USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
Tbilisi
საერთაშორისო მულტიმედია პლატფორმები და საინფორმაციო სააგენტოები საქართველოში
Date:  1574

ინტერნეტის საშუალებით ტრადიციულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გავრცელება არის უალტერნატივო გზა, რომლის გავლაც ბეჭდური მედიის ორგანიზაციებს უხდებათ. ამ გზაზე თავს იჩენს კიდევ ერთი აუცილებლობა: ერთი და იმავე მასალის ვიდეო და აუდიო პლატფორმებში გადატანა. მრავალ პლატფორმაზე მუშაობა, იგივე მულტიმედია ის მიმართულებაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ბეჭდური მედიის სულ უფრო მეტი რედაქცია ავითარებს.

ინტერნეტსივრცის უნიკალურობა ხომ ისიცაა, რომ მას ბეჭდურთან ერთად ვიდეო და აუდიო პლატფორმებისთვის მომზადებული ჟურნალისტური პროდუქციის გავრცელებაც შეუძლია. დღესდღეობით ეგრეთ წოდებული „შერწყმული ახალი ამბების ოთახი“ ანუ „ქონვერჯენს ნიუსრუმი“ აქვთ არა მხოლოდ დასავლეთის მედიამაგნატებს, არამედ შედარებით წვრილ მედიაორგანიზაციებსაც. მათ შორისაა როგორც ბეჭდური მედიის რედაქციები, ისე ტელევიზიები, რადიოსადგურები და ახალი ამბების სააგენტოები.

გაზეთისა და ზოგადად მედიაორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა საინფორმაციო სააგენტო. მისი ძირითადი ფუნქცია ახალი ამბების მოპოვება, დამუშავება და გავრცელებაა. მსოფლიოში უძველეს საინფორმაციო სააგენტოდ ითვლება საფრანგეთში 1835 წელს ფრანგი სარეკლამო აგენტისა და მთარგმნელის შარლ-ლუი ჰავასის მიერ დაარსებული საინფორმაციო ბიურო.

თავდაპირველად სააგენტოს ოფიციალური სახელწოდება „ჰავასი“ იყო, მოგვიანებით კი მას „ფრანს პრესი“ დაერქვა და დღემდე ასეა ცნობილი. საინფორმაციო სააგენტოები ასევე დააარსეს „ჰავასის“ კიდევ ორმა თანამშრომელმა: პოლ როიტერმა ლონდონში და ბერნარდ ვულფმა – ბერლინში.

ამ სამ სუბიექტს შორის ერთხანს ერთგვარი კარტელური შეთანხმებაც კი იყო გაფორმებული. ეს ნიშნავდა, რომ ევროპის კონტინენტი მათ გეოგრაფიული თვალსაზრისით გადაინაწილეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ტერიტორიაზე, სადაც „ჰავასი“ მუშაობდა, არ მუშაობდა „როიტერი“, ასევე ვულფის საინფორმაციო სააგენტო და პირიქით. აღსანიშნავია, რომ 1851 წლიდან დამოუკიდებლად მომუშავე „როიტერი“ დღემდე ერთ-ერთ უძლიერეს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოდ რჩება. 9    

საინფორმაციო სააგენტოების მომსახურება მედიაორგანიზაციებისთვის, როგორც წესი, ფასიანია. თუმცაღა ინტერნეტის მასობრივი გავრცელების შემდეგ ინფორმაცია იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მისი უფასოდ გამოყენება აუდიტორიის ფართო წრესაც შეუძლია.

 

ამჟამად საინფორმაციო სააგენტოები დამოუკიდებელი ორგანიზაციების სახით იშვიათად მუშაობენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი მედიაჯგუფების, იგივე მედიაკორპორაციების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე არსებობს სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები, მაგალითად, ჩინეთში – „სინჰუა“, რუსეთში – „იტარ ტასი“, თურქეთში – „ანადოლუ“. ასეთ სააგენტოებს სახელისუფლებო ოფიციალურ სიახლეებზე ხელი ექსკლუზიურად მიუწვდებათ.

არსებობს საერთაშორისო, ნაციონალური (კონკრეტულად ერთი სახელმწიფოს დონეზე მომუშავე) და რეგიონალური საინფორმაციო სააგენტოები. მსგავსი ფორმატის მედიაორგანიზაციები დღესდღეობით მხოლოდ ახალ ამბებზე არ მუშაობენ, ამას გარდა, ისინი გვთავაზობენ მულტიპლატფორმულ მრავალფეროვან ჟურნალისტურ პროდუქციას – ანალიტიკურ სტატიებს, ინტერვიუებს, რეპორტაჟებს და სხვა. 1

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ ჟურნალისტურ საშუალებათაგან ბევრმა ახალი მედიის ელემენტების გამოყენებით თავისი გამოცემები მულტიმედიაპროდუქტად აქცია. დღეს ამ ტიპის პროდუქცია ტრადიციული მედიის სხვადასხვა საშუალებას ერთ ვებპლატფორმაზე აერთიანებს და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამასთან, მას გაცილებით მეტი პოტენციური ვიზიტორი ჰყავს, ვიდრე კონკრეტულ მედიაპროდუქტს.

საქართველოში მედია მსოფლიოში აპრობირებული მიმართულებით ვითარდება. სხვადასხვა ტიპის მედიის თანაარსებობა ჟურნალისტიკის მომავალი კი არა, უკვე აწმყოა. ეს არის არა მხოლოდ ბეჭდური მედიის, არამედ ტელევიზიისა და რადიოს გადარჩენის გზაც. ქართულ მედიაბაზარზე ჯერ-ჯერობით მსოფლიოში აღიარებულ საინფორმაციო სააგენტოების უმეტესობას საკუთარი რედაქცია ან ბიურო არ გაუხსნიათ. გამონაკლისი მხოლოდ „Agency France Presse“ გახლავთ, რომლის ამიერკავკასიის ბიუროც სწორედ თბილისში მდებარეობს.

აგრეთვე არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მედიასაშუალებები ცნობილი უცხოური საინფორმაციო სააგენტოების სახელებს თვითნებურად ირქმევენ და თავს მათ ქართულ რედაქციებად ასაღებენ: Euronews.geGuardian.geReuters.ge და სხვა. ბუნებრივია, მათი იდენტობის გარკვევა არც ისე რთული საქმეა. ამ ქვეთავში კი მიმოვიხილავთ ქართულ მედიასივრცეში არსებულ რამდენიმე რუსული თუ დასავლური რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს მულტიმედია პლატფორმას.     

top_logo_news

რადიო  „ამერიკის ხმა“    

რადიო „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. ის მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, რომელსაც თავისუფალ მედიაზე ხელი შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდება.

დაფუძნების დღიდან, 1942 წლიდან მოყოლებული, „ამერიკის ხმა“ მოვლენების მრავალმხრივი, დამოუკიდებელი მიმოხილვის და აუდიტორიისთვის სიმართლის თქმის ერთგულია. „ამერიკის ხმა“ მთლიანად შეერთებული შტატების გადამხდელების მიერ ფინანსდება და წარმოადგენს „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ ნაწილს.

„ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისაგან.

1994 წელს ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა „შეერთებული შტატების საერთაშორისო მაუწყებლობის აქტი“. ეს კანონი ასევე მოითხოვს, რომ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთა ნამუშევარი იყოს ავტორიტეტული, ზუსტი, ობიექტური, მრავალმხრივი, დაბალანსებული და ასახავდეს შეერთებული შტატების კულტურულ და საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას. იმავე წელს ამერიკის ხმა გახდა პირველი მაუწყებელი რომელმაც მომხმარებლებს თავისი გადაცემები ინტერნეტით შესთავაზა.

2016 წელს კონგრესმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაციის შეკრების და გავრცელების ფუნქციები კვლავაც დამოუკიდებელი და ობიექტური უნდა იყოს. ყოველდღიურად, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მთელი მსოფლიოსთვის პრესის თავისუფლების მაგალითად დარჩნენ.

რადიო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია 1951 წლის 26 მაისს დაარსდა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირს, რომლის ნაწილი საქართველოც იყო, ჯერ კიდევ იოსებ სტალინი მართავდა. საათობრივ მაუწყებლობაზე რადიო 2008 წლის აგვისტოდან გადავიდა, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან ტელეგადაცემების მომზადებაც დაიწყო. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ამ დროისთვის ფლობს საკუთარ მულტიმედიურ ვებ-პლატფორმას, სოციალურ მედიას და ონლაინ აპლიკაციას მობილური ტელეფონებისათვის.

„ამერიკის ხმას” ქართველი ხელმომწერებიც ჰყავს, რომლებიც მაუწყებლლის მიერ გავცელებულ ინფორმაციას ყოველ დღე ტექსტურად იღებენ. ვაშინგტონის სათაო  ოფისში ქართული სამსახურის 11 ჟურნალისტი მუშაობს. სამი კორესპონდენტი ჰყავთ საქართველოში. აქედან ერთი გორში მუშაობს და მხოლოდ რადიოსთვის ამზადებს მასალებს. ტელეგადაცემა მთლიანად ვაშინგტონში იწყობა და გამზადებული სახით ეგზავნება „პირველ არხს”, რომელიც შემდეგ ეთერში უშვებს.

„ამერიკის ხმა” დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს 1960 წელს შექმნილი წესდებით, რომლის მიხედვით ინფორმაცია, რომელსაც „ამერიკის ხმა” გადასცემს, ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. ამრიკის ხმის ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე გახლავთ.

top_logo_news (1)

 

რადიო  თავისუფლება”   

რადიო “თავისუფლება” არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.

რადიოსადგური დაარსდა 1949 წელს, როგორც ანტი-კომუნისტური ინფორმაციის წყარო ცივი ომის დროს. მისი სათავო ოფისი ქალაქ მიუნხენში მდებარეობდა 1949-1995 წლებში, 1995 წლის შემდეგ კი იგი პრაღაშია განთავსებული. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მაუწყებლობის მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა, სანაცვლოდ კი ახლო აღმოსავლეთი იქცა რადიოსადგურის უპირატეს ზონად.

ცენტრალური ევროპიდან ვიდრე წყნარ ოკეანემდე, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, რუსეთიდან შუა აზიამდე თუ სპარსეთის ყურემდე – ცალკეულ ქვეყნებში ხალხი ცდილობს, გაუმკლავდეს ავტოკრატიულ სტრუქტურებს, ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ეკონომიკის ცენტრალიზებულ სისტემებს, ეთნიკურსა თუ რელიგიურ დევნას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კონტროლს დაქვემდებარებულ მედიას.

მთელი ამ რეგიონის სტაბილურობა – დამყარებული დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის.
ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს:

  1. სთავაზობს ახალ ამბებს, ანალიტიკურ გადაცემებსა და მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოვლენებზე;
  2. დემოკრატიული ფასეულობების წარმოჩენით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას;
  3. ეწინააღმდეგება ეთნიკურსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას და მხარს უჭერს ხალხთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას;
  4. სთავაზობს ნიმუშს ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ეხმარებარა მათ პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ტრენინგების გზით;  ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
  5. ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებსა და მსოფლიოს განვითარებულ დემოკრატიებს შორის ახლო ურთიერთობების დამყარებას.

რადიო თავისუფლება ამჟამად მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის – 1953 წლის მარტიდან – ქართულად. „რადიო თავისუფლებას“ რადიომაუწყებლის ლიცენზია არ აქვს, თუმცა საქართველოში 1999 წლიდან სხვადასხვა რადიოების საშუალებით დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაუწყებლობდა. 2014 წლის 14 აპრილიდან არხმა მაუწყებლობის დრო გაზარდა და რადიო “მწვანე ტალღის” სიხშირეების საშუალებით 18 საათის განმავლობაშია ეთერში.

რადიო თავისუფლება მომხმარებელს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა ფორმატის მულტიმედია პროდუქტს სთავაზობს. საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში კი ერთობლივ შემეცნებით სატელევიზიო პროექტს, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემას “წითელი ზონა”-ს ამზადებს. სწორედ იგი გახლავთ რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი.

logo-social

 

რადიო სპუტნიკი    

Sputnik-ი მიზნად ასახავს მრავალპოლარულ მსოფლიოს, სადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, კულტურა, ისტორია და ტრადიციები. სააგენტო ალტერნატიული ახალი ამბების კონტენტისა და რადიომაუწყებლობის მიმწოდებლის უნიკალურ ნიშას იკავებს. Sputnik-ი მთლიანად ორიენტირებულია უცხოურ აუდიტორიაზე.

„სპუტნიკ ჯორჯია” საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. თუმცა, საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნებშიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მედია პლატფორმის წარდგინება 2014 წლის 10 ნოემბერს სააგენტო Rossia Segodnia-მ მოახდინა. სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა. მედია პლატფორმა, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს, 34 ქვეყნის 130 ქალაქში 30 ენაზე მაუწყებლობას გეგმავდა. საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში FM 101.4 სიხშირეზე უკანონოდ სცადა. აღნიშნული სიხშირე “ერ-რადიოს” ეკუთვნოდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ერ-რადიო“ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia უკანონო მაუწყებლობის გამო ერთობლივად 5 ათასი ლარით დაaჯარიმა. შპს „ერ-რადიო“ კი N B104 ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული სანქციის შემდეგ, „სპუტნიკი“ რადიო სიხშირის ნაცვლად ონლაინ პლატფორმით სარგებლობს, სადაც მულტიმედია კონტენტს ანთავსებს, რომელიც ანტიდასავლური შინაარსის არის. ნიუიორკ ტაიმსის შეფასებით, სპუტნიკი მიკერძოებულობისა და დეზინფორმაციის მაღალი დოზით ხასიათდება და ხშირად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას.

შპს “სპუტნიკ-ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელი და ხელმძღვანელი ანტონ (ტატო) ლასხიშვილია, რომელიც 1991 წლიდან გაზეთ „სვაბოდნაია გრუზიას“ ხელმძღვანელია. „სპუტნიკი“ ყოფილი “რია ნოვოსტი”-ს ოფისშია განთავსებული.

სხვადასხვა ენებს შორის „სპუტნიკის“ მაუწყებლობა საქართველოს ორ სახელმწიფო ენაზე – ქართულად და აფხაზურად ხორციელდება.

Sputnik-ის ბრენდით გამოდის სადღეღამისო ახალი ამბების ლენტები ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, ჩინურ ენებზე. ახალი ამბების უწყვეტად გამოსაშვებად ვაშინგტონში, კაიროში, პეკინსა და მონტევიდეოში „24/7“ რეჟიმით მუშაობენ რეგიონული რედაქციები. Sputnik-ს აგრეთვე გააჩნია ფოტოკორესპონდენტების ქსელი მთელ მსოფლიოში.

maxresdefault

 

რადიო  „NRJ   ენ-ერ-ჯი“     

NRJ Georgia (FM 104,7) არის მსოფლიოში აღიარებული ფრანგული რადიოს ქართული ფილიალი/ვერსია. ეს გახლავთ მუსიკალური რადიო რომელიც მაუწყებლობს კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საკმაოდ დატვირთული და საინტერესო პროგრამით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიო NRJ, ძირითადად, მუსიკალური და გასართობი არხია, მაგრამ სხვადასხვა შოუს ფორმატში წამყვანები ხშირად ეხებიან ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენას.

რადიოს აქვს დილის გადაცემა, სადაც არის კულტურა, ჰოროსკოპი, ამინდის პროგნოზი, მოდა და შოუ ბიზსნესი. ასევე  საზოგადოებრივი ამბები ელენე ბერიძესთან ერთად და სპორტული გამოშვება გიორგი ფულარიანთან ერთად, რომელსაც აგრეთვე ხუთშაბათობით 19:00–ზე არაერთ საინტერესო სტუმართან ერთად გადაცემა “Legends” მიჰყავს.

NRJ-ის სტუდიის უნიკალური ლოკაცია, „რადიო კაფეში“ მსმენელს საშუალებას აძლევს, საყვარელ შემსრულებელს არა მხოლოდ რადიოს პირდაპირ ეთერში მოუსმინოს, არამედ თავადაც მიიღოს შოუში მონაწლეობა.

NRJ-ის Artist–ები არიან Beyonce, Rihanna, Jennifer Lopez, Ed Sheeran და მსოფლიო შოუ ბიზნესის სხვა არაერთი ვარსკვლავი. NRJ Georgia-ს აგრეთვე აქვს თანამედროვე ვებგვერდი ქართულ ენაზე და აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ მედიაშიც. მისი მთავარი პროდიუსერი გვანცა კილასონია გახლავთ.

Agence_France-Presse_Logo.svg_

საინფორმაციო სააგენტო “France presse”      

France presse არის მსოფლიოს უძველესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო. ამერიკულ „ბლუმბერგთან“, „როიტერთან“ და „ასოშიეიტედ პრესთან“ ერთად ის შედის მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო სააგენტოთა ოთხეულში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ პარიზში.

იგი მოიცავს 165 ქვეყანას, ხოლო 500 რეგიონულ ცენტრში 115 ბიურო და 50 ადგილობრივი კორესპონდენტი ემსახურება. დღესდღეობით „ფრანს-პრესის“ სამსახური 1000-ზე მეტ შტატიან ჟურნალისტს, 200 ფოტოგრაფს, 30 ოპერატორსა და 81 ეროვნების 2000 თავისუფალ ჟურნალისტს ითვლის. სააგენტო ავრცელებს როგორც ტექსტურ, ასევე მულტიმედიურ ინფორმაციას მსოფლიოში გავრცელებულ  რამდენიმე ენაზე, ესენია: ფრანგული, ინგლისური, ესპანური, გერმანული, რუსული, პორტუგალიური, იაპონური და ჩინური.

 

სააგენტო დაარსდა შარლ-ლუი ჰავასის მიერ 1835 წელს სახელწოდებით „სააგენტო ჰავასი“. თანამედროვე სახელი მას 1944 წლის 20 აგვისტოს დაერქვა, როდესაც ჟურნალისტების ჯგუფმა დაიკავა სააგენტოს შენობა და მსოფლიოს პარიზის გერმანელებისგან გათავისუფლება ამცნო.

საფრანგეთის პარლამენტის 1957 წლის კანონით მას მიეცა კერძო თუ სახელმწიფო ინტერესების ზეგავლენისგან თავისუფლების გარანტია. ამ კანონის მიღებით „ფრანს პრესი“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების მიმწოდებელი.

საქართველოში მდებარეობს „ფრანს პრესი“-ს ამიერკავკასიის ბიურო, რომლის მთავარი რედაქტორიც ირაკლი მეტრეველია. ბიურო ძირითადად ორიენტირებულია სამივე ქვეყნის (საქართველო, აზერბეიჯანი და სომხეთი) პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თემატიკის გაშუქებაზე. ამიერკავკასიის ბიუროს ცენტრალური რედაქციისაგან დამოუკიდებელი მულტიმედია პლატფორმა ან სოციალური მედიის გვერდი არ გააჩნია.

დავით დოლიძე

წყარო:https://mrdatosblog.wordpress.com/

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way