ხანძრები თბილისის ბაზრობებზე - საერთო ხელწერა და დაუსრულებელი გამოძიებები

გასულ კვირას თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარის შემდეგ, ბაზრობების ხანძრების მძიმე სტატისიკა კიდევ ერთი შემთხვევით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თბილისში ბაზრობებზე 10 ზე მეტი ხანძარი მოხდა. მათი "ხელწერა" თითქმის ერთნაირია - ხანძრები იწყება ღამით, ზიანდება შენობა-ნაგებობები, ზარალდებიან მოქალაქეები და გამოძიებები, რომლებიც იწყება დაუყოვნებლივ, არასდროს მთავრდება, ამიტომაც მუდმივად ისმის შეკითხვა: დაიწვა თუ დაწვეს? ეს კითხვა იქნება იქამდე, სანამ გამოძიება, რომელიმე გახმაურებულ საქმეს ბოლომდე არ გამოიძიებს. საეჭვოდ ემთვევა ხანძრებს შორის ინტერვალებიც. როგორც უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი ამბობს, ხანძრები 5-6 თვიანი ინტერვალებით იწვის, რაც საზოგადოებაში აჩენს დადასტურებულ ეჭვს, რომ ხანძრებს შემთხვევითობასთან არ აქვს კავშირი და ეს ტერიტორიები, სადაც ბაზრობებია განთავსებული, გარკვეული პირების, მათ შორის დეველოპერების სამიზნე ხდება.

თბილისში მომხდარი ხანძრების ქრონოლოგია:

2012 წლის 15 ნოემბერი – ,,ლილოს” ბაზრობა

2013 წლის 26 თებერვალი – სავაჭრო ცენტრი „საბა“

2013 წლის 17 ივლისი – გასართობი კომპლექსი “ევროპარკი“

2014 წლის 16 სექტემბერი -ბოშათა ბაზარი

2015 წლის 21 იანვარი – “ისნის” ბაზრობა

2015 წლის 4 აგვისტო - ელიავას ბაზრობის მიმდებარედ

2017 წლის 30 იანვარი – “ბავშვთა სამყარო”

2017 წლის 2 ივლისი - ელიავას ბაზრობა

2018 წლის 27 თებერვალი - ბაზრობა "თერგი"

2018 წლის 4 მარტი - სასაწყობე ტერიტორია სამგორში

უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი: იმ ხანძრებს, რაც ბოლო წლებში თბილისში მოხდა, ბევრი საეჭვო გარემოება აერთიანებს. ყველა შემთხვევაში ხანძრები მოხდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორც ჩანს, ეს ადგილები, კონკრეტული ადამიანების ინტერესებში მოექცა. ხანძრები უამრავ კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში და სცდება ყოველგვარი შემთხვევითობის ნორმებს, რატომ ეკიდება ცეცხლი მაინცდამაინც ბაზრებს და ბაზრობებს და რატომ ზარალდებიან რიგითი ადამიანები? აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ამ ადამიანების შეკითხვა: რატომ არ ჩნდება ხანძრები იმ ბიზნეს-ობიექტებზე, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პირებთან არის დაკავშირებული? საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხანძრების "ხელწერა" ყველგან ერთნაირი იყო - ხანძარი ჩნდებოდა ღამით, სრულად ნადგურდებოდა შენობა-ნაგებობები, ძალიან დიდი ზარალი ჰქონდათ მოვაჭრეებს, შესაბამისად, ასობით და უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა ამ ხანძრების შედეგად ურთულეს მდგომარეობაში. მე, როგორც უფლებადამცველი, გამოვხატავ იმ ადამიანების ინტერესებს, ვინც დაზარალდა ბოლო ხანძრის შედეგად, რომელიც მოხდა ცოტა ხნის წინ თევდორე მღვდლის ქუჩაზე, თერგის ბაზრობაზე. მე პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული პროცესებში. ადამიანებმა, რომელთაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, დაკარგეს აბსოლუტურად ყველაფერი, შემოსავლის ერთადერთი წყარო, მათ მიადგათ ათეულ ათასობით ლარის ზარალი და რა მოხდა მერე? - მოვლენები ვითარდებოდა ასე- ბაზრობის ადმინისტრაცია ყველა დაზარალებულს იბარებდა ცალკ-ცალკე, მათ აძლევდნენ სხვადასხვა დაპირებებს, მთავარი იყო, მათ არ გამოეხატათ პროტესტი ჟურნალისტებთან, ამიტომაც იყო, რომ ამ ადამიანებმა დაიწყეს განსხვავებული კომენტარების გაკეთება. ჩემთან აბსოლუტურად სხვა რამეს საუბრობდნენ, ტელეკამერებთან კი აცხადებდნენ, თითქოს ზარალი არ უნახავთ და ყველაფერი კარგად იყო.

- იყო თუ არა მათთან საუბარი კომპენსციაზე? როგორც აღმოჩნდა, ოქროს ბირჟის შემთხვევა იყო გამონაკლისი, მხოლოდ ამ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მიიღეს ფულადი კომპენსაცია, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ადამიანები კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.

- გეთანხმებით, ეს ასეა. მე ვიცი, რომ საუბარი იყო ალტერნატიული ფართების გამოყოფაზე. ამ ხელისუფლებას კომპენსაციებზე საუბარი უჭირს. "ოქროს ბირჟის" დაზარალებულების გარდა, სახელმწიფოს თითქმის არც ერთი ხანძრის დროს არ აუნაზღაურებია ზარალი მოვაჭრეებისთვის, იმ შემთხვევაშიც, კომპენსაციები, რაც დარიგდა, მოჰყვა ადამიანების პროტესტს, რომელიც უფრო და უფრო დიდ მაშტაბებს იძენდა. ახლა თერგის ბაზრობის ხანძრის შემდეგ მოვაჭრეებთან მოსული იყო დედაქალაქის მერი, კახი კალაძე, რომელსაც წარვუდგინეთ დაზარალებულების მოთხოვნები. საუბარი იყო ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებაზე, კომპენსაციაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში გადასახადებისგან განთავისუფლებაზე და ბანკებთან ურთიერთობების დარეგულირებაზე. ამ პუნქტების მოთხოვნების შესრულება იქნებოდა სწორი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულების ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება მოხდა, რის გამოც ეს ადამიანები, რომლებიც თავიდან მაინც იმედიანად იყვნენ, რომ მათ თანადგომას გამოუცახდებდნენ, საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს ასე არ იქნება. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიდგომა კერძო საკუთრების, და ზოგადად, ასეთი ადამიანების მიმართ არ არის ჯანსაღი. ჩვენ, რიგით ადამიანებს, ყველას გვესმის მათი გაჭირვება, მაგრამ, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა შედიოდეს მათ მდგომარეობაში, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. ამდენი ხელისუფლება შევიცვალეთ და სამწუხაროდ, ვერ მივედით იმ ეტაპამდე, რომ ქვეყანაში მთავრია დაცული იყოს ადამიანი და კერძო საკუთრების უფლება.

- თითქმის არც ერთი ხანძრის შემთხვევაში, გამოძიება არ მისულა ბოლომდე, არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ხანძარი, ეს რისი მანიშნებელია? რატომ ვერ დადგინდა უმეტეს შემთხვევებში ხანძრის გამომწევევი მიზეზები?

- საზოგადოებაში ეჭვებს ესეც ამყარებს, რომ ფაქტობრივად არც ერთი შემთხვევა არ იქნა გამოძიებული და არ დადებულა კომპეტენტური დასკვნა, რაც გამოიწვია ესა თუ ის ხანძარი. სამწუხაროდ, საზოგადოებას არც აქვს ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მაგრამ ის, რომ ყველა შემთხვევაში იწყება გამოძიება დაუყოვნებლივ და შემდეგ რაღაც ეტაპზე ჩერდება და ბოლომდე არ მიდის, ეს კიდევ დამატებით ეჭვებს იწვევს. იმის დადგენა, თუ რა ინტერესები არსებობს სხვადასხვა ბაზრობებთან დაკავშირებით, არის გამოძიების კომპეტენცია, და თუ იქნებოდა ნება, ამ მიმართულებით მუშაობა სამართლდამცველებისთვის არ იქნებოდა განსაკუთრებული სირთულის ამოცანა, მაგრამ ეს არ მოხდა, რის გამოც საზოგადოებაში არსებობს დადასტურებული ეჭვი, რომ კონკრეტული ადამიანებს აქვთ ინტერესი სხვადასხვა ობიექტების მიმართ.

- ელიავას ბაზრობის შემთხვევას გაგახსენებთ, ხანძრის გაჩენისთანავე ბაზრობის მოვაჭრეებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ხანძარი ხელოვნურად მოხდა, რადგან ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურდა ხელისუფლებას, თუმცა მოვაჭრეთა პროტესტის გამო, მათ უკან დაიხიეს. მაშინ დაზარალებულები ამბობდნენ, რომ მათი ტერიტორიიდან გაყვანა სურდათ, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ბაზრობის გადატანით, ისინი ათეულ ათასობით ადამიანი და მათ უკან მდგომი ოჯახები, შემოსავლის გარეშე რჩებოდნენ.

- თუნდაც ელიავას ბაზრობის მაგალითი რომ ავიღოთ, რაც დრო გავიდა, დადასტურდა, რომ ხელისუფლების, სახელმწიფოს ინტერესი მართლაც იყო თბილისის ცენტრში მდებარე ის ტერიტორია, რომელზეც ელიავას ბაზრობა მდებარეობს. ეს იყო კონკრეტული ადამიანების ინტერესი, ბაზრობა სხვა ადგილას გადასულიყო. ეს იყო კერძო საკუთრების ხელყოფა. ის, რომ ხანძრები მიზანმიმართულად ხორციელდება, იმითიც დასტურდება, რომ ხშირად მართლდება ეჭვები, რომელიც არის საზოგადოებაში- გარკვეული პერიოდის შემდეგ დამწვარი ბაზრობების ადგილზე, ვხედავთ სავაჭრო ობიექტებს, საცხოვრებელ კორპუსებს. დააკვირდით, როგორ არის „დაცული" ინტერვალი გახმაურებულ ხანძრებს შორის - ხანძრიდან ხუთი-ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ცხრება პროტესტი და ეჭვები საზოგადოებაში, აგიზგიზდება ხოლმე ახალი ხანძარი. ზაფხულის პერიოდში გაჩენილ ხანძრებს ხელისუფლება ხშირად მაღალ ტემპერატურას აბრალებს, ზამთარში, ეს არგუმენტი ვერ მუშაობს. ქუჩაში, ნებისმიერი ათი მოქალაქე რომ გააჩეროთ, ცხრა მოქალაქე გეტყვით, რომ ხანძრები შემთხვევით არ ხდება. ჩემი აზრით მიმდინარეობს "ბაზრობების" ჩანაცვლების პროცესი დიდი სავაჭრო ობიექტებით, რომლებიც უწევენ კონკურენციას ბაზრობებს და ცდილობენ ჩაანაცვლონ ისინი.

- ისევ ელიავას ბაზრობის მაგალითს გაგახსენებთ, თავად ბაზრობის მეპატრონეები, დიდი ხანია ითხოვენ, რომ მიეცეთ უფლება, ელიავას ტერიტორიაზე მათ მიერვე აშენდეს თანამედროვე სავაჭრო მოლი, კეთილმოწყობილი მაღაზიებით, გამწვანებული სივრცეებით, დასასვენებელი ადგილებით, სადაც ისევ ის ადამიანები იმუშავებენ, ვინც დღეს არიან დასაქმებული ბაზრობაზე, თუმცა ამაზე ჯერჯერობით არ არსებობს ხელისუფლების ნება. მერიას ამ ტერიტორიის სივრცითი მოწყობის სხვა გეგმა აქვს, თუმცა როგორც არსებობს ინფორმაცია, და მიმდებარე ტერიტორიებსაც უკვე ეტყობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ელიავას ბაზრობაც შეიძლება გახდეს არა რეკრეაციული ზონა, არამედ დეველოპერების სამიზნე.

- რაც უფრო მეტი კომფორტული და კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრი იქნება, ამას რა სჯობია, მთვარია, დაცული უნდა იყოს კანონი და კერძო საკუთრების უფლება. რა ჯობია, თუ ასეთი სავაჭრო ცენტრი იქნება ქალაქის ცენტრში, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულია ადგილმდებარეობის გამო. თუ დავუშვებთ, რომ როგორც ელიავას ბაზრობის, ასევე სხვა ბაზრობების ხანძრები სპეცსამსახურების მიერ იყო გაჩენილი, ცხადია, რომ ეს იყო შორსმიმავალი გეგმა. ყველა დამწვარ ბაზრობასთან დაკავშირებით იყო ერთი და იგივე ნარატივი, ბაზრობების შემდეგ ამბობდნენ, რომ ბაზრობა აუცილებლად აღდგებოდა და იქ დაბრუნდებოდნენ მოვაჭრეები, შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ შენობა-ნაგებობა ექსპლოატაციისთვის შეუსაბამო იყო და დემონტაჟს ექვემდებარეობოდა. იგივე მოხდა ბავშვთა სამყაროს შემთხვევაშიც, როგორც ვიცი, იქ დიდი სავაჭრო ქსელის აშენება იგეგმება, გამორიცხული არაა, ასეთი ბაზრობების ადგილი, დეველოპერების ინტერესის საგანიც იყოს, და მრავალსართულიანი კორპუსები წამოიმართოს, მით უმეტეს, რომ ასეთი ფაქტების წინაშე უკვე არაერთხელ დავდექით, ასეთ ადგილებში ხომ სამშენებლო ბიზნესის გაკეთება განსაკუთრებით მომგებიანია, შესაბამისად, არ გამოვრიცხოთ, რომ რომელიმე, სტრატეგიულ ადგილზე მდებარე ბაზრობაზე, ღამის 12 საათზე ახალი ხანძარი აგიზგიზდეს.

თამარ ჩხენკელი

წყარო: www.newpost.ge
FaceBook Twitter Google