საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.
საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.
ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.
| ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში | სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| თურქეთი | 205.7 ათასი ვიზიტი; | -10% |
| რუსეთი | 109.7 ათასი ვიზიტი; | -4% |
| ევროკავშირი | 98.4 ათასი ვიზიტი; | +8% |
| სომხეთი | 87.6 ათასი ვიზიტი; | +21% |
| სხვა ქვეყნები | 87.0 ათასი ვიზიტი; | -1% |
| აზერბაიჯანი | 10.8 ათასი ვიზიტი; | +5% |
2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.
EUGBC-ის გენერალურ მდივანი და დიპლომატი ზვიად ჭუმბურიძე, ქვეყანაში არსებული შიდა თუ გარე ვითარების პირობებში საქართველოში $6.5 მილიარდიანი არაბული ინვესტიციის პროექტის განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. „ეჭვი მეპარება, რომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდეს, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმით, რომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა“, - განაცხადა მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე „დე ფაქტო“ გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესის გავლენას ეხებოდა.
ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით ევროკავშირი სამ ძირითად ღირებულებას ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას, სამართლის უზენაესობას (თავისუფალი სასამართლო) და თავისუფალ მედიას. ის ამბობს, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად სწორედ ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული: „არ არსებობს ინვესტორი, რომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს საქართველოში ინვესტიციის ჩადებას“, - ამბობს ის. დიპლომატი ქვეყნის „იზოლაციურ რეჟიმში“ გადასვლის პირობებში მმართველი ძალის მხრიდან საინვესტიციო პროექტების შესრულების ნაწილში გარკვეულ რისკებსაც ხედავს.
„ეს განწყობა, ზუსტად ისევე აისახება ბიზნესზე, როგორც აისახება თითოეულ მოქალაქეზე და საერთაშორისო ინვესტორებზე.
ეჭვი მეპარება, რომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდეს, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმით, რომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა. თუ არა გაქვს სასამართლო, თუ არა გაქვს იმის საფუძველი, რომ თუნდაც არაბული ინვესტიცია იყოს დაცული... ახლა ეს რა ინვესტიციაა ცალკე საუბრის თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული საუბრის თემაა, საერთოდ ვისთან გვაქვს საქმე, რატომ გვაქვს და რა მოგება შეიძლება ნახოს ქართულმა საზოგადოებამ - ეს ცალკე თემაა, მაგრამ არ არსებობს ინვესტორი, რომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს ინვესტიციის ჩადებას საქართველოში, ვინაიდან ის კარგად ხედავს, თუ რა იზოლაციურ რეჟიმშია დღეს ქვეყანა. იზოლაციურ რეჟიმში მყოფი ქვეყანა კი ნებისმიერ ხელშეკრულებას გააუქმებს თავის სასარგებლოდ და შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი დატოვოს ყოველგვარი მოგების და ამ შემთხვევაში რაღაცა პროექტის შესრულების გარეშე. ისეთ რთულ და გაურკვეველ ჩიხში ვართ, რომ მე არ მეგულება დღეს მმართველ პარტიაში ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის ახსნას გასაგებად და მართებულად შეძლებს. ისე არა - დიფსთეითის იდეოლოგიით“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ცნობისთვის: თუ არაბული “იგლ ჰილსის” $6.6-მილიარდიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი FDI იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში. "ქართული ოცნების” მთავრობამ არაბულ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" და “აქციონერთა შეთანხმება” უკვე მოიწონა, მაგრამ პირობები კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შპს “იგლ ჰილს საქართველოში”, რომელიც მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად დაფუძნდა, საქართველოს სახელმწიფო 33.33%-იანი წილის აქციონერი იქნება.
წყარო:https://bm.ge/