აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირისპირ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს.
„ეს ულამაზესი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს. სომხეთისთვის არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით“, - აღნიშნა ვენსმა.
ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.
„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.