლობის გამო, მარიამ კერესელიძე დევნილობაში იმყოფებოდა. საბჭოთა კავშირი ევროპის ქვეყნებში ნაცისტური გერმანიის მომხრე პოლიტიკური ემიგრანტებს, ტყვედ ჩავარდნილებსა და გერმანიის მხარეზე გადასული საბჭოთა მეომრებს იჭერდა და ხვრეტდა. მარიამ კერესელიძემ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად, სამხრეთ ამერიკას მიაშურა. პერუში დამკვიდრდა და ლიმას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. მალევე, კეჩუას ენის შესწავლაც დაიწყო. მას ეკუთვნის ფრანგულ ენაზე დაწერილი მოგონებანი და ორი ესპანურენოვანი პიესა. მის მიერ „ლეო კერელის“ ფსევდონიმით დაწერილი პიესა — „მაიტა“, სცენაზეც დადგეს.

1956 წელს, მარიამი მამიდას, ელენე კერესელიძე–გლურჯიძეს პერუდან გამოგზავნილ წერილში წერდა:

„ჩემი აქ ცხოვრება, ე. ი. საზღვარგარეთ, სულ უმიზნოთ და უინტერესოდ მიმაჩნია. სხვა ჩემსავით ემიგრაციაში დაბადებული ადამიანი შეეჩვია სხვა ქვეყანას. მე არც ერთ ერს ვერ ვეგუები, არც სულიერად და არც აზროვნულად. მე მიზიდავს და მაინტერესებს მხოლოდ საქართველო, ის ხალხი რომელიც მანდ ცხოვრობს.       “

მარიამ კერესელიძისთვის იმდენად საოცნებო იყო საქართველოში დაბრუნება, რომ პერუში მცხოვრებ ჩინელ მკითხავთანაც მისულა, რაზეც ის 1958 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ ეპისტოლეში წერს. მარიამი წერილებს პერუდან 1956-1960 წლებში გზავნიდა. ეპისტოლეებში, ემიგრანტი ქართველი ქალის სამშობლოს უსაზღვრო მონატრებაა გამოხატული, რომელსაც სამშობლო არასდროს ენახა და თავისი ქვეყნის სიყვარული მის გულში მხოლოდ მამის გადმოცემით იყო გაღვივებული.

მართალია, ერთ დროს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ხალხის მძიმე მდგომარეობის მიზეზით, მარიამი პერუში კომუნისტური პარტიების საქმიანობაში ჩაერთო. ამის გამო ამერიკელები მას ცუდი თვალით უყურებდნენ. პატივს სცემდა ფიდელ კასტროს. რევოლუციურ–პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულმა ერთ–ერთ კონფერენციაზე თავისი მომავალი მეუღლე, წარმოშობით ესპანელი მანუელ ჰერერა ასპაუზა გაიცნო. 1964 წელს მარიამი კომუნისტურ პარტიას ჩამოშორდა და ქვეყნის სამხრეთით, ორას კილომეტრზე განთავსებულ ნავსადგურში საზღვაო ბიოლოგიის ფაკულტეტზე ინგლისურ ენას ასწავლიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქმართან ერთად პარიზში გაატარა. მარიამ ჰერერას სახელით სორბონის უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს.

გარდაცვალება და ანდერძი

მარიამ კერესელიძე 2002 წლის თებერვალში, საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მეუღლეს კიდევ ერთხელ შეახსენა ანდერძი, რომ გორში კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოზე მისი ფერფლი მიმოებნია. 2013 წლის 24 მაისს, საქართველოში ტურისტად ჩამოსულ მანუელ ჰერერას თან ახლდა მეგობარი ქალი. საფრანგეთის მოქალაქეებმა, გორში, კერესელიძეების საგვარეულო საფლავს ვერ მიაგნეს. სამწუხაროდ, მათ თხოვნას არც ეკლესიამ დაუჭირა მხარი, ამიტომ ჰერერა იძულებული გახდა, გორის ცენტრში, იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ეზოს მარჯვენა სვეტთან ჩაეფლო მარიამ კერესელიძის ფერფლი.

მარიამ კერესელიძის არქივი, მანუელ ჰერერამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

მსოფლიო
ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი?

იბრაჰიმ რაისი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად დასახელდა. რაისმა ამომრჩეველთა ხმების 62% მიიღო. არჩევნების სხვა მონაწილეებმა და ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა რაისს გამარჯვება უკვე მიულოცეს.

ვინ არის იბრაჰიმ რაისი? 

იგი დაიბადა 1960 წლის 14 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში. 1980 წელს მიიღო რელიგიური განათლება. 1985 წელს საცხოვრებლად გადავიდა თეირანში, სადაც დანიშნეს ქალაქის პროკურორის მოადგილედ. 1989-1994 წლებში კი ეკავა პროკურორის თანამდებობა. 2004 წელს დანიშნეს ირანის პროკურორის მოადგილედ, 2014 წელს კი გახდა ირანის გენერალური პროკურორი.

იბრაჰიმ რაისი არის კონსერვატორი სასულიერო პირი და "სეიდი"- შიიტური ტრადიციის თანახმად, ასე უწოდებენ მათ, ვისი წინაპრებიც უშუალოდ წინასწარმეტყველ მუჰამედს უკავშირდებიან. გარდა ამისა, ის აიათოლა ხამენეის თანაქალაქელია, ორივე მათგანი შიიტებისთვის წმინდა ქალაქ მეშჰედში დაიბადა. რაისი განთქმულია თავისი ანტიდასავლური რიტორიკით და ამიტომაც ის ხამენეის თანამოაზრედ ითვლება. ებრაჰიმი ხამენეიზე 20 წლით უმცროსია და 2019 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 


1988 წელს რაისი იყო იმ ოთხ მოსამართლეს შორის ერთ-ერთი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ "სიკვდილის კომისიების" წევრები იყვნენ. მათ ათიათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. 2017 წელს ის ასევე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ წააგო ჰასან რუჰანისთან, რომელიც რეფორმისტულ ბანაკის წევრად მიიჩნევა. მაშინ თანამდებობიდან მიმავალმა პრეზიდენტმა რაისის კარიერა შემდეგნაირად შეაფასა: "ის 38 წელი ადამიანებს სიკვდილით სჯიდა და გისოსებს მიღმა კეტავდა". ორი წლის წინ აშშ-მა რაისი სანქცირებულთა სიაში დაამატა. მას უფლებადამცველთა ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე?

ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის სანქციების მოხსნა, რაც მოლაპარაკებებში ბირთვული შეთანხმების განახლების მიმართულებით გარკვეულ დათმობებზე წასვლას გულისხმობს. ირანი იმედოვნებს, რომ ნავთობის ექსპორტს განაახლებსდა ბიუჯეტში არსებულ გარღვევებს ოდნავ მაინც შეავსებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას  უმაღლესი ლიდერი განსაზღვრავს, პრეზიდენტი კი მის მიერ გაჟღერებულ იდეებს მხოლოდ ახორციელებს. ამ შემთხვევაში აიათოლა ხამენეიც და იბრაჰიმ რაისიც აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებას უჭერდნენ მხარს. 

ჰასან რუჰანის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში აგვისტომდე რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობიდან მიმავალ პრეზიდენტს შეთანხმების დრო ჯერ კიდევ აქვს. ”მმართველ ელიტას, შესაძლოა სურს, რომ აღნიშნული გარიგება ჯერ კიდევ რუჰანის დროს შედგეს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა წარუმატებლობა და გაუთვალისწინებელი შედეგი სწორედ მას გადააბრალონ. რაისი კი ყველა ეკონომიკური დივიდენდის (ეკონომიკური სანქციების გაუქმებიდან მიღებული დადებითი შედეგები) მისაკუთრებას შეძლებს“, - აცხადებს International Crisis Group-ის ირანის პროგრამის დირექტორი ალი ვაეზი, რომელსაც Bloomberg-ი ციტირებს. 


განსხვავებული სცენარის მიხედვით, მოლაპარაკებები მიმდინარე წლის სექტემბრამდე არ დაიწყება. ”ირანელები 2022 წლის დასაწყისსა  და აშშ-ში შუალედურ არჩევნებს დაელოდებიან. თუმცა ჯერჯერობით ისინი დაჟინებით მოითხოვენ დათმობას, რათა შემდეგში ეს ყველაფერი ისლამური რესპუბლიკის გამარჯვებად წარმოჩინონ”, - აცხადებს ფრანგი ექსპერტი პიერ რაზუ. 


საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანის ახალი ლიდერების ულტრაკონსერვატორული განწყობები და ანტიდასავლური რიტორიკა აღნიშნულ გარიგებას ხელს არ შეუშლის. თუმცა იქნება თუ არა ეს შეთანხმება ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი და ნამდვილად ეფექტიანი, ამას ვერავინ ამბობს. "მათ თეთრი სახლის მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარე სამყაროსთან ურთიერთობების დეესკალაცია უნდათ. ქვეყნის შიგნით კონკურენტების არყოლის პირობებში, ულტრაკონსერვატორებისთვის ბევრად ადვილი იქნება დაპირებების შესრულება, ვიდრე მათი წინამორბედების შემთხვევაში იყო," - ასკვნის ალი ვაეზი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.