USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
ქურთები საქართველოში
თარიღი:  11891

ქურთები (თვითწოდება — ქურდი, კურმანჯი), წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, სიარიაში, ერაყში (ამ ტერიტორიას ქურთები ქურთისტანად მოიხსენიებენ), ლიბანში, ავღანეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, თურქმენეთი).

ქურთების ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ ძველი მიდიელი და ირანული ტომები. ქურთული ენა განეკუთვნება ირანული ენების დასავლურ შტოს და გამოიყოფა ორი ძირითადი დიალექტი: კურმანჯი (ჩრდილო-დასავლური) და სორანი (სამხრეთ-აღმოსავლური). ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან, მცირე ნაწილი — შიიტები, ეზიდები, ალი-ილაჰები და სხვ.

1514 წელს ქურთისტანი გაინაწილა ირანმა და თურქეთმა, ხოლო I მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდეგ გაიყო ოთხ სახელმწიფოთა შორის (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია).1 ამ დაყოფამ ქურთი ხალხი ჩაგრული უმცირესობის მდგომარეობაში ჩააყენა. ლიტერატურაში ქურთისტანი ეთნოგრაფიულ და გეოგრაფიულ ცნებად არის წარმოდგენილი.

ქურთების საერთო რაოდენობა 10 280 000 ათასია. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 20 843 ქურთი ცხოვრობს (მათ შორის თბილისში — 19.2), რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენს. ქურთების ძირითადი ნაწილი თბილისში, ასევე რუსთავში, ბათუმსა და თელავშია წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქურთების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდებოდა. 1959 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში 16.2 (ათასი) ქურთი იყო, რაც მთელი მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენდა, 1970 წელს — 20.7 (0.5%), 1979 წელს — 25.7 (0.5%). 1989 წელს საბჭოთა საქართველოში ჩატარებული ბოლო აღწერის მიხედვით კი, ქვეყანაში 33.3 ათასი (0.6%) ქურთი ცხოვრობდა.

 ისტორიული ნარკვევი

ცალკეული ქურთული ტომები საქართველოში, კერძოდ, მესხეთში, XVI საუკუნიდან ჩნდებიან. XIX საუკუნის დამდეგს ქურთული მოსახლეობა ციხესიმაგრე ქველის მიდამოებში ბინადრობს.

XIX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის გუბერნიაში, რომელშიც ახალქალაქის, ახალციხისა და ბორჩალოს მაზრები შედიოდა, დაახლოებით 3000 ქურთი ცხოვრობდა. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, ყიდდნენ საქონელს, მატყლს, კარაქს, ყველს, მატყლიდან ამზადებდნენ მაუდს, ხალიჩებს, ფარდაგებს, ქეჩას, ხურჯინებს. ნაქალაქევსა და წუნდაში მცხოვრები ქურთები ცხოვრების ბინადარ წესს მისდევდნენ და მიწათმოქმედებას ეწეოდნენ.

ზემოხსენებული ქურთები რწმენით მუსლიმები იყვნენ. თბილისის გუბერნიის გარდა, მუსლიმი ქურთები (839 ადამიანი) ცხოვრობდნენ, აგრეთვე, აჭარაში, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. აჭარის ქურთების მცირე ნაწილი ზაზაზე საუბრობდა. ეს ერთადერთი ქურთი-ზაზანი იყვნენ არამარტო საქართველოში, არამედ იმ დროის მთელ მეფის რუსეთში.

1939 წელს ისინი ბათუმიდან 2 კმ-ში ცხოვრობდნენ, სოფელში, რომელსაც «ქურთების სოფელი ზაზა» ეწოდებოდა და 25 კომლს ითვლიდა. საქართველოს მოსახლეობის 1926 წლის აღწერის მიხედვით, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრაში 4024 ქურთი ცხოვრობდა. იმავე აღწერის ცნობით, ქურთები, ძირითადად, დეპორტირებულ იქნენ ყირგიზეთსა და ყაზახეთში. თანამედროვე ქურთების ძირითადი ნაწილი, კონფესიითი ეზიდები, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს მიიღო, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის მთავრობისა და მუსლიმი ქურთების ერთი ნაწილის მხრივ, მათი რელიგიურ-პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის გამო.

ქურთისტანის ისტორიულ ტერიტორიაზე ქურთების საზოგადოებრივი წყობილება ამგვარი იყო: ყველაზე მსხვილ ერთეულს ტომი წარმოადგენდა. თითოეული ტომი შედგებოდა ბარებისგან (პატრონიმია), თითოეული ბარი — «მალა მაზინ»-ებისა (დიდი ოჯახი) და მცირე ოჯახებისაგან. «მალა მაზი-ნი» 30-დან 70-მდე ან უფრო მეტ წევრს ითვლიდა, რომელთა ურთიერთობას ქურთების ჩვეულებითი სამართალი აწესრიგებდა.

ქურთების რელიგიური ცენტრები მდებარეობდა და მდებარეობს სინჯარის მთიან მხარეში, მოსულის ჩრდილოეთით (ერაყის ქურთისტანი). სინჯარს სამხრეთით ემიჯნება უდაბნო, ჩრდილოეთიდან კი — ჯეზირეს რაიონი. სინჯარის ქურთ ეზიდებს წარსულში დამოუკიდებელი თვითმმართველობა ქონდათ სასულიერო და საერო პირების მეთაურობით. ეზიდების მთავარი რელიგიური ცენტრი ამჟამადაც აინსიფნია, სადაც მდებარეობს ტაძარი და დაკრძალულია წმინდა შეიხ ადი (ლალიში). ეზიდები პატივს მიაგებენ, აგრეთვე, წმინდა შეიხ შამს ბაზრისა და შეიხ მუჰამედის საფლავებს.

მრავალი ეზიდი ვანის საფაშალიკოში ცხოვრობდა. იქ მათ თავდაცვის მიზნით, რამდენიმე ციხე-სიმაგრე ააგეს: დერგეზინი, კალე-რაში, ალკალე, კუშკე-შეიხა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ეზიდებს უმძიმესი განსაცდელი დაატყდათ თავს. ქურთისტანი სამი არმიის — თურქეთის, რუსეთისა და ინგლისის ჯარების საბრძოლო მოქმედების ასპარეზად იქცა. ოთხი წლის განმავლობაში ქურთისტანის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელმაც აურაცხელი მსხვერპლი გამოიწვია და აუნაზღაურებელი მატერიალური ზარალი მიაყენა გადარჩენილ მოსახლეობას. თითოეული მეომარი მხარე ცდილობდა საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა ქურთები და აღმოსავლეთ თურქეთის, დასავლეთ ირანისა და ერაყის სხვა ხალხები, რისთვისაც ერთმანეთს უპირისპირებდა ანდა თავისი მტრების წინააღმდეგ ამხედრებდა მათ, რამაც ახლო აღმოსავლეთის ამ რეგიონში სრული ანარქია გამოიწვია და მოსახლეობას მრავალი უბედურება დაატეხა თავს. ქურთებთან ერთად უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს სომხებმა და ასურელებმა.

რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის 3 მარტს, ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების თანახმად, მცირე აზიის აღმოსავლეთში რუსეთის ყველა მონაპოვარი, ომამდელი თუ ომისდროინდელი, თურქეთს გადაეცა. ახლა უკვე თურქეთი უსწორდებოდა მათ, ვინც რუსეთს დაუჭირა მხარი. ეზიდების პოლკი ჯანგირ-აღას მეთაურობით იცავდა ეზიდებს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა თურქეთის ჯარს. ეზიდებს მუსლიმი ქურთებიც არ ინდობდნენ. მრავალი ეზიდი ეპიდემიებმა იმსხვერპლა. ცოცხლად დარჩენილებმა მთელი ქონება დაკარგეს. ლტოლვილი ეზიდების ძირითადმა ნაწილმა საქართველოს შეაფარა თავი. 1918 წლის ბოლოს ისინი თბილისში აღმოჩნდნენ. მათი უმრავლესობა აქვე დაბინავდა. მცირე ნაწილი დასახლდა კახეთში, თელავის სიახლოვეს. ზოგი მათგანი თიანეთსა და ალვანში გადავიდა. თიანეთისა და ალვანის ეზიდების უმრავლესობამ ასიმილაცია განიცადა.

საქართველოში გადმოსახლდნენ შემდეგი ტომები და ბარები: რაში, ჩოღრაში, მამრაში, მანდეკი, მანდასორი, კორკიტი, ბარავი, ბალაკარი, ხანი, ანკოსი, მოსაკი, კაშახი, ბაინდური, ქორბალახი, პივაზი, სიპკი, ბოტი, გასანი, როჟეკი.

მანდეკისა და ბარავის ბარების წარმომადგენლები საარბრიუკენის (ყოფილი კ. მარქსის) მოედნის მიდამოებში და ყოფილ «პესკებზე» (რიყეზე) დასახლდნენ, ბარი რაშის წარმომადგენლები — რუსთაველისა და მარჯანიშვილის მოედნების მიმდებარე ქუჩებზე, ჩოღრაში — ნინოშვილსა და მის მიმდებარე ქუჩებზე8, ბალაკარი და მოსაკი — სოლოლაკში, კორკიტი — გრიბოედოვისა და ყოფილი პაპანინის ქუჩებზე, ბანდური და ქაშახი — «ხარფუხში».

 ასეთი განსახლების შედეგად თბილისელი ეზიდი-ქურთების სალაპარაკო ენაში გაჩნდა ქუჩების დასახელება ტომისა და ბარის იმ სახელწოდების მიხედვით, რომელსაც ისინი ისტორიულ სამშობლოში ატარებდნენ.

 საცხოვრებელი გარემო და სოციალური დაყოფა

 აჭარაში ქურთები ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ორასამდე კომლი ბინადრობდა იაილებზე შავ ტბასა და სარიჩაირის მთებს შორის, შავშეთწამუს გვერდით. მათი რძის პროდუქტები ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. სილამაზით გამორჩეული ქურთი ქალები თავისუფალნი იყვნენ ყოფა-ცხოვრებაში. ქურთი ქალები ქსოვდნენ ხალიჩებს, მაუდს.

სოფლად მცხოვრებ ქურთებს ორი ტიპის სახლი ჰქონდათ ზამთრისა — მიწური ან გუმბათიანი, ნახევრად მიწური და საზაფხულო — კარავი. ქურთების კარვები ორად იყო გაყოფილი: ერთში ცხოვრობდნენ, მეორეში ყველსა და კარაქს ამზადებდნენ. საქონელი ცალკე იყო მოთავსებული.9 საზამთროდ ქურთები ბარში ჩადიოდნენ და ბათუმის ახლოს, კახაბერში სახლობდნენ.

თბილისში ჩამოსული ქურთი-ეზიდები იმის მიხედვით სახლდებოდნენ, როგორც თავის სამშობლოში ცხოვრობდნენ, ანუ თანასოფლელები ცდილობდნენ ერთად დასახლებულიყვნენ, უფრო მეტიც, ერთი ბარის (პატრონიმიული გაერთიანების) წარმომადგენლები ერთ ქუჩაზე სახლდებოდნენ. უმეტეს შემთხვევაში, იქვე ბინავდებოდნენ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ერისკაცებს ემსახურებოდნენ.

საქართველოში ჩამოსახლებული ქურთი-ეზიდები სასულიერო და საერო პირებად იყოფოდნენ. სასულიერო პირები, თავის მხრივ, შეიხებად და ფირებად განიყოფოდნენ. ქორწინება რელიგიურ ჯგუფებს შორის იკრძალებოდა. ეს წესი, ძირითადად, დღემდე მოქმედებს.

 რელიგიური დღესაწაულები

 ქურთ-ეზიდთა ძირითადი ნაწილი გლეხი იყო, ხოლო საქართველოში გადმოსახლების შემდეგ, ქალაქის მცხოვრებლად იქცა. არაერთი ეზიდური ტრადიცია, მარხვა და დღესასწაული მივიწყებას მიეცა ჯერ კიდევ ამიერკავკასიაში გადმოსახლებამდე, თუმცა უმთავრესი ახსოვდათ და იცავდნენ. ქურთთა უპირველესი დღესასწაულია «როჟიე ეზიდი», რომელიც ღმერთისადმია მიძღვნილი. ვიდრე სადღესასწაულო რიტუალს შეუდგებიან, სამ დღეს მარხვას იცავენ. მეოთხე დღეს, რომელიც დეკემბრის პირველი კვირის ხუთშაბათ-პარასკევს მოდის, «აიდა ეზიდს» ზეიმობენ. ამ დღესასწაულის მთავარი კომპონენტია მიცვალებულთა წილი საჭმლის გამოტანა. ეს რიტუალი ქურთი ეზიდების ყველა დღესასწაულზე აუცილებლად სრულდება.

«როჟიე ხიდირნაბი ხიდრილისი» სურვილის შემსრულებელთა პატივსაცემი სამდღიანი მარხვაა. დღესასწაულს მათი სახელი ეწოდება და თებერვლის პირველ ხუთშაბათს დგება. «კლოჩი» აღმოსავლური კალენდრით მარტის პირველ ოთხშაბათს ეწყობა. ყოველ ოჯახში აცხობენ კულიჩს, რომელშიც მძივს ან მონეტას დებენ. მეორე დღეს, ადრე დილით, ოჯახის წევრები თავს იყრიან კულიჩის გარშემო, ოჯახის უფროსი ახსენებს ღმერთს და ჭრის ნამცხვარს. ჯერ შუაში დაუსვამენ კულიჩს დანას — ამას «ხა-ტა ჯოტი», ანუ «გუთნის კვალი» ეწოდება. შემდეგ ერთ ნახევარს ნაწილებად ჭრიან, იგი წმინდანებისა და ანგელოზებისთვისაა განკუთვნილი. ესენი არიან: 1) აფტ მერე დივანე — შვიდი ანგელოზი, 2) ხოდანე მალე — ოჯახის მფარველი, 3) მამე შვან — წვრილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი, 4) გავანე ზარზან — მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი, 5) ხათუნა ფარხა — ბავშვებისა და ქალების მფარველი, 6) შამსი — ნათელმოსილი ანგელოზი. მეორე ნახევარს ჭრიან მამრობითი სქესის ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად და დიასახლისისთვის. ვისაც მძივი ან მონეტა ერგება, ის ღმერთისგან კურთხეული იქნება. ამ დღესასწაულს მხოლოდ საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ეზიდები ზეიმობენ.

ამიერკავკასიისა და რუსეთის ეზიდები, სხვა ეზიდებისგან განსხვავებით, აღნიშნავენ აგრეთვე «როჟე მარზალას» — გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს. იგი ივნისის პირველი კვირის ხუთშაბათ დღეს უწევს აღმოსავლური კალენდრით და ზაფხულის ხილის შემოსვლას ემთხვევა. ამ დღეს ეზიდები ნათესავების საფლავებზე გადიან.

ამიერკავკასიის ეზიდები, რომლებიც საცხოვრებლად რუსეთსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გადავიდნენ, ცდილობენ ამ დღეს დაბრუნდნენ და ახლობლების საფლავები მოინახულონ.

ბოლო წლებში საქართველოში მცხოვრები ქურთი-ეზიდები ცდილობენ აღადგინონ დავიწყებული რელიგიური დღესასწაულები. ასე, მაგალითად, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებმა ქურთებმა აღნიშნეს რელიგიური დღესასწაული — «ჩარშამა სორი» (წითელი ოთხშაბათი). ეზიდთა რწმენით, აპრილისთვის მიწა მოხნული და გამზადებული უნდა იყოს დასათესად. ახალგაზრდები გადიან მინდორში, კრეფენ აპრილის წითელ ყვავილებსა და კონებად კიდებენ შესასვლელი კარის თავზე. დილით ყველა სახლი ლამაზადაა მორთული, დიასახლისს კი სუფრაზე გამოაქვს წითლად, ყვითლად და მწვანედ შეღებილი კვერცხები, რომლებიც სიცოცხლისა და სამყაროს მრავალფეროვნების სიმბოლოა. ამავე დღეს გლეხები გადიან მინდორში და ნათესებში მიმოაბნევენ კვერცხის სხვადასხვაფერ ნაჭუჭს, რათა წლის მოსავალი უხვი იყოს.

განათლება და კულტურა

საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო ზომები წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოსაფხვრელად. საქართველოში წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის კომიტეტების, მუშფაკის ინტერნატისა და მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების ჩამოყალიბების შედეგად შეიქმნა განათლებისა და კულტურის კერათა ქსელი: თბილისში გაიხსნა კლუბი, რომლის სცენაზე წარმოდგენილ პიესებში დაგმობილი იყო ხალხში ჯერ კიდევ შემორჩენილი წარსულის დრომოჭმული, მავნე გადმონაშთები: სისხლის აღება, 13-14 წლის გოგონების გათხოვება ურვადის აღებით (ხშირად მცირეწლოვან გოგონებს ხანშიშესულ მამაკაცებს მიათხოვებდნენ ხოლმე, გოგონებს უკრძალავდნენ სკოლაში სიარულს). კლუბთან არსებობდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, მუშაობდა სამკითხველო დარბაზი. მთელ ამიერკავკასიაში იყო ცნობილი შესანიშნავი მუსიკოსი და მომღერალი, მრავალი სიმღერის ავტორი, თბილისელი შაროე ბრო. მისი სიმღერები დღემდე პოპულარობით სარგებლობენ არამარტო ამიერკავკასიასა და რუსეთში, არამედ ქურთისტანში და დასავლეთ ევროპაშიც. 1936 წელს თბილისში გაიხსნა ორი დაწყებითი სკოლა და ერთი შვიდწლედი. დირექცია და პედკოლექტივი, ძირითადად, ეთნიკური ქურთებით იყო დაკომპლექტებული. თბილისში, პლეხანოვის (ამჟამად დავით აღმაშენებლის) პროსპექტზე, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლის საზაფხულო ბაღში, შეკრიბეს ქურთი ქალების ჯგუფი, რომელთაც ჭრა-კერვას ასწავლიდნენ. ტურგენევის ქუჩის კუთხეში გაიხსნა ქურთული საბავშვო ბაღი.

ორმოცდაათიანი წლების დამდეგიდან თბილისში კვლავ აღორძინდა ქურთული კულტურული კერები. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში გაიხსნა ქურთული ენის შემსწავლელი და ხალხური ზეპირსიტყვიერების შემკრები წრე. მას პედაგოგი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, «ღირსების ორდენის» კავალერი აზიზე ისკო სლოევი ხელმძღვანელობდა.

1961 წელს თბილისის 70-ე საშუალო სკოლასთან დაკომპლექტდა «ქურთული სექტორი». მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით, ბავშვები წერა-კითხვას მშობლიურ ენაზე სწავლობდნენ. სექტორმა 16 წელი იარსება. მისი დაარსების ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს დამსა-ხურებული პედაგოგი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ბაღჩოე ისკო სლოევი. ქალაქის რაიონულ საბჭოებთან გახსნილი იყო «სახალხო უნივერსიტეტები», რომლებიც ქურთ მოსახლეობას შორის იდეურ-აღმზრდელობით მუშაობას ეწეოდა. ჩამოყალიბდა ხალხური ცეკვის ჯგუფები, შემდეგ — სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ბოლო წლებში ცეკვის ანსამბლს ზეკოე ქლერი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს მწერალთა კავშირთან შეიქმნა ქურთ მწერალთა ჯგუფი. გამოდიოდა როგორც მშობლიურ ენაზე, ასევე ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნილი ქურთ მწერალთა ნაწარმოებები. ქურთულიდან რუსულ ენაზე მთარგმნელთა შორის განსაკუთრებით გაითქვა სახელი გლან ონანიანმა. ქურთი მწერლების ჯგუფს სათავეში ედგა ბახჩოე ისკო. სამოციანი წლების დამდეგს თბილისში ქურთებმა ბინები მიიღეს და სარდაფებიდან გამოვიდნენ.

50-60-იან წლებში ქურთი ახალგაზრდები მასობრივად ჩაებნენ სპორტში. ბევრმა მათგანმა წარმატებას მიაღწია. მათ შორის იყვნენ შესანიშნავი მოჭიდავეები, მოკრივეები, ფრენბურთელები, კალათბურთელები, აკრობატები, ტანმოვარჯიშეები. საბჭოთა კავშირში გაითქვა სახელი მოკრივემ ალიხან ჩოხერაშიმ. იგი ხშირად გამოდიოდა საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებში. 1975 წელს თბილისისა და ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში ორ ათეულზე მეტი ქურთი სტუდენტი სწალობდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მათმა რაოდენობამ ასს გადააჭარბა. მომზადდნენ ქურთი იურისტები, პედაგოგები, ექიმები, ინჟინრები, არქიტექტორები, მხატვრები, მსახიობები და მუსიკოსები. ერთ-ერთი პირველი, ვინც თბილისის კონსერვატორიაში მიიღო განათლება, იყო დოდო მირანგი. საბჭოთა კავშირის არც ერთ მხარეში, სადაც ქურთები ცხოვრობდნენ, არ ყოფილა იმდენი

მხატვარი, რამდენიც საქართველოში. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილნი იყვნენ ბასე ჯაფაროვა, მრაზ დაუდი, ანტონ მირზოევი, ლიოვა უტეი და სხვ. ერთ-ერთი პირველნი შევიდნენ თბილისის საბალეტო სკოლაში და-ძმა აჯამოვები. ამჟამად ისინი პეტერბურგში ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავენ. საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის კარი ქურთთაგან პირველმა ზინა ტალოევამ შეაღო. საბჭოთა კავშირის დაშლამდე თბილისის ქურთებით დასახლებული რაიონების სკოლებში, მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით, ქურთულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდნენ.

1978 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საქტელერადიოს ქურთული რადიოგადაცემების რედაქციამ, რომელიც სამი კაცისაგან შედგებოდა. მათ მიერ მომზადებული გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ თხუთმეტი წუთის განმავლობაში გადიოდა. ქურთული რადიოს სათავეებთან იდგა ქერიმ ანყოსი.

საქართველოს ქურთი მოსახლეობის ცხოვრებაში დიდ მოვლენად იქცა ქურთული თეატრის დაარსება (საზეიმოდ გაიხსნა 1979 წ.), რომელმაც ოც წელიწადს იარსება. მისი სახელი გასცდა საქართველოს ფარგლებს. თეატრის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ზ. ტალოევამ და ლიოვა უტეიმ (ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს). თეატრის რეპერტუარში შედიოდა თხუთმეტზე მეტი სპექტაკლი — ქართველი, სომეხი, ოსი და რუსი ავტორების მიხედვით თარგმნილი პიესების მიხედვით. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო ქურთი დრამატურგის ა. ბოიკის პიესის — «სინჯო ქალიშვილს ათხოვებს» — მიხედვით დადგმული პირველი სპექტაკლი. ეს წარმოდგენა თეატრის არსებობის მთელი ხნის განმავლობაში მაყურებელთა უცვლელი წარმატებით სარგებლობდა. თეატრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 9 აპრილთან დაკავშირებულ მოვლენებში, კერძოდ, ამ ტრაგედიას საგანგებო დადგმა მიეძღვნა, რომელსაც მრავალი ქართველი დაესწრო.

1981 წლის 13-15 მარტს პირველად საბჭოთა კავშირში საქართველოში ჩატარდა ქურთული კულტურის დღეები. ჩამოვიდა უამრავი სტუმარი სომხეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, შუა აზიიდან, მოსკოვიდან და ლენინგრადიდან. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველოში არაერთმა ქურთმა მეცნიერმა დაიცვა სამეცნიერო ხარისხი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში, ამ სტატიის ავტორმა გამოაქვეყნა ნაშრომები საქართველოში მცხოვრები ქურთების საქორწინო წესჩვეულებების, ბავშვის დაბადებისა და აღზრდის (დ. ფირბარისთან თანაავტორობით), ხალხური მკურნალობის მეთოდების, ქურთთა სამგლოვიარო ტრადიციების შესახებ.

თანამედროვე ვითარება

1990-იან წლებში ქურთების რაოდენობის შემცირება საქართველოდან მათი ემიგრაციით იყო განპირობებული. ემიგრაციის ძირითადი ფაქტორი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში გამეფებული ნაციონალისტური განწყობილებების გაძლიერება იყო. ქურთული მოსახლეობა ემიგრაციაში, ძირითადად, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წავიდა, სადაც ძლიერი ქურთული დიასპორებია.

ქურთული მოსახლეობის ემიგრაციამ და მათ წინაშე არსებულმა სოციალურეკონომიკურმა პრობლემებმა საქართველოში მცხოვრები ქურთების რელიგია — ეზიდიზმი, რომელიც მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, სერიოზული სირთუელეების წინაშე დააყენა. ეზიდური რელიგიის საფუძვლების ელემენტარული ცოდნის გარეშე ეზიდი ქურთების ნაწილი სხვა კონფესიის მიმდევარი გახდა.

ქურთებისათვის ეზიდური რელიგიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ საკითხის ირგვლივ შექმნილი გარემოებითაც არის განპირობებული. საქართველოს ქურთულ მოსახლეობასა და ინტელიგენციაში დღემდე არ არის საერთო აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიხსენიონ საქართველოში მცხოვრები ქურთები, ანუ ეზიდური რელიგიის მიმდევარი ქურთები, ქურთებად თუ ეზიდებად. ტერმინი ეზიდი დიდ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში სუბეთნოსის აღმნიშვნელი ისტორიული პროცესების შედეგად გახდა. ეზიდური რელიგიის მიმდევარი ქურთების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ქურთი ერი მხოლოდ ისლამის მიმდევარ ქურთ მოსახლეობასთან ასოცირდება და მათდამი ნეგატიური დამოკიდებულება დღემდე შენარჩუნებულია. ეზიდი ქურთების ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილია ოსმალთა იმპერიაში მუსლიმების, მათ შორის მუსლიმი ქურთების მიერ რელიგიის ნიადაგზე ეზიდი ქურთების დევნის მასობრივი შემთხვევები. მუსლიმი ქურთების რეპრესიულმა პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში დევნილი ეზიდი ქურთების ქურთული ეთნიკური ჯგუფისაგან გაუცხოება გამოიწვია და მათ განსხვავებული ეთნიკური თვითშეგნება ჩამოუყალიბა, რაშიც გადამწყვეტი როლი ეზიდურმა რელიგიამ შეასრულა. შედეგად ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში გაჩნდა ქურთული ეთნოსის შემადგენელი, მაგრამ განსხვავებული რელიგიური ტრადიციის მიმდევარი ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ ეთნიკურობას რელიგიური ფაქტორით განსაზღვრავდა. აღნიშნული პროცესების შედეგად, ეზიდი რელიგიური კუთვნილების გარდა, ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილების აღმნიშვნელი ტერმინიც გახდა.

ქურთების ეთნიკური ჯგუფის ორ ნაწილად, ქურთებად და ეზიდებად დაყოფა, გასულ წლებში ოფიციალურად დაფიქსირდა საქართველოსა და სომხეთში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო მასალებში. აღწერის შედეგებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე არიან მოხსენიებულნი ეზიდები (ანუ ეზიდური რელიგიის მიმდევარი ქურთები) და ქურთები, როგორც ორი დამოუკიდებული ეთნიკური ჯგუფი. საქართველოში 1939 წლის აღწერის შემდეგ ეზიდი ქურთები აღირიცხებოდნენ ქურთებთან ერთად. თუმცა, 2002 წლის აღწერის დროს ისინი ცალკე გამოიყვნენ ეზიდთა ტრადიციების ცენტრის «რაზიბუნ»-ის მოთხოვნით. ამის გამო, საბოლოო მონაცემების შედგენისას, ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილების გრაფაში ეზიდები ეზიდებად ჩაწერეს (18 329), ხოლო არაეზიდი ქურთები, — ქურთებად (2 514). მსგავსი ვითარებაა სომხეთშიც. უკანასკნელი აღწერის შედეგების მიხედვით, სომხეთში მცხოვრები ქურთები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი: ცალკე ეთნიკურ ჯგუფადაა მოხსენიებული ეზიდები და ქურთები.

1990-იანი წლებიდან საქართველოში მცხოვრები ეზიდი ქურთები საკუთარ თავს უფრო ქურთებად მოიხსენიებენ, რაც უკანასკნელ პერიოდში ქურთული საკითხის გლობალიზაციის შედეგი უნდა იყოს. ბოლო წლებში საქართველოში მოღვაწე ქურთულ ორგანიზაციებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს შორის მიღწეულ იქნა გარკვეული კონსენსუსი და არჩეულია შუალედური ტერმინი ქურთი-ეზიდი, მაგრამ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარებულად ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება. ამ საკითხზე ერთიანი აზრის არარსებობას ადასტურებს საქართველოში მოღვაწე ქურთული ორგანიზაციებიც, რომელთა დასახელებაში საქართველოში მცხოვრები ქურთების სახელის განსხვავებული ინტერპრეტაციაა მოცემული.

საქართველოში ქურთების ინტერესების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები 1990-ანი წლებიდან იქმნება. პირველი ქურთული ორგანიზაცია «რონაი» საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში, ჯერ კიდევ 1988 წელს შეიქმნა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეროვნული გამოღვიძების პროცესი შეინიშნება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ეთნიკური ნიშნით სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები იქმნება. ორგანიზაციას შემდგომში «საქართველოს ქურთ მოქალაქეთა საზოგადოება», 1998 წელს კი, «საქართველოს ეზიდთა კავშირი» ეწოდა.

საქართველოში ასევე მოღვაწეობს საქართველოს ეზიდთა ახალგაზრდული კავშირი და ქურთ-ეზიდთა ეროვნული კონგრესი, გიორგი შამოევის სახელობის ქურთების უფლებებისა და რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ფონდი, საქართველოს ქურთ-ეზიდ ქალთა დამოუკიდებელი ლიგა, საქართველოს ქურთი ინტელიგენციის კავშირი, ეზიდური რელიგიის ცენტრი, ეზიდთა ტრადიციების დაცვის ცენტრი «რაზიბუნი». გარდა ამისა, არსებობს სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ფაქტობრივად ენთუზიაზმისა და არარეგულარული კერძო შემოწირულობების ხარჯზე მუშაობენ.

საქართველოში მცხოვრები ქურთები საუბრობენ ქურთული ენის ჩრდილო- დასავლურ დიალექტზე კურმანჯიზე, რომელიც ირანულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მცირე პერიოდი ქურთებით კომპაქტურად დასახლებულ თბილისის რაიონების ოთხ სკოლაში ფაკულტატურ დონეზე მიმდინარეობდა ქურთული ენის სწავლება. თუმცა სწავლება უფრო ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. ამჟამად ქურთულ ოჯახებს ბავშვები შეჰყავთ, როგორც რუსულენოვან, ისე ქართულენოვან სკოლებში. ისინი, ვინც რუსეთში წასვლაზე არიან ორიენტირებულნი, ძირითადად, რუსულენოვან სკოლებში შედიან,

საქართველოში დარჩენაზე ორიენტირებულნი კი — ქართულენოვან სკოლებში. მშობლიური ენის შესწავლა დღეისათვის მხოლოდ ოჯახებშია შესაძლებელი. ახალგაზრდა თაობის გარკვეულმა ნაწილმა მხოლოდ სალაპარაკო ქურთული იცის, რაც გამოწვეულია, როგორც საქართველოში ქურთულ ენაზე ლიტერატურის სიმწირით, ასევე ქურთული ენის სპეციალისტების ნაკლებობით. სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაში ქურთები უფრო რუსული ან ქართული ენით სარგებლობენ.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, მნიშვნელოვანდ გაუმჯობესდა ქართული ენის ცოდნის ხარისხი, რის შედეგადაც ქართულმა ენამ ქართველებთან კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. საქართველოში მცხოვრები ქურთების აბსოლუტური უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომი და გასაგებია ქართულენოვანი მედია. თანამედროვე ტექნიკური საშუალებების პირობებში, საქართველოს ქურთული მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია ქურთულენოვანი რადიოები და ტელევიზიები, რომლებიც ირანისა და ერაყის ქურთისტანში და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაუწყებლობენ. ამ მედიასაშუალებებიდან საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “RojTV”, “Mezopotamia” და “Kurdistan”, რადგან აღნიშნულ ტელევიზიებზე გასული გადაცემების უმრავლესობა კურმანჯის დიალექტზეა.

ბეჭდვითი მედიიდან აღსანიშნავია საქართველოში გამომავალი პირველი ქურთულენოვანი გაზეთი «გლავეჟი», რომელიც ფინანსური პრობლემების გამო აღარ გამოიცემა. ქურთული ორგანიზაციების მიერ გამოცემული გაზეთების უმრავლესობა 2003 წელს რუსულენოვანი იყო.

ქურთების კულტურული ცხოვრება 1990 წლებიდან სერიოზულ კრიზისს განიცდის. ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და მწირი დაფინანსებაა. ქურთულმა სახალხო თეატრმა ფინანსური პრობლემების გამო მუშაობა შეწყვიტა. ფინანსური პრობლემების გამო ნელ-ნელა გაუქმდა სხვა ქურთული კულტურული დაწესებულებებიც. დღეისათვის ეროვნული თუ რელიგიური დღესასწაულები, ძირითადად, კერძო შემოწირულობების ხარჯზე აღინიშნება. თუმცა, 2007 წელს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: საზოგადოებრივმა მაუწყებლმა აღადგინა ქურთულენოვანი რადიოგადაცემა.

საქართველოს ქურთი ინტელიგენციის კავშირმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოსცა დიმიტრი ფირბარის, ლამარა ფაშაევასა და ელდარ ნადირაძის წიგნი «ქურთული მატერიალური კულტურის ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმებიდან», ხოლო კავკასიურმა სახლმა ქურთულ ენაზე გამოსცა შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი» (“werigire poste piling”). თარგმანი ეკუთვნის ჯადროე ასადს (არტო ოზმანიანი). რუსთაველის პოემის ქურთულ ენაზე თარგმნას ჯარდოე ასადმა 25 წელი მოანდომა. მის წიგნად გამოცემას, სამწუხაროდ, იგი ვერ მოესწრო (1929-1993). თარგმანი კურმანჯის დიალექტზეა შესრულებული.

სტატიის ავტორები - ლამარა ფაშაევა, მამუკა კომახია;

მასალა აღებულია წიგნიდან – "ეთნოსები საქართველოში", საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008წ.

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.