„ის ადგილები, სადაც ღია მდგომარეობაში იყიდება ქვიშა, ცემენტი, იჭრება ქვა, მუშაობს "პროფილაქტიკები", ელიავას ბაზრობას არ ეკუთვნის“ - თეა ანდრიაძე
ბოლო რამდენიმე თვეა თბილისის მიწათსარგებლობის გენ-გეგმა დიდი აჟიოტაჟის თემად იქცა, მის განხილვაში ჩართული სპეციალისტების არაერთ უარყოფით მოსაზრებას და დასკვნას, თბილისის მოსახლეობის უმეტესობის მკვეთრად გამოხატული, ნეგატიური დამოკიდებულებაც მოჰყვა. თბილისელები ფიქრობენ, რომ ახალი პროექტი არ არის მორგებული დედაქალაქის და მისი მაცხოვრებლების ინტერესებზე, რისი მაგალითებიც საკმაოდ მრავლადაა. სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ ახალი გენ-გეგმა თბილისის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით მოიცავს სახიფათო რისკებს, მათი მოსაზრებით, მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში, ახალი გენ-გეგმა არის არა ახალი კონცეფცია, არამედ ძველი გენ-გეგმის ცუდი ვერსია, რომლის მიხედვით "განვითარებული", ე.წ. კომპაქტური ქალაქი ჩვენ უკვე ვნახეთ სპორტის სასახლის მიმდებარედ თუ ყიფშიძის ქუჩის განაშენიანების მაგალითზე.

მათ შორის, ვინც ახალ გენ-გეგმას არგუმენტირებული მოსაზრებებით აკრიტიკებს არის ქალბატონი თეა ანდრიაძე, შპს "ჯითი თრეიდის" დირექტორი. მისი კომპანია "ელიავას" ბაზრობის 11 მიწის მესაკუთრე შპს-ს შორისაა. თეა პროფესიონალი დიპლომატია, სორბონის უნივერსიტეტის ყოფილი დოქტორანტი, იტალიაში ტრიესტეს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მაგისტრი. მან 14 წელი გაატარა მაღალი რანგის დიპლომატიაში, და გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდა, ქალბატონი თეას მიწათსარგებლობის ყბადაღებულ გენ-გეგმის, ელიავას ბაზრობის სამომავლო პერსპქტივების და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ თემებზე ვესაუბრეთ.

- ქალბატონო თეა, ბოლო რამდენიმე თვეა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოქეცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელთან დაკავშირებითაც, როგორც ექსპერტების, ასევე უამრავი ამ საქმეში ჩახედული ადამიანის პოზიცია მკვეთრად უარყოფითია, როგორია თქვენი მოსაზრებები თბილისის მიწათსარგებლობის გენ-გეგმასთან დაკავშირებით?

- თბილისის მიწათსარგებლობის გენ-გეგმა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაიწუნეს და დაახარვეზეს ევროპის წამყვანმა ექსპერტებმა არქიტექტურის და ურბანისტიკის დარგში, რომლებიც თავად მერიის წარმომადგენლებმა მოიწვიეს. ამ გენ-გეგმის წინააღმდეგები არიან ცნობილი ქართველი ურბანისტები და არქიტექტორები. საერთოდ, როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან პროექტს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რამდენად ხარისხიანად არის ის შესრულებული, უნდა შეაფასონ დარგის ექსპერტებმა, მათ უნდა დადონ კომპეტენტური დასკვნა. უცხოელმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს უარყოფითი დასკვები, მათი გამოსწორების ვადებიც დადგენილია. მერწმუნეთ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რომ ევროპელი პროფესიონალებისთვის საჭირო არ არის 1000 გვერდიანი ტომების თარგმნა, მათთვის რუქებზე გადახედვაც კი საკმარისია დასკვნების გამოსატანად. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ჩემი მოსაზრებები ემთხვევა თბილისის მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მოსაზრებებს, რომლებსაც ქვემოთ მოგახსენებთ. მიწათსარგებლობის გენ-გეგმა მიუღებელია რამოდენიმე ფაქტორის და ლოგიკური დასკვნის გამო, პირველ რიგში გეტყვით, რომ გენ-გეგმა არ არის საზოგადოების თანხმობის დოკუმენტი, როგორც უნდა იყოს. ეს მოთხოვნა პირდაპირ არის მითითებული მიწათსარგებლობის დავალებათა ნუსხაში, რომლის მიხედვითაც გენ-გეგმა საზოგადოების თანხმობის დოკუმენტს უნდა წარმოადგენდეს. სად არის საზოგადოების თანხმობა? რა მივიღეთ ჩვენ? გენ- გეგმა ემსახურება არა სახელმწიფო ინტერესებს, პირიქით, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებას და გახლეჩას უწყობს ხელს, რაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. გენ-გეგმა უნდა იყოს დასაბუთებული, და ემსახურებოდეს ქალაქის ეკონომიკურ –სოციალურ განვითარებას. ესეც პირდაპირ მითითებულია დავალებათა ნუსხაში; დაფუძნებული უნდა იყოს თითოეული მოსაზრების ეკონომიკური გათვლებზე და ფინანსური დასაბუთებაზე, რაც ასევე არ არის დაცული. არ ფიქრობთ, რომ არალოგიკურია, როდესაც რეკრეაციულ ზონები უნდა გადაიქცეს კორპუსების ჩადგმის ზონებად, ანუ სამშენებლო სამრეწველო ზონებად, და არარეკრეაციული ზონები, ტერიტორია, სადაც ხეები და ბალახები არ ხარობს და არ არის, უნდა გადაიქცეს რეკრეაციულ ზონებად. ანუ რა გამოდის? ბიუჯეტმა უნდა იზარალოს. ამ გეგმის მიხედვით, გამწვანებული ტერიტორიაზე და რეკრეაციულ სივრცეებში, სადაც ადაპტირებულია მცენარეების არსებობობა, უნდა მოვჭრად ხეები და "ჩავრგათ" კორპუსები და იქ, სადაც ხეები არ ხარობს და არ არის სათანადო სივრცე, უნდა მოვჭრათ ასფალტის ფენები, შემოვიტანოთ მიწა, ჩავრგათ ხეები, რომლებიც, ან გაიხარებს ან - არა.… ეს ხომ ალოგიკურია…და სასაცილო. ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება უზარმაზარი ფინანსები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ბიუჯეტის გაკოტრებასთან. იმის მაგივრად, რომ დახმარება გავუწიოთ ათასობით სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ადამიანს, რომელთათვისაც დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვხარჯავთ ფულს გაუაზრებელ გეგმაზე. სამუშაო ადგილები, უმუშევრობა ჩვენი სახელმწიფოს მთავრი გამოწვევაა, იმის მაგივრად, გენ-გეგმა მიმართული იყოს ამ ადამიანების დასაქმებაზე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე, ეს ე.წ. ავადსახსენებელი გენ გეგმა ბიუჯეტის განადგურებაზე და არამიზანმიმართულ დანახარჯებზე რატომ უნდა იყოს ორიენტირებული?! ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს სხვა მოქალაქეებთან ერთად ავსებენ ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები და მეწარმეები, ელიავას ბაზრობიდან ყოველწლიურად ბიუჯეტში შედის 125 მილიონი ლარი, რაც უნდა იყოს მიმართული ეკონომიკის ამუშავებაზე, ეკონომიკის გაძლიერებაზე, უმუშევრობის დაძლევაზე, სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე. ეს გენ-გეგმა კი ბიუჯეტის დაქცევაზეა ორიენტირებული.

ჩემთვის გაუგებარია, როგორ არის გენ-გეგმაში ასახული მიგრაციის პრობლემები, რას ნიშნავს კომპაქტიური ქალაქი. ადამიანები ვერ მიხვდნენ და ფიქრობენ, რომ კორპუსებს შორის კიდევ უნდა ჩაიდგას კორპუსები. ბოლო წლებში საქართველოში შიდა მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია, მძიმე სოციალური ფონის გამო ხალხი სოფლებიდან ქალაქში გადმოდის საცხოვრებლად, სამწუხაროდ, თითქმის დაიცალა ჩვენი სოფლები. როგორ გავიგოთ კომპაქტური ქალაქი? სად უნდა წავიდეს ამდენი ხალხი. გასაგებია ზოგიერთის მოსაზრება, რომ ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს სოფელში, მაგრამ ვის აქვს უფლება, ლუკმა-პურის საშოვნელად წამოსულ კაცს თბილისში ცხოვრება აუკრძალოს და მოსთხოვოს, უკან, სოფელში დაბრუნდიო. ასეთი კანონი არსად არ არსებობს. ადამიანები სადაც შოულობენ საარსებო წყაროს, იქ მიდიან საცხოვრებლად. როგორ არის ასახული მიგრაციის პრობლემები და გამოწვევები კომპაქტურ ქალაქში?

გენგეგმა მსუბუქად რომ ვთქვათ, გვერდს უვლის ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა სატრანსპორტო და საკანალიზაციო სქემები. მათ გარეშე გენ გეგმა არის ფარატინა ქაღალდი. რამდენადაც ვიცი, გენგეგმაში არც ეს მნიშვნელოვანი თემა არ არის კვალიფიციურად ასახული.

-რამდენადაც ცნობილია, სითი ინტიტუტმა რეკრეაციული სტატუსი მიანიჭა ელიავას ბაზრობას. და შეუცვალა ზონალობა. თქვენი აზრით, რატომ მიანიჭა "სითი ინტიტუტმა" ელიავას ბაზრობას რეკრეაციული სტატუსი. ოდესმე თუ იყო ის რეკრეაციული ფუნქციით დატვირთული?

კიდევ ერთელ ვიტყვი, რეკრეაციულ ზონებში კორპუსები ჩაიდგას და იქ, სადაც ბალახები და ხეები არ არის, რეკრეაცია მოეწყოს, არაგონივრული გეგმა მგონია. ზოგადად ყველაფერი შესაძლებელია, დუბაიში ხელოვნურ კუნძულებს აშენებენ და მარსზე ქალაქის გაშენება ყოფილა შესაძლებელი. მაგრამ გამოვიდეთ ჩვენი რეალობიდან. ჩვენ არ ვართ ნავთობის მომპოვებელი, ძლიერი ქვეყანა, არ გვაქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები. ყველამ ვიცით, რომ როგორც კი საზღვარი გაიხსნა 800 000 ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ჩვენ ბიუჯეტი უნდა ვხარჯოთ ეკონომიურად და გონივრულად და არ უნდა ვფლანგოთ, როგორც ეს გენ-გეგმის მიხედვით არის შემოთავაზებული. ამას გარდა, ზონალობის შეცვლა შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ მას არ უპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესი.

ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს - ეს გენ-გეგმა პირდაპირ ხელყოფს კერძო საკუთრებებს. სივცით კანონში, რომელიც არის მიწათსარგებლობის გენ-გეგმის ძირითადი საყრდენი კანონი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ ტერიტორიები უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ არ ლახავდეს მესაკუთრეთა და საზოგადოებრივ ინტერესებს.

კერძო საკუთრება დაცულია კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო კანონმდებლობით. გენ-გემა უნდა აწესრიგებდეს ქალაქის მთელ რიგ პრობლემებს, მაგრამ სხვისი საკუთრების განკარგვის უფლება მას მინიჭებული არ აქვს, არ დგას საერთაშორისო კანონმდებლობაზე თუ ქვეყნის კონსტიტუაციაზე და კანონმდებლობაზე მაღლა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კერძო მესაკუთრეს ჩამოართმევს ტერიტორიას, ძალით გადააცვლევინებს და სხვა მსგავს ბოლშევიკურ მოქმედებებს განახორციელებს, და ამ ქმედებებზე იქნება დაფუძნებული გენ გეგმა - ეს პირდაპირპროპორციულია დემოკრატიული ქვეყნის მოსპობის, ინვესტორთა დაშინებისა და გაფრთხილების. ეს სიგნალები ახალ გენ-გეგმაში მკაფიოდ ჩანს, უფრო მეტიც გენ-გეგმა პირდაპირ მიუთითებს, რომ კერძო საკუთრებები გადაიცვალოს და ა.შ, ამიტომაც არის ის ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული. როგორც ავღნიშნე, ელიავას ბაზრობიდან 125 მილიონი ლარი შედის ბიუჯეტში ყოველწლიურად, საგადასახადო მონაცემებით. აქ ბიზნესი წლებია ადაპტირებულია. აქ აიდგა ფეხი ქართულმა ბიზნესმა. ასე ხელაღებით, ადაპტირებული ბიზნესის ჩამოშლით ან დილეტანტი თუ იქნება დაინტერესებული, ან ანტისახელწმიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. როგორც გაწერილია სივრცით კანონში, რომელიც გახლავთ საფუძველი მიწათსარგებლობის გენ გეგმის, ზონალობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესი.ელიავას შემთხვევაში, არც ერთ მიწათსარგებლობის გენ- გეგმაში არც 2009 წლის, და არც 2014 წლებში რეკრეაცია ამ ადგილს არ განიხილებოდა, ის ყველთვის იყო სამრეწველო ზონა, ზონალობის შეცვლას უპირისპირდება და ეწინააღმდეგება 15 ათასი მეწარმე და აქ მომუშავე ადამაინები, მათ უკან მდგომი ოჯახებით, რომელიც მერწმუნეთ, საკმაოდ მრავარიცხოვანი ძალაა და ქმნიან საზოგადოებრივი აზრს. გამოდის ეს საზოგადოების თანხმობის დოკუმენტი?! მით უმეტეს, რომ მიწათსარგებლობის გენ გეგმაში პირდაპირ მითითებულია, რომ მგგ –ს გადამწყვეტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბიზნესისა და მომსახურების სექტორების ზრდა მოითხოვს საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის განვითარებას. როდესაც პირდაპირ მითითებულია მათ დავალებათა ნუსხაში, რომ გეგმა ორიენტირებული უნდა იყოს რეკონსტრუქციისკენ, რატომ არ უნდათ აქ, ამ ადგილის რეკონსტრუქცია გეგმის ავტორებს, მით უფრო, რომ ეს ყველასთვის სასარგებლოა და მისაღები.

ელიავას ბაზრობაზე მომუშავე ხალმა გამოიარა გაჭირვება, ომი, უამრავი დაბრკოლება და ამას ყველაფერს გაუძლო. აქაურობა მათთვის მეორე სახლად იქცა და შენ გინდა ეს ერთი ხელის მოსმით მოშალო? იმის მაგივრად ხელი შეუწყო, რომ ეს ადგილი გარდაიქმნას ლამაზ სავაჭრო გასართობ ტერიტორიად, სადაც რეკრეაციული ჩანართებიც იქნება, ხელს უშლი? ამას ეს ხალხი, ვინც წლებია აქ ვაჭრობს და ოჯახებს ინახავს, არ შეეგუება. გარდა ამისა, ეს არის კერძო საკუთრება, კერძო საკუთრებების ხელშეუხებლობა და დაცვა –ეს სახელმწიფოს დემოკრატიულობის და სიძლიერის გარანტია. მეორე საკითხია, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიის რეკონსტრუქცია და სავაჭრო-გასართობ-დასასვენებელ ხივრცედ მოწყობა, რაც დიდი ხანია, არის ჩვენს გეგმაში, მაგრამ პროექტები ხომ უნდა დაგიმტკიცონ.

მოგახსენებთ, რომ ზონალობის შეცვლის მოაზრება მიწათსარგებლობის გენ-გეგმაში მოხდა ყოველგვარი კველევისა და დასაბუთების გარეშე, რაც ეწინააღმდეგებოდა მიწათსარგებლობის გენ-გეგმის დავალებათა ნუსხას. ჩვენ მზად ვიყავით მეცნიერთა ჯგუფების მიერ ჩატარებულიყო ელიავას ტერიტორიისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთების –სამტრედიის ქუჩიდან – მუშტაიდის ბაღის ჩათვლით, წერეთლის გამზირის და მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჩათვლით არსებული ტერიტორიის კვლევა-ძიება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა როგორც ქალაქმშენებლობითი, ასევე ეკონომიკური, სოციალურ- კულტურული, სატრანსპორტო, კომუნიკაციების და სხვა სისტემების თვითმდგრადობა და განვითარების პერსპექტივები და ამითი წვლილი შეგვეტანა ქალაქის სწორ დაგეგმარებაში.. უფრო მეტს გეტყვით, მიწათსარგებლობის გენ-გეგმის შემუშავებისას, კონკრეტულად ამ ადგილთან დაკავშირებით, არ იყო გავლილი კონსულტაციები "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიის მესაკუთრეებთან, რამაც გამოიწვია, რომ ეს დოკუმენტი არის არა საზოგადოების თანხმობის დოკუმენტი, არამედ დიდი უკმაყოფილებისა და განხეთქილების. "ელიავას" ბაზრობის ტერიტორია ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც სავაჭრო –საზოგადოებრივი და საქმიანი ზონა, სადაც დასაქმდა ათასობით ადამიანი, მათ შორის თვითდასაქმებულები, რომლებიც აქ დღემდე განაგრძობენ საქმიანობას. განვითარდა მცირე და საშუალო ბიზნესი, რამაც თავისი დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს ეკონომიკურ წინსვლასა და გაძლიერებაში. ეს ადგილი გარკვეულწილად ჩამოყალიბდა როგორც ქართული ბიზნესის "აკვანი". აღნიშნული ტერიტორიის ფუნქციის და ზონის "რეკრეაციულ ზონად" მოაზრება- საკითხის ამგვარად დაყენება, დაკავშირებულია ათასობით დასაქმებული ადამიანის სამუშაო ადგილის დაკარგვასთან, აქ უკვე წლებია ადაპტირებულია ბიზნესი და არც არასდროს არსებობდა რეკრეაციული სივრცე.

ვფიქრობ ეს მოხდა გაუზრებლად, წინდაუხედავად ან ანტისახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რადგან ასეთი გადაწყვეტილება იწვევს აქ დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მზარდ უკმაყოფილებას.

"ელიავაზე" დასაქმებულთა და მოვაჭრეთა მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, აღნიშნული ბუნდოვანი საკითხების და შექმნილი პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მიწათსარგებლობის გენ-გეგმის საჯარო განხილვების ფარგლებში, "ელიავას ბაზრობაზე" დასაქმებულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა და აგრეთვე მესაკუთრეებმა, ვთხოვეთ შეხვედრა ბატონ დავით ნარმანიას. შეხვედრის მიზანი იყო მერიას გაეთვალისწინებინა ამ ათასობით ადამიანის საზოგადოებრივი აზრი. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ამ ტერიტორიაზე ბიზნესის, ვაჭრობის ხელშეწყობასთან და გაფართოებასთან ერთად ამ ტერიტორიის გალამაზებით და კეთილმოწყობით, და არა წლების განმავლობაში ადაპტირებული ბიზნესის ჩამოშლით. ამ ადამიანების მოთხოვნა იყო მიწათსარგებლობის გენ-გეგმა გამხდარიყო კერძო სუბიექტების ინტერესების და სახელმწიფოს ურთიერთთანხმობის დოკუმენტი, როგორც ეს სივრცით მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონშია გაწერილი. 2017 წლის 14 აგვისტოს შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თბილისის ყოფილი მერი დავით Nნარმანია, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, აგრეთვე სითი ინსტიტუტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაჟღერდა და დადგინდა, რომ აუცილებელად უნდა მოხდეს ე.წ. "ელიავას ბაზრობის " რეკონსტრუქცია იმგვარად, რომ გათვალისწინებული იყოს მესაკუთრეების, მოვაჭრეების, მოსახლეობის ინტერესები. მოხდა შეთანხმება, რომ ტერიტორიის გალამაზებისა და კომფორტულად მოწყობის მიზნით, ე.წ. "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე მოხდება ერთიანი განვითარების გეგმის შემუშავება, ყველა მიწის ნაკვეთის განაშენიანების თანაბარი პირობების დაცვით, ერთიანი განვითარების გეგმის ფარგლებში. ჩვენ ველით რომ ეს პირობა დაცული და შესრულებული იქნება, როგორც ეს ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება.

- საზოგადოების ნაწილი მომხრეა, რომ ბაზრობები ქალაქის ცენტრიდან მოშორებით იყოს გადატანილი, ნაწილი კი ბაზრობების ცენტრში დატოვებას და მათ მოწესრიგებას მოითხოვს, რადგან თბილისის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ქალაქის ცენტრში ბაზრობაზე მოხვედრა ბევრად მარტივია და მოსახერხებელი, ვიდრე- გარეუბანში. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? აქვე გკითხავთ, რატომ მიიჩნევა ადგილები, სადაც პროფილაქტიკებია განლაგებული და სადაც ღია მდგომარეობაში იყიდება ქვიშა, ცემენტი, იჭრება ქვა, თქვენს ტერიტორიად, მაშინ როცა ეს ტერიტორია თქვენ არ გეკუთვნით და რატომ შეუნარჩუნდა ამ ტერიტორიებს სამრეწველო ფუნქცია?

- ეს არის ერთ-ერთი დიდი კითხვის ნიშანი. ზოგიერთ ბაზრობას, სადაც იყიდება სანიტარული ტექნიკა, განათებები, ათასი წვრილმანი და მოსაპირკეთებელი მასალები პირობითად ბაზრობა კი ჰქვია, მაგრამ ძირითადად უფრო სავაჭრო მოლის დატვირთვა აქვს. იქ კი სადაც ღია მდგომარეობაში იყიდება ქვიშა, ცემენტი, მიმდინარეობს ქვის დაჭრა, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, არის მძიმე სამშენებლო მასალები, თუნდაც გამოფენის მიმდებარე ვაჭრობა, რომელსაც ბატონი თემურ ჭყონიაც კი შეცდომით უწოდებს ელიავას ბაზრობას და ასევე ბევრ ადამიანს ეშლება, არ არის ჩვენი ტერიტორია. საერთოდ, მძიმე სამშენებლო მასალების ღია სივრცეში ვაჭრობას უნდა არეგულირებდეს კანონი. იმ ადგილებისთვის, სადაც ჯანმრთლობისთვის საშიში ქმდებები ხორციელდება, სითი ინტიტუტს არ მიუნიჭებია რეკრეაციული სტატუსი, ისინი რატომღაც. ისევ სამრეწველო ზონებადაა მონიშნული და გენ-გეგმაში არც გადაცვლაზე აქვთ საუბარი.

ასევე, სადაც განლაგებულია პროფილაქტიკები და მიმდინარეობს საბურავებით ვაჭრობა –არც ესაა ელიავს ბაზრობა, და კიდევ მრავალი ასეთი ადგილია დიდუბეში. საოცარია, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" ერთ-ერთმა მესვეურმა, ბატონმა სალუქვაძემ სპეციალურად ამ ადგილებს რატომ "დაარქვა" ელიავას ბაზრობა და აამხდრა ზოგიერთი თავისი ნაცნობი ქალბატონი. ეს დაახლოებით ასეა- მარტივად რომ ვთქვათ, ლონდონს რომ პარიზი დააქვა. ამას იმეორებს ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც, რომ ლონდონი თურმე პარიზია, ანუ გამოფენასთან არსებული ბაზრობა, თურმე ელიავაა. ეს მეთოდიკა მაგონებს რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო ბრძოლის მეთოდიკას, რომელიც როგორც სჩანს ბატონი სალუქვაძისთვის კარგად ნაცნობია. ეს მეთოდიკა არც ჩემთვისაა გაუგებარი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვარ და კარგად ვიცი რას ემსახურება მსავსი მეთოდოლოგიები. ასეთი ქმედებანი არის ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას და გახლეჩას, დეზინფორმაციის გავრცელებას.

- ელიავას ბაზრობის თემას ბევრი პოლიტიკოსი იყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, მათი მოსაზრებით, თუ გენ-გეგმა არ იქნება მიღებული ქალაქი დაიღუპება. თქვენ რას ფიქრობთ?

- პროფესიული, ევროპული სტანდარტების გენ -გეგმა ყველა თბილისელის ოცნებაა, რათა დარეგულირდეს თითოეული უბნის იერსახე და გადაწყდეს სხვა მრავალი პრობლემა. შეგასხსენებთ, რომ მიწათსარგებლობის გენ-გეგმა მიღებული იყო 2009 წელს და 2014 წელს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მიგვეღო სპორტის სასახლის უკან მდებარე ტერიტორიაზე უსახური განაშენიანება, აგრეთვე -ვაკეში, ტაბიძის ძეგლის უკან მდებარე მიკრორაიონის უსახური სახე, და მრავალი სხვამრავალი ადგილი, რაც თბილისელებისათვის მიუღებელია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოდ, ის გენ- გეგმა არ იყო პროფესიულ დონეზე შესრულებული და იყო უხარისხო, რაც შეეხება სალუქვაძისეულ ე.წ. გენ გემას –ეს არის 2009 და 2014 წლის გენ გეგმის განახლება. თავიდან არაფერი დაწერილა და არ შექმნილა, შესაბამისად, მივიღებთ იგივე შედეგს, რაც აქამდე გვქონდა. თუ პროდუქტი ხარისხიანი არაა, მისგან დამზადებული კერძი მოგწამლავს. ასე იყო 2009 წლის შემდეგ, როდესაც მიიღეს უხარისხო გენ-გეგმა, შესაბამისი შედეგიც სახეზე. ასე იქნება ამ განახლებული გენ გეგმის მიღების შემთხვევაშიც, მიტ უმეტეს ამ გენ-გეგმას ვერ დავარქმევ ევროპული სტანდარტების გეგმას, და საერთოდ ეს რა ქაღალდების ხროვაა -სახელიც არ მაქვს.

გენგეგმა მორგებული უნდა იყოს არსებულ რეალობაზე, პრობლემატიკაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირია აბრეშუმის გზის ფუნქციის აღორძინება, სადაც თბილისს როგორცსავაჭრო ცენტრს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.. ეს ფუნქციას უნდა იყოს შემოქმედებითად გაცოცხლებული რათა თბილისი თავისებური კოლორიტი გაცოცხლდეს.

ამდენი მშენებლობის ნებართვებია გაცემული, უკვე არსებობს ამდენი ავარიული და უხარისხო მასალით ნაშენი, უსახური შენობები, გენ-გეგმაში ამის მოწესრიგებაც უნდა იყოს ასახული. რატომ გვავიწყდება ქალაქის თავდაცვითი უნარიანობის ეფექტურობა –ესეც ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია.

თბილისელებს გვინდა ლოგიკური, პროფესიონალური, დახვეწილი, ეკონომიკურ გათვლებზე და ფინანსურ დასაბუთებებზე გათვლილი გენ- გეგმკა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი უნდა კეთდებოდდეს გონივრული გათვლებით, მათ შორის, განაშენიანება არ მოხდეს იქ, სადაც გადატვირთულია უბნები და არსებობს გეოლოგიური საფრთხეები, ხოლო სადაც აუცილებელია განაშენიანება უნდა იყოს წახალისებული.

- როგორია ელიავას ბაზრობის სამომავლო პერსპექტივა, როგორ გესახებათ ელიავას ბაზრობის მფლობელებს ბაზრობის მომავალი?


- ჩვენი მიზანია, ელიავას ტერიტორია განაშენიანდეს თანამედროვე მოდელების მიხედვით, ამისთვის ჩვენ დიდი ხანია ვიღწვით. გვინდა, რომ ეს იყოს კერძო სექტორის და მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო, საუკეთესო მაგალითი, და დაცული იყოს თითოეული მოვაჭრის, მოსახლეობის, მესაკუთრეების ინტერესები და რა თქმა უნდა, ქალაქის ადმინისტრაციის ეხედულებები და ინტერესები. ამაზე საუბარი იყო უკვე 2017 წლის 14 აგვისტოს. ჩვენი მიზანია მოხდეს მთელი ტერიტორიის თანამედროვე მოდელებით რეკონსტრიუქცია, მისი ერთიანი განაშენიანების ფარგლებში, ისე რომ ყველა მესაკუთე ერთნაირ პირობებში იყოს განაშენიანების თვალსაზრისით. ელიავას ბაზრობაზე არის 11 მიწის მესაკუთრე შპს, დიდი, საშუალო თუ მცირე და ორ კაპიტალურ შენობაში 150 მდე მაღაზიის მესაკუთრე, გარდა ამისა ზოგიერთ მიწის მესაკუთრე შპს-ს იჯარის უფლებები გაყიდული აქვს დაახლოებით 100 ადამიანზე. თუ არ მოხდა ამ ტერიტორიის ერთიანი დაგეგმარება, თანაბარი პირობებით,რაზედაც იყო შეთანხმება, თუ არ დაგვიმტკიცეს პროექტები, ეს ადგილი მუდამ განუვითარებელი დარჩება, რაც მერწმუნეთ არც ჩვენი, არც ქალაქის, არც მოსახლეობის და მეწარმეების ინტერესში ეს არ შედის. ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, რათა ეს პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ გადაიჭრას.

წყარო: www.newposts.ge
FaceBook Twitter Google