საკონკურსო განაცხადი - გენგეგმის საეჭვო გარიგებები, დამალული ბიუჯეტი და საზოგადოების საფუძვლიანი კითხვის ნიშნები
თბილისის მიწათსარგებლობის გენ-გეგმის ისტორია დასასრულიკენ მიდის, ძალიან მალე გახდება ცნობილი იმ დოკუმენტის ბედი, რომელიც თვეებია ჩვენი საზოგადოების განხილვის თემაა და უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს., შესაბამისად, სპეციალისტების მიერ არაერთგზის დაწუნებულ გენ-გეგმას არც სკანდალები აკლდა და არც ხმაური. იურისტები, აცხადებენ რომ საფუძვლიანი ეჭვები, საეჭვო გარიგების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც გამოცდულ ორგანიზაციებს შორის საკონკურსო წესით სითი ინსტიტუტი შეარჩიეს, ორგანიზაცია, რომელიც კონკურსის გამოცხადებიდან 41-ე დღეს დაფუძნდა. იმ შეკითხვებით, რაც გენ-გეგმის საეჭვო გარემოებებით დაწყებულ სტარტს, შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და დამალულ ბიუჯეტს უკავშირდება, "ქართული სამართლის კორპუსის" თავმჯდომარეს ნათია ჯანელიძეს მივმართეთ.

- ქალბატონო ნათია, მუდმივად მუსირებს აზრი, რომ დარღვევებით ჩატარდა კონკურსი, რომლითაც მერიამ გენ-გეგმის ავტორად სითი ინსტიტუტი საქართველო შეარჩია, რომ ასევე იყო დარღვევები იმ კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით, რომელთაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა გენ-გეგმის მომზადებაში, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ გარიგებების დეტალებთან დაკავშირებით?


- 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.. აღნიშნული დროისთვის წარმოდგენილ იქნა 11 საკონკურსო წინადადება. წესით, კონკურსი უნდა ჩატარებულიყო ორ ეტაპად, თუმცა ჩატარდა მხოლოდ ერთი ეტაპი. რომლის საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. ამავე დღიდან, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენის მიზნით, მუშაობა დაიწყო საკონკურსო კომისიამ. თუმცა რამდენად შეესაბამებოდა საკონკურსო კომისიის წევრთა კვალიფიკაცია შესამუშავებელ დოკუმენტის არსს, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ბევრი შეკითხვები წარმოიშვა თუ რამდენად მიუკერძოებლად და ობიექტურად ჩატარდა კანდიდატების გადარჩევა. საბოლოოდ ბევრ გამოცდილ ორგანიზაციას შორის კონკურსის გამოცხადებიდან 41-ე დღეს დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ა (ა) იპ „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ გაიმარჯვა, თუმცა კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, ეს არ ნიშნავდა რომ სწორედ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ უნდა შეემუშავებინა გენ-გეგმა, თუმცა მთავრობამ თავისი განკარგულებით სწორედ მას დაავალა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა. მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში დადგენილია წინაპირობები, იმის შესახებ რომ ორგანიზაცია, რომელიც ამგვარ კონკურსში იღებს მონაწილეობას დაფუძნებული უნდა იყოს მინიმუმ 1 წლის ვადით ადრე, უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით, და დაკომპლექტებული უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებით. აღნიშნულის შესაბამისად, რა მოცემულობა გვაქვს სახეზე? ტენდერის გამოცხადებიდან 41 დღის შემდეგ დაფუძნებულ ორგანიზაციას ვანდობთ ქალაქის განვითარების საკითხის გადაწყვეტას, არანაირი რეპუტაცია არ გააჩნია საზოგადოებაში, მზგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ გააჩნიათ და აგრეთვე, თანამშრომლობს იმ კომპანიებთან, რომელთა სამუშაო მიმართულებები საერთოდ არ არის ასახული ქალაქის გენ-გეგმაში, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შინაარსი გასაიდუმლოებულია. ასეთ კომპანიას ვანდობთ 2 800 000(ორი მილიონ რვაასი ათასი)ლარს, რომელიც შეგახსენებთ რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფორმირდება.

ააიპ „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ გაიმარჯვა ამ კონკურსში და მიიღო 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი როგორც გამარჯვებულმა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესამუშავებლად თბილისის მთავრობამ გამოსცა N2212 განკარგულება, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი ინტერესებიდან და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარის გამოყოფას გენგეგმის შესამუშავებლად. ისმის შეკითხვა, ხელშეკრულება რომელიც 18 თვის ვადით დაიდო ( დღეის მდგომარეობით კი 2 წელზე მეტია გასული) რამდენად ჯდებოდა გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში? რა საკვირველია, ამ ვადების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა და აღნიშნული ქმედება პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდა. ღიად დარჩენილია კითხვა: რამდენად იყო მიზანშეწონილი და უფლებამოსილი საქართველოს მთავრობა გამოეცა ამ სახის განკარგულება ამ სახის დავალების შესრულების დავალების მიზნით?

მეორე საკითხია, 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო -„ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“(PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში, უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 472000 (ოთხას სამოცდათორმეთი ათასი) ამერიკული დოლარი. მოცემული ხელშეკრულების მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურეობა გასწია ეკონომიკურ საკითხებზე, ანუ რამდენად სწორად იყო მოთხოვნილი 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი და ნამდვილობა უნდა დაედგინა ამ თანხების შესაძლო განკარგვისა. მას უნდა შეემოწმებინა „სითი ინსტიტუტ საქართველოს მიერ, კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ კომპანიების გამოცდილება და შესაბამისობა მოთხოვნებთან. ეს კომპანიები იყვნენ: AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”,Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა(ა)იპ „სენი - კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“და სხვები. მოცემული კომპანიების გამოცდილება იყო ძალიან ვიწრო და თითქმის წარმოდგენილი მიმართულებები არ იქნა ასახული 1200 (ათას ორასი) გვერდიან გენ-გეგმაში. ისმის შეკითხვა ნამდვილად გადაირიცხა ამ კომანიების ანგარიშზე თუ არა თანხები და საერთოდ შეიმუშავეს თუ არა ამ კომპანიებმა საკუთარი დასკვნები ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნისას? საფუძვლიანი ეჭვისა და დამალული ბიუჯეტის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უცნობია ვინ და რა მიზნით შეიმუშავა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

წყარო: www.tbilisipost.ge
23 აპრილი / 21:36
როგორ გაუძვირდებათ მოქალაქეებს ავტომობილების ფლობა 2019 წლიდან და რა საფრთხეს შეიცავს პარკირების ზონალური სისტემა - დათო მესხიშვილი
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გახმაურების შემდეგ, ავტომფლობელების მთავარი ინტერესის თემად პარკირების ახალი სისტემა იქცა, რომლის სავარაუდო მოდელზეც მერია ჯერკერობით არ საუბრობს. ის, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარკირების მენეჯმენტს დროებით სატრანსპორტო კომპანია გადაიბარებს. სხვადასხვა ორგანიზაციებიდან უკვე გაისმა რეკომენდაციები, რომ თბილისის პარკირების სისტემა, ზონალურ დაყოფაზე გადავიდეს, რომელიც საათობრივ ტარიფთან იქნება მიბმული. ამ იდეის ინიციატორი აღმოჩნდა სითი ინსტიტუტი საქართველო, რომლის მომზადებულ გენ-გეგმას, სადაც თბილისში ტრანსპორტის პოლიტიკის განვითარება, საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია, მერია არ იღებს. სწორედ ამ ფონზე გამოჩენილი ინიციატივები უჩენს კითხვის ნიშნებს ტრანსპორტის სფეროს ექსპერტებს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დათო მესხიშვილის პროგნოზით პარკირება თბილისში აუცილებლად გაძვირდება და ზონალური დაყოფა და საათობრივი სისტემა მძიმე ტვირთად დააწვება მოქალაქეებს, რომელთაც მერია ალტერნატიულ გზებს არ სთავაზობს, მისი აზრით 2019 წლიდან ავტომობილის ფლობა დაკავშირებული იქნება უფრო მეტ დანახარჯთან, ვიდრე ეს იყო წინა წლებში.

დათო მესხიშვილი: - მერიის მხრიდან სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტა ერთდროულად მოულოდნელიც იყო და მოსალოდნელიც, მართლია მერობის ყველა კანდიდატს ჰქონდა ეს დაპირება საარჩევნო კამპანიაში, რომ სითი პარკთან ხელშეკრულება უნდა გაწყვეტილიყო. მაგრამ ამჯერად ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ იყო მერიის მიერ წარმოდგენილი გეგმა, კონკრეტული სტრატეგია, გარდა ერთისა, რომ მოდელი, რომელიც ცუდი იყო და რის გამოც ვუშვებთ სითი პარკს, ჯერჯერობით გადაინაცვლებს სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც საწყის ეტაპზე გაუწევს მენეჯმენტს პარკირების საკითხს ქალაქში. სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც ექვედებარება მერიის სატრანსპორტო სამსახურს და დღეს ეხება მეტროს, ავტობუსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მენეჯმენტი, არ აქვს პარკირების ორგანიზების არანაირი გამოცდილება. ჩვენი რეკომენდაციაა, ეს სამსახური რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდეს პარკირების პროცესს, თორემ მივიღებთ ქაოსურ მდგომარეობას, რადგან მათ არ გააჩნიათ არც საკადრო რესურსი, არც ტექნიკური აღჭურვილობა, ბაზები, მენეჯმენტის განსახორციელებლად. ჩემი აზრით, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ, იქნება თვითშემოქმედება, რაც ძირითადად გამოიხატება აღსრულების ნაწილში. მე არ ვიცი, რა ფორმას მოძებნის ქალაქის ხელისუფლება, ტენდერი იქნება გამოცხადებული, თუ კონკურსი ახალი კომპანიის გამოსავლენად, ფაქტია, რომ საქართველოში არ არსებობს ასეთი გამოცდილების ჯგუფი, არ გვყავს სპეციალისტები, თორემ სურვილი, რომ ვიღაცამ ეს ბიზნესი ჩაიბაროს, რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ექნება.

- ჩვენ უკვე ვნახეთ ერთი ასეთი ორგანიზაციის "თვითშემოქმედება" და შეფარული სურვილი - „სითი პარკთან“ მერიის ხელშეკრულების გაწყვეტის გაცხადებიდან ძალიან მალე, "სითი ინსტიტუმა საქართველომ", რომელმაც გენერალურ გეგემაზე იმუშავა, გამოთქვა ინიციატივები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოეწყოს თბილისში პარკირების სისტემა. თქვენ როგორ აფასებთ სითი ინსტიტუტი საქართველოს ამ რეკომენდაციებს?

- ჩემთვის გაურკვეველი დარჩა ამ ორგანიზაციის აქტიურობა ამ თემასთან დაკავშირებით. მერის პრესკონფერენციიდან ძალიან მალე სითი ინსტიტუტმა საქართველომ გამოხატა თავისი პოზიცია ქალაქის პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით, გეთანხმებით, რომ კითხვები მეც გამიჩნდა. სითი ინსტიტუტი საქართველოს მიერ მომზადებულ გენ-გეგმას თბილისის მერია არ ითანხმებს და ამ დროს, ახალი ინიციატივების გახმაურება, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. რამდენადაც მივხვდი, ეს ორგანიზაცია გარდა იმისა, რომ რეკომენდაციებს გასცემდა, თითქოს იღებდა პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე, რომ ასე მოაწყობდა პარკინგს. ეს ინტერესი აშკარად ჩანდა, რეკომენდაციაში გაისმა კონკრეტული მესიჯები, საათობრივი გადახდა, აპარატის ჩამოტანა და.ა.შ, რა აპარატზეა საუბარი, ვის ჩამოაქვს, რატომ, ეს ყველაფერი ხომ უნდა ვიცოდეთ? ჯერ ხომ არ ვიცით, რა მოდელზე უნდა გადავეწყოთ? აპარატით იქნება გადახდა თუ საათობრივად? კონკრეტული მესიჯი, აპარატს საცდელად ჩამოვიტანთ, ცოტა უცნაურია. საპილოტე რეჟიმში რამის კეთება რომ დაიწყო, უნდა იცოდე რას აკეთებ. მთელი გაუგებრობა აქაა. მიმაჩნია, რომ საკითხის ასე ნაუცბათევად გადაწყვეტა მეტ პრობლემას შექმნის. უფრო უცნაურად ის მეჩვენება, რომ დღემდე ვერ ხდება შეთანახმება იმაზე, ვგულისხმობ გენ-გეგმას, რაც სითი ინსტიტუტს უნდა გაეკეთებინა, და ამ ფონზე გასცე ახალი რეკომენდაციები თემაზე, რომლის გამოცდილებაც აბსოლუტურად არ გაქვს, ეს სამსჯელოა. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელზედაც ეს ორგანიზაცია საუბრობდა, არის ქალაქის ზონალური მოწყობა, რომელიც მიბმულია საათობრივ პარკირებაზე, რაც ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპის ზოგიერთ ქალაქში, ქალაქის ცენტრში შესვლაც კი ფასიანია, არა თუ პარკირება. ამ იდეას ჰყავს მომხრეები არგუმენტებით, რომ მძღოლები მოერიდებიან ქალაქის ცენტრში ავტომობილების გაჩერებას, რადგან ეს მაღალ გადასახადთან იქნება დაკავშირებული და ამ გზით განიმუხტება ქალაქის ცენტრი, რაც ძალიან კარგია. სანამ განვითარებულმა ქვეყნებმა ეს გააკეთეს, მათ მოაგვარეს სხვა პრობლემები და შემდეგ გადავიდნენ ამ ეტაპზე. სანამ თბილისის ზონალურ პარკირებაზე საუბარს დავიწყებთ, უნდა მოვაგვაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი. ევროპულ ქალაქებში, სადაც ცენტრში პარკირება ძვირია, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს ალტერნატივას, იაფი ტრანსპორტის - ტრამვაის, ავტობუსის სახით. ეს მოსახლეობას აწყობს, რადგან ქალაქის ცენტრში მისვლა გაცილებით იაფი უჯდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამასთან ერთად ქვეითებისთვის მოწყობილია კარგი ინფრასტრუქტურა, ღია სივრცეები, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები და ა.შ.

- ჩვენ რას ვთავაზობთ ალტერნატივად ჩვენს მოქალაქეებს, როემლთაც გავუძვირებთ ქალაქის ცენტრში პარკირებას?


- არაფერს, ჩვენ ეს მოდელი დანგრეული გვაქვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ არ იქნება მეტი და ტექნიკურად გამართული, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მე ძალიან მომწონს მერიის ინიციატივა, რომ ყოველ წელს დედაქალაქს ასი ახალი ავტობუსი უნდა დაემატოს, სინამდვილეში დამატება კი არ ხდება, პრაქტიკულად ხდება ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ ინსპექტირებაზე, ტაქსების რეგულაციებზე, პარკინგის გაძვირებაზე, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ეს ყველაფერი აძვირებს ავტომობილის ფლობას. თუ გადავხედავთ ავტომობილების ყიდვის სტატისტიკას, ავტომობილები განკუთვნილია ორი კატეგორიისთვის. ერთი ვისაც სურს ავტომობილით სერვისების განხორციელება, მაგალითად, მგზავრის გადაყვანა, მეორე კატეგორია, ასევე იაფად ყიდულობს ავტომობილს, რომელსაც, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავია, მოიხმარს სახლიდან სამსახურში გადასაადგილებლად. ეს კატეგორიები წნეხში კი არ უნდა მოაყოლო, უნდა გაარკვიო მიზეზები. ბოლო წლებია ე.წ საჩვენებელ, ძვირადღირებულ ავტომობილს ყიდულობს მოსახლეობის მხოლოდ 4 %, ყველა დანარჩენ შემთხვევაში ავტომობილების ისტორიას რომ გადავხედოთ, გამოიყენება ან მგზავრების გადასაყვანად, ან მხოლოდ და მხოლოდ ქალაქში გადაადგილებისთვის, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ხარისხიანი და დაცული. მერიამ ეტაპები უნდა გაიაროს თანმიმდევრულად,ისე შედეგი ვერ დადგება, აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობა და საჯაროდ გახსნა, სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვა, სამუშაო რეჟიმში უნდა მონაწილეობდნენ ურბანისტები. ქალაქის პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით მარტო ტრანსპორტის პრობლემა ხომ არ დგას, ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული პრობლემები, თბილისში შენდება მაღალსართულიანი კორპუსები, რომლებიც არაა შეთანხმებული ტრანსპორტის სამსახურთან, ამ კორპუსებს საერთოდ არ აქვთ პარკირების ადგილები. მერიამ ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს პარკირება და მშენებლობები, რომლის მოგვარებაც თავიდან ბოლომდე მათ ხელშია. რაც არ უნდა ძლიერი და გამოცდილი კომპანია არ უნდა ჩამოვიდეს თბილისში, რომელიც აიღებს პარკირების ორგანიზებას და მენეჯმენტს, ამ პრობლემის მოგვარება ჯადოსნური ჯოხის აქნევით ვერ მოხდება. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელზედაც პასუხისმგებლობა მერიამ უნდა აიღოს.

- რეკომენდაციები, რომელიც მიიღო მერიამ სითი ინსტიტუტისგან და რომელიც სავარაუდოდ, არის კიდეც მერიის სამუშაო ვარიანტი, როგორ გააძვირებს პარკირების ფასს?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ზონალურ დაყოფასა და საათობრივ პარკირებაზე ვსაუბრობთ, პარკირება აუცილებლად გაძვირდება. ზონალური დაყოფა მოგვიტანს სხვადასხვა ტარიფებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ცენტრში ბევრად ძვირი, ვიდრე- გარეუბნებში. არ არის გამორიცხული ტარიფი მიმაგრდეს საათობრივ გადახდაზე. ეჭვი მაქვს, ვინც მერიას ასეთ რეკომენდაციებს აძლევს, მათი მთვარი ტაქტიკაა, პარკირება ისეთი ძვირი იყოს, რომ ავტომფლობელები ვერ შევიდნენ ქალაქის ცენტრში. რა შედეგის მომტანი იქნება, ეს სხვა საუბრის თემაა. საათობრივი გადახდა ძვირად დააწვება ჩვენს ავტომფლობელებს, რადგან ბევრჯერ ითქვა ფრაზა, ამ ეტაპზე, ეს ნიშნავს, რომ არსებობს სხვა ეტაპიც. ჩემი აზრით, 2019 წლის დასაწყისიდან ავტომობილებით სარგებლობა, როგორც პარკირება, ასევე ტაქსის სერვისი, სერიოზულად გაძვირდება. სიახლეები ყველა შემთხვევაში უნდა დაინერგოს, მაგრამ საჭიროა საზოგადოების ჩართულობა, საზოგადოება კი არ უნდა შეიტყუო ამ რეგულაციებში, უნდა განუმარტო, რას აპირებ, სიახლეები არ უნდა ინერგებოდეს "მათრახით", წნეხით და იმპერატიული გადაწყვეტილებებით, რაც ყოველთვის გამოიწვევს აგრესიას ავტომფლობელთა მხრიდან. მარტო ჯარიმებით პრობლემა რა გვარდება, უნდა მოხდეს კვლევები და მათზე დაფუძნებული ალტერნატივების შეთავაზება.

- როგორია თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის პერსპექტივა, რასაც გვთავზობს გენგეგმა? მე ერთ მოსაზრებას შეგახსენებთ, რომ მოხდება მტკვრის გამოყენება სატრანსპორტო ფუნქციის შესასრულებლად, მტკვარზე ზაჰესიდან ორთაჭალამდე იმოძრავებს სამდინარო გემები და 2030 წლის თბილისი იქნება ქალაქი -მანქანების გარეშე?


- ჩვენ, ტრანსპორტის ექსპერტებს არ გვქონია საშუალება, ჩართული ვყოფილიყავით ტრანსპორტის პოლიტიკის განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში, რაიმე დეტალური განხილვა ტრანსპორტის მიმართულებით არ მომისმენია. მე რაც ვიცი, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისგან, მაქსიმალურად უნდა განთავისუფლდეს სივრცეები ქვეითებისთვის, რაც რეალურად დგას პრობლემად, ამ ქალაქში ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არის, უფრო მეტიც, არანორმალური მდგომარეობა გვაქვს- ქვეითი დადის ავტომობილის სავალ ნაწილზე, ავტომობილები პირიქით - ქვეითის სავალ ნაწილზე. სამდინარო გემებზე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა თბილისში გასულ საუკუნეში ბორანების მსგავსი ტრანსპორტის გადაადგილება მტკვარზე, მათ ჰქონდა სამგზავრო დანიშნულება, თუმცა ამ იდეამ არ გაამართლა. მტკვრის კლდოვანმა ნაპირებმა არ მისცა ამ ტრანსპორტს საშუალება ქცეულიყო უსაფრთხო გადაადგილების ტრასპორტად და მალევე გაქრა. მე მგონია, მტკვარს რომ წყლის ტრანსპორტი მოერგოს, ეს დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ეს ჩვენს ვითარებაში არაგონივრული მგონია. იმას მივხედოთ, რაც გვაქვს და არსებული პრობლემები მოვაგვაროთ, ეს არის მთავარი, სამწუხაროა, რომ ჩვენ გვესმის გადაწყვეტილებები ყოველგვარი განხილვის და გეგმების გარეშე, რაც შედეგს არ მოიტანს.

ქალაქის მერის საარჩევნო განცხადებებში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ბევრი რამ იყო მოსაწონი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოსმენილი გვაქვს მხოლოდ განცხადებები და არა კონკრეტული გეგმები. არც ერთ სიახლეზე, არც ტაქსების რეგულაციაზე, არც ტექნიკურ ინსპექტირებაზე ჩვენ არ მოგვისმენია სტრატეგია, ხედვა. ეს ინიციატივები ადგილ-ადგილ, ამოვარდნილად კი არ უნდა ისმოდეს, ეს უნდა იყოს ერთი სტრატეგიის ნაწილი, ჩვენ არ გვაქვს არანაირი დოკუმენტი, თუ როგორი იქნება ტრანსპორტის პოლიტიკა მომავალი წლების განმავლობაში. დათვლილი უნდა იყოს რა რაოდენობის ტრანსპორტი იქნება დედაქალაქში 2022 წელს, ეს ყველა ნორმალურ ქალაქში წინასწარ არის განსაზღვრული. ისინი მიყვებიან განვითარების იმ სტრატეგიას, რაც დიდი ხნის პერსპექტივით აქვთ შემუშავებული, ჩვენ დიდი ხნის კი არა, გეგმა საერთოდ არ გვაქვს. გეგმა კი არა კვლევებიც კი არ ტარდება, ჩვენ გვაქვს ერთჯერადი ხასიათის ღონისძიებები, ვერსიები, სურვილები, რაც არ არის ხედვა და სტრატეგია.

წყარო: www. newpost.ge
23 აპრილი / 21:36
აქტუალური თემები