USD 2.7087
EUR 2.9406
RUB 3.1634
თბილისი
ბესიკ ლაგვილავა - საქართველოში ხალხის დიდ ნაწილს არ უნდა კარგი ცხოვრება, რადგან... მას უყვარს მოწყალება!
თარიღი:  1237

მწერალი და ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, ხელისუფლების დაპირებებზე, ამ დაპირებების არ შესრულებაზე, კორუფციაზე და მოწყალების მომლოდინე მოქალაქეების შესახებ წერს:

"რა იყო ინგლისის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის მიზეზი?!

როცა 80-იანების ბოლოს პოლიტიკაში შევაბიჯე, მეც გულუბრყვილო რომანტიკოსი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ "ადამიანებს უნდათ უკეთ ცხოვრება" მაგრამ... ეს ასე არ არის!
საქართველოში ხალხის დიდ ნაწილს არ უნდა კარგი ცხოვრება, რადგან... მას უყვარს მოწყალება! ის სულაც არ სწუხს, რომ მოწყალების მიღება უმეტესად ნიშნავს, რომ... მათხოვარი ხარ! ანუ ხალხს უყვარს მათხოვრობა!
აბა, სხვა რა უნდა დავარქვა, როცა იმ ფაქტს, როცა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 700 000-მდე ადამიანი ანუ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 25%-ია რეგისტრირებული და ამ სტატუსის მიღებაზე კიდევ 200 000 ადამიანზე მეტს აქვს განაცხადი შეტანილი?!
გაძლევენ მათხოვრის შესაფერის მოწყალებას და გამადლიან, მეტი რაღა ქნას მთავრობამო! ის ხომ ზრუნავს სულ უფრო და უფრო მეტ ღარიბზე და ზრდის უმწეოთა სიებს და მოწყალების მიმღებ ბენიფიციართა რაოდენობას?!
მე კი გეტყვით, სინამდვილეში კარგი ცხოვრება რომ გსურდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, !
სასწრაფოდ უნდა გაუშვათ, ან პენსიაზე ან ციხეში... ღარიბებზე სულ უფრო მეტად მზრუნველი ხელსუფლება!
გახსოვდეთ, წესიერ ქვეყანაში სიღარიბე არ უნდა არსებობდეს და მით უმეტეს მოწყალების მიმღებ უმწეოთა რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს!
700 000-მდე მოწყალების მიმღები ანუ საქართველოს ყოველი მეოთხე აქ დარცენილი მოქალაქე და მაღალ ჩინოვნიკთა ამაყი და კმაყოფილი ღიმილი... ხომ არ გეჩვენებათ, რომ რაღაც აბსურდამდე დასული კონტრასტია?!
როცა "ქართული ოცნება: ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ მის შეპირებათა პირველ პუნქტში ეწერა: ჩვენ გავხდით საქართველოს მოქალაქეებს უფრო მდიდრებს და მივცემთ მათ უკეთეს ცხოვრებას! ეს იყო პირველი პუნქტი, მაგრამ...
... დიახ, ხელსიუფლება პირველ პუნქტში შეგპირდათ, რომ უზრუნვეყოფდა თქვენს კეთილდრეობას, მაგრამ როცა ამ დაპირებას იძლეოდა, არავის წაუკითხავს და შეუნიშნავს, რომ ამ დაპირებას მოყვებოდა ბანკის ხელშეკრულებასავით წვრილი შრიფტით დაწერილი მეორე პუნქტი, სადაც სულ ერთ... ერთადერთ თაბახის ფურცელზე იყო ჩამოწერილი იმ ადამიანების სია... ვისაც უკეთეს ცხოვრებას პირდებოდნენ და... აუსრულეს კიდეც!
სხვათა შორის, მსგავსი შეპირება არც ადრინდელი ხელისუფლებებისთვის იყო რაღაც უჩვეულო... მათაც ჰქონდათ საკუთარი "ერთგვერდიანი სიები"!
საქართველოს მოსახლეობის 90% სწორედ იმ წვრილი შრიფტით "ერთ გვერდზე" ჩამოწერილი ადამიანების გამდიდრების და უკეთესი ცხოვრების გამო იტანჯება და ტოვებს ქვეყანას!
შემდეგ დგება ფლუსტრაციის პერიოდი და უკვე მერამდენე ხელისუფლების მიერ მოტყუებულ ხალხს აღარ სჯერა ხელისუფლების დაპირებების!
გგონიათ ამით შეშინდება ხელისუფლება?!
თუკი ხალხს აღარ სჯერა ხელისუფლების შეპირებების, მაშინ უნდა შეიცვალოს... გგონიათ ხელისუფლება?! ჰა, ჰა, ჰა... როგორ გამაცინეთ?! უნდა შეიცვალოს ხელისუფლება კი არა, შეპირებები, მეგობრებო! უნდა შეიცვალოს შეპირებები!
ახალი შეპირებები! კეთილდღეობის კონტურების მოხაზვა... 2030 წლისთვის... შემდეგ 2040 წლისთვის!
დამავიწყდა და შემახსენეთ, რის გამო გადადგა ეგ ძალიან ორიგინალური, ნიჭიერი და მამაცი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი?!
სანამ გაიხსენებთ, იქამდე ერთ ისტორიას მოგიყვებით.
ცხრა წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი ვიყავი და მახსენდება პერიოდი, როცა პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევნები დგებოდა, ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად პარლამენტის დერეფნებში ჩემოდნებით მოარულ ფულზე საუბრობდნენ!
ამბობენ, ერთ ფრაქციასთან სალაპარაკოდ მივიდა ერთი მილიონერი დეპუტატი, რომელიც ახლაც პარლამენტის წევრია და ერთი აწ გარდაცვილი ოლიგარქის სახელით რამდენიმე ათეულ ათას დოლარს დაჰპირდა ამ ფრაქციის თითეულ წევრს, მისთვის და მის გამომგზავნთა სასურველი კანდიდატის მხრადაჭერის სანაცვლოდ!
ამ საუბარს ამ ფრაქციის ერთი ენამოსწრებული წევრი დეპუტატიც ესწრებოდა და მან მიამიტი სახით დასვა კითხვა - "ამ თანხას წინასწარ იხდით თუ "პოსლეზეო".
"როგორც კი კენჭისყრა მორჩება - მაშინვეო" - დაჰპირდა "მომხიბლავი" წინადადებით მოსული კოლეგა.
- ეეე... - გაიცინა ენამოსწრებულმა დეპუტატმა, - თქვენ გინდათ ასე მარტივად გადააგდოთ ხალხი, რომელიც ამ პარლამენტში იმიტომ მოხვდა, რომ 5 მილიონი ადამიანი (ამომრჩეველი) ყავდა გადაგდებულიო?!
მილიონერი დეპუტატი, რომელიც მაშინაც დეპუტატი იყო და ახლაც არის, კუდამოძუებული გავიდა! გარიგება ჩავარდა!
ნუთუ ვერავინ გაიხსენეთ ბორის ჯონსონის გადადგომის მიზეზი?! ქალის ბარძაყისკენ ხომ არ გაექცა უსანქციოდ ხელი? ან იქნებ ქრთამზე დაიჭირეს?! არა? აბა, გამახსენეთ რა იყო გადადგომის მიზეზი?!
ერთი ანეკდოტისა არ იყოს, საქართველოში ყველა ხელისუფლებას განსახილველად შემოჰქონდა კანონპროექტი სადაც პირველი მოსმენისთვის ეწერა, რომ:
პირველი მოსმენაზე შემოსული კანონპროექტი : ხალხმა უნდა იცხოვროს კარგად.
მეორე მოსმენით მიღებული: ხალხმა უნდა იცხოვროს;
მესამე მოსმენა: ხალხმა უნდა...
პარლამენტის სპიკერის ჩაქუჩის დარტყმა და სიტყვები - კანონი მიღებულია ცვლილებებით, სამი მოსმენით.
ხალხის კეთილდღეობა კიდევ ერთხელ გადაიდო და გადაიდება... გადაიდება მანამ სანამ ხალხი არ მიხვდება...
რას?!
კაცო, გამახსენეთ, რატომ გადადგა პრემიერი ჯონსონი?!
ერთმა ემიგრანტმა, ყოფილმა არც ისე დაბალი ჩინის სამართალდამცავმა, როცა სამსახური მიატოვა, სანამ საქართველოდან წავიდოდა, მითხრა სიტყვები, რომელმაც ძალიან დამაფიქრა, - "დავიღალე! საქართველო ის ქვეყანაა, სადაც როგორც კი საქმე ჩემი ცხოვრების გაუმჯობესებზე მიდგება, მთავრობას არასდროს ყოფნის ბიუჯეტიო, - შემდეგ კი დაამატა, - აქ (იგულისხმა საქართველო) ვინც ხელისუფლებით კმაყოფილია, ან საქმის კურსში არ არის ან... წილშიაო!"
მას მერე აღარ მინახავს! ამბობენ ამერიკაშია და ტაქსისტად მუშაობსო!
ვინმემ ხომ არ გაიხსენეთ, რატომ გადადგა ინგლისის პრემიერობიდან ბორის ჯონსონი?!
ჩვენთან თუ ხელისუფლებას ატყუებ, ამას არ გაპატიებენ - ეს დანაშაულია. თუ ხელისუფლება მოგატყუებთ, დაგპირდებათ და ჩვეულებისამებრ არ შეასრულებს და როცა საქმე თქვენ და თქვენს საჭიროებებს კი არა, თუნდაც თქვენი უსაფრთხოების ელემენტარულ ღონისძიებეებს ეხება , არასდროს ყოფნის ფული - ეს პოლიტიკაა! დიახ, ხელისუფლების ტყუილს ჩვენთან პოლიტიკა ქვია!
... და ტრაბახობენ! და გულში დაგცინიან! და ამას არც დანაშაულს და არც ტყუილს და ცრუპენტელობას არ ეძახიან, ამას წარმატებული პოლიტიკური მღვაწეობა ქვია და რადგან ასეა.. და სანამ ასეა... კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე მოგატყუებენ!
როცა საქმე თქვენ შეგეხებათ არასდროს იქნება ბიუჯეტში ფული, მაგრამ როცა საქმე იმ ერთ თაბახის ფურცელზე ჩამოწერილ ადამიანებისთვის მანქანების, მობილირების გამოცვლას, ოფისების რემონტს და მათი კეთილდღეობის მოწყობას შეეხება ბიუჯეტი ვერასდროს იგრძნობს ამისთვის საჭირო ფულის ნაკლებობას!
სხვათა შორის, ეს სტატუსი მოწყალებით დავიწყე!
ხელისუფლებას არასდროს ექნება ფული თქვენი კეთილდღეობის მოსაწყობად, მაგრამ ყოველთვის ექნება ხურდა ფული მოწყალებისთვის, რადგან... სამწუხარო ფაქტია, რომ ხალხს არ უნდა კარგი ცხოვრება ან არ იცის ასეთი ცხოვრების ფასი... მან მოწყალება არჩია!
აბა, სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ 700 000 -მდე მოწყალების მიმღები და კიდევ 200 000 ამ დახმარების მირების რიგში მყოფი?! ისიც იცოდეთ, რომ იმ ერთ გვერდზე ჩამოწერილ მოქალაქეთა ინგლისის სამეფო კარის სადარი კეთილდღეობა და დღესასწაულები, სწორედ ამ უმწეო 700 000-ის და ამას დამატებული ორი მილიონის კეთილდღეობის სანაცვლოდ მიიღწევა!
და მაინც რატომ გადადგა ინგლისის პრემიერი ჯონსონი?! ბასეინიანი სახლი ხომ არ აუშენებია, "სიდედრის ნაჩუქარი" ფულით?! შვებულებისას ამერიკაში ხომ არ წასულა დასასვენებლად, ინგლისის სამხედრო ფლოტის კუთვნილი ხომალდით?!....
აა... სანამ თქვენ გაიხსნებდით გამახსენდა.... კოვიდის პანდემიის დროს დაწესებული ლოკდაუნისას ის დააჯარიმეს ღამის კლუბში საღამოს გამართულ ღონისძიებაში მონაწილოების გამო! მასთან ერთად გადადგა მისი კაბინეტის 52 წევრი...
რამ გამახსენა?! მაინც რამ გამახსენა?!
700 000-მდე უმწეომ რომელიც მოწყალებას იღებს და კიდევ 2 მილიონზე მეტმა, რომელმაც არ იცის... რა არ იცის და არ იცის რას ქვია კარგი ცხოვრება; არც ის რომ "კარგი ცხოვრება" ადამიანის უფლებაა და ხელისუფლების მოვალეობა!
P.S. თითქოს თემას არ ეხება, მაგრამ იცით, რა დაავადებით არის დაავადებული სოც.ქსელიის მომხმარებელთა ერთი ნაწილი? ეს 21 საუკუნის სოც.ქსელებში ხშირი ყოფნით გამოწვეული დაავადებაა. მას თავის ტვინის ფიმოზს ((Phimosis of the Brain) ეძახიან! ფაქტიურად ეს დაავადება ჩვეულებრივ ცხოვრებაში უბირობის ტოლფასია...
როცა საქართველოში ტროლების, ბოტების და მათი მთელი ფაბრიკების საქმიანობას ვადევნებ თვალს, რომელიც ხანდახან შემოგივარდებიან ხოლმე ფბ-გვერდზე ან "აპრავებენ" რაღაც უგვანობას ან რომელთა საფულეშიც ხურდა ფული ჩხრიალებს, ვიღაც მაღალი ჩინოსნის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის ქვეშ გაკეთებული კომენტარებისას "ღირსეულო და საამაყო..." "მუდამ მართალო..", "გფარავეს უფალი..." "ყოჩაღ"... ვხვდები, რომ ხალხის დიდ ნაწილს არ სურს კარგი ცხოვრება; ხალხი კმაყოფილია იმ ხურდებით, რაც მათ საფულეში მსგავსი კომენტარების გამო იწყებს ჩხრიალს და იმ მოწყალებით, რომელიც უმწეობის გამო გაიცემა...
იმისთვის კი, რომ კარგად ვიცხოვროთ, პირველ რიგში საზოგადეობას უნდა ესმოდეს რას ნიშნავს კარგი ცხოვრება... იქნებ ეს მართლა უმწეოთა შემწეობაა ან ძლიერთა ამა ქვეყნისათა გამონაყოფი გაზებით გაფუჭებულ და ამყრალებულ ჰაერზე ტრაბზონში წარმოებული AXE-ს ყველაზე იაფფასიანი დეზოდორანტის მოფრქვევა?!"
მიყევით ბმულს - ბესიკ ლაგვილავა
ბლოგი
1918 წლის აპრილი - ბრძოლა მდინარე ჩოლოქთან და ქართველების ბრწყინვალე გამარჯვება გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით!
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის 12 მარტს დაიწყო ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია. მოლაპარაკებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მოლაპარაკების პარალელურად, ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო.
საბრძოლო მოქმედებები 6 აპრილამდე:
მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. 1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი მე-4 ქვეითი ლეგიონი (სარდალი წერეთელი) გაიქცა ოზურგეთში, მე-2 ქვეითი ლეგიონი კი (სარდალი პოლკოვნიკი ყარალაშვილი) ჩაქვში. საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ დაავალა გიორგი მაზნიაშვილს დაუყოვნებლივ წასულიყო სადგურ ნატანებში და არ დაეშვა ოსმალების წინსვლა მდინარე ჩოლოქს აქეთ. მაზნიაშვილმა შტაბის უფროსობა ჩაიბარა 1 აპრილს.
2 აპრილს მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებელი გაგზავნა ჩაქვში ალყაში მოქცეული მე-2 ქვეითი ლეგიონის გამოსახსნელად, რომელსაც ოსმალებმა გზა მოუჭრეს და ტყვეობა ელოდა. ოსმალების ქვეითი ჯარი გამაგრებული იყო ქობულეთის აღმოსავლეთით, რკინიგზის გასწვრივ, ხოლო ჩაქვის სადგურზე იდგა მათი ცხენოსანი ათასეული. ჯავშნოსანი დილის 9 საათზე ჩაქვის სადგურზე ჩავიდა და ტყვიისმფრქვევის ცეცხლით გაანადგურა სადგურზე გამაგრებული ოსმალები. ამით ყარალაშვილის ლეგიონმა ისარგებლა და მცირე მსხვერპლით დაიხია უკან. ეს ლეგიონი, რომელიც 500 ჯარისკაცისგან შედგებოდა, დემორალიზებული იყო და მაზნიაშვლმა გაუშვა ლანჩხუთში, რეზერვში, რომელიც უნდა შევსებულიყო ისიდორე რამიშვილის მიერ შეკრებილი მოხალისეებით. მე-4 ქვეითი ლეგიონი მაზნიაშვილმა ოთხ ათასეულად დაჰყო და გაანაწილა ლიხაურში, შემოქმედში, ვაშნარსა და ოზურგეთში. სადგურ სუფსაზე იდგა ცხენოსანი ბატარეა პორუჩიკი ყარაევის მეთაურობით. მაზნიაშვილის განკარგულებაში იყო 4 ტყვიამფრქვევი, 6 ზარბაზანი, ჯავშნოსანი მატარებელი 90 ჯარისკაცით და 400 სახალხო გვარდიელი.
ფრონტის ხაზი იწყებოდა შეკვეთილის ნავსადგურიდან და გრძელდებოდა სოფელ შემოქმედამდე. მას საზღვრავდა მარჯვნიდან შავი ზღვა, მარცხნიდან კი აჭარა-გურიის მთები. მთელ სიგრძეზე, ზღვიდან ოზურგეთამდე მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების ნაპირები იყო თითქმის გაუვალი ჯარისთვის. იქ გავლა შეეძლოთ მხოლოდ ადგილობრივებს, რომლებმაც იცოდნენ ბილიკები. ამ მონაკვეთს ჰქონდა მხოლოდ ორი გასასვლელი: სარკინიგზო ხიდები ნატანებზე და ჩოლოქზე და შარაგზა ლიხაურის გავლით ოზურგეთზე. მაზნიაშვილმა დაიწყო ჯარის შევსება ადგილობრივი მოხალისეებით. ამაში მას ეხმარებოდა ისიდორე რამიშვილი. სოფლად იარაღი თითქმის ყველას ჰქონდა და ცოტა თოფი იყო საჭირო დასარიგებლად.
3 აპრილს ჯავშნოსანი მატარებელი ჩოლოქის სამხრეთით ლიანდაგიდან გადავარდა. გზა ადილობრივებს ჰქონდათ გაფუჭებული. ლიანდაგზე შეყენების დროს ქართულ მხარეს ცეეცხლი გაუხსნეს, რასაც ქართველ მზვერავთა მოწინავე რაზმმა ცეცხლითვე უპასუხა, მოწინააღმდეგეს ორი კაცი მოუკლა და ხელთ რამდენიმე თოფი იგდო.4 აპრილს ოსმალებმა აიღეს ქობულეთი, 5 აპრილს მოხდა მცირე შეტაკება, სადაც ქართულ მხარეს მოუკლეს ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ოფიცერი და დაჭრეს რამდენიმე. ოსმალებმა შემდეგ უკან დაიხიეს.
ნატანებში მებრძოლების გასამხნეველად ჩავიდნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე და სხვები და წარმოთქვეს სიტყვები. 5 აპრილს, საღამოს რვა საათზე ქართულმა მხარემ მიიღო დაზვერვის ცნობა, რომ ოსმალეთის გალიპოლის მე-2 დივიზიის შედარებით მცირე ნაწილი მიდიოდა ოზურგეთისკენ, შარაგზით და უფრო დიდი ნაწილი, 7000 ჯარისკაცი, რკინიგზის გასწვრივ ნატანებისკენ. ოსმალებმა აჰყარეს ლინდაგი მდინარე ოჩხამურის ხიდზე, რაც ადასტურებდა რომ მთავარ იერიშს სწორედ ნატანების მხრიდან აპირებდნენ. ლიანდაგის აყრით ისინი იმედოვნებნენ ქართული ჯავშნოსანი მატარებლის უფუნქციოდ დატოვებას. მაზნიაშვილმა ერთ დღეში ააგებინა ჩოლოქის ხიდიდან ტყეში შემავალი ლიანდაგი. 6 აპრილის საღამოს ოსმალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
ბრძოლა ჩოლოქის ხიდთან:
8 აპრილს ოსმალეთის ჯარი გასცდა ოჩხამურს, მაგრამ არ გადიოდა ველზე და თავს აფარებდა ტყეს ოჩხამურს და ჩოლოქს შორის. მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებლის უკან დახევა ბრძანა. ჯავშნოსანი არიერგარდში უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მან გაიზიარა ჯავშნოსანის ხელმძღვანელის ვლადიმერ გოგუაძის გეგმა: მტრის პოზიციებში შეჭრა და ბრძოლის გამართვა. ბრძოლა 7 აპრილს დილის ხუთ საათზე დაიწყო. ჯავშნოსანი მატარებელი შეიჭრა მოწინააღმდეგის რიგებში. მაგრამ ქართული მხარე არ ხსნიდა ცეცხლს არც მატარებლიდან და არც სანგრებიდან, რადგან ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული. მოწინააღმდეგეს ცეცხლს უხსნიდა მხოლოდ არტილერია, რომელიც კარგარეთელს ჰქონდა ჩაბარებული.
ოსმალები მიაუხლოვდნენ თუ არა მატარებელს, გაიხსნა ცეცხლი. ქართველებმა ცეცხლი გახსნეს როგორც მატარებლიდან, ასევე თხრილებიდან და სანგრებიდან. გაშლილ ველზე აღმოჩენილი ოსმალო ასკერები მრავლად დაიხოცნენ. 11 საათვისთვის, ბრძოლიდან ექვსი საათის შემდეგ ოსმალების დრეზინა დაეჯახა ჯავშნოსანს და მატარებლის პირველი ვაგონი ლიანდაგიდან გადაეგდოთ და დასავლეთიდან წამოსული ახალი ათასეულით კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ჯავშნოსანზე. გოგუაძეს იმედი გადაწურული ჰქონდა და ხელი დააჭირა ღილაკს, რომლითაც ჯავშნოსანი უნდა აფეთქებულიყო, რატა მტერს მხოლოდ რკინის ნამსხვრევები შერჩენოდა, მაგრამ პულტიდან ნაღმამდე მიმავალი მავთული გაწყვეტილი ყოფილიყო და ნაღმი მოქმედებაში არ მოვიდა. ამასობაში მაზნიაშვილთან მივიდა დამატებითი დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი აკაკი ურუშაძე და ბრძოლაში ჩაერთო გორის გვარდიის 400 კაციანი რაზმი. ოსმალები საბოლოოდ გატყდნენ და დაიწყეს უკანდახევა. ქართველები ამოვიდნენ საგრებიდან და დღის 4 საათამდე მისდიეს გაქცეულ მტერს ოჩხამურის ხიდამდე.
„7 აპრილს გენერალმა მაზნიაშვილმა უკან დახევა ბრძანა. უკან დახევის დროს ჯავშნიანით არიერგარდში ვყოფილიყავი და მტრის თავდასხმისგან იგი დამეცვა, ბოლოს ამეფეთქებინა რკინის გზის ხიდები და სუფსაში მივსულიყავი. მე მას ჩემი გეგმა მოვახსენე: მტრის პოზიციებში შევიჭრები და ბრძოლას გავუმართავ-მეთქი. გენერალმა ეს განზრახვა არ გაიზიარა და ამიკრძალა კიდეც: ტყუილა-უბრალოდ დაიღუპებითო. მე თუ არიერგარდში უმოქმედოდ ვიქნებოდი, მაშინ მტრის არტილერია დამაზიანებდა. გენერალმა ბოლოს მითხრა და დამლოცა: ნახე! როგორც სჯობდეს, ისე მოიქეციო. ჯავშნოსანის მხედრებს არ ეძინათ. უკვე ორი საათი იყო. მებრძოლები შევკრიბე და მათ მდგომარეობა განვუმარტე, ჩემი გადაწყვეტილებაც გავაცანი...დილით ხუთ საათზე ჩოლოქის ხიდს მივადექით. ოსმალო გუშაგები დავიჭირეთ, მტრის ბანაკში შევედით და შუა ადგილი დავიპყრეთ. ოსმალების ჯარს იქაურობა აევსო. რკინის გზის აღმოსავლეთით ნაყანევი ადგილები მტრის ჯარებით იყო გავსებული. მე სროლა არ ავტეხე. მტერს ვაგრძნობინე, რომ მე შეცდომით მოვხვდი მტრის ბანაკში და ვნებდები. უკვე გათენდა და ოსმალნი ჩვენი ჯავშნოსანისაკენ გამოიქცნენ. ახლოს მოვიდნენ. მატარებლის საფეხურებზეც ამოცოცდნენ, ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვეველების ლულებს ჩამოეკიდნენ. ჯავშნიანი მატარებელი ჩაკეტილი იყო, შიგ შემოსვლა არავის შეეძლო. ოსმალთა იქ მყოფი ჯარი შეგროვდა რკინის გზასთან. როცა აქ ყველამ მოიყარა თავი, მაშინ გავეცი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ. შეიქნა სასტიკი ბრძოლა. მოწინააღმდეგე მამაცად იბრძოდა. ერთი საათის ბრძოლის დროს ბევრი ოსმალო დაიღუპა. შემდეგ ოსმალებმა მიაშურეს საფარს და იქიდან დაგვიწყეს სროლა. მე დავიწყე მანევრების კეთება და სადაც ოსმალოებს უფრო მეტი ჯარი ჰყავდათ, სწორედ იქითკენ გავხსენი მომაკვდინებელი ცეცხლი. მტრის უმთავრესი ძალა უკვე განადგურებული იყო“
(ვლადიმერ გოგუაძე)
ოსმალეთის ჯარმა 4 კილომეტრით უკან დაიხია. ბრძოლაში ქართულ მხარეს მოკვდა 3, დაიჭრა 25 ადამიანი. ოსმალების მხარეს, მაზნიაშვილის შეფასებით დაიღუპა 500-მდე ადამიანი, ხოლო სხვა ქართველი სახმედრო ლიდერების შეფასებით - 1000 მდე ადამიანი. ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის მონაცემებით ოსმალებს ბათუმში გადაჰყავდათ 600 დაჭრილი ჯარისკაცი. გაზეთ „საქართველოს“ ცნობით ოსმალეთის მხარეს დაიღუპა 80, ტყვედ ჩავარდა 2 ასკერი. ქართველებმა ხელში ჩაიგდეს 20 თოფი.
ბრძოლაში გმირობა ბევრმა ადგილობრივმა გამოიჩინა: ლიხაურელი პორფილე და ალექსანდრე გორგოშიძეები გიორგის ჯვრით დაჯილდოვდნენ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის; გმირობა გამოიჩინა ობერკონდუქტორმა სიმონ სკამკოჩაიშვილმა, გადმოცემის მიხედვით დაზვერვაზე გასულმა ჯარისკაცმა ბოლქვაძემ, რომელსაც მოულოდნელად ოსმალო ასკერების ჯგუფი შეეჩეხა, 4 მოკლა და 4 ტყვედ აიყვანა. 1918 წლის 13 აპრილს ვლადიმერ გოგუაძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეროვნული გმირის წოდება მიიღო. პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ეს წოდება აღარავის მიუღია. გმირულად იბრძოდა მისი მოადგილე იუსტინე სიხარულიძე, მზვერავთა რაზმის უფროსი გობრონიძე, ელიზბარ გაგნიძე, ნოე გოგუაძე, აკაკი ურუშაძე, დავით შარაშიძე.
შედეგები: 
ჩოლოქის ხიდთან მიღწეულ წარმატებას ხაზი გადაუსვა ქართული ჯარის სხვა შენაერთებმა. ოზურგეთისკენ დაძრულ ოსმალების მცირერიცხოვან ჯარს (ერთი ბრიგადა არტილერიით) ლიხაურში დაბანაკებულმა ათასეულმა არ გაუწია წინააღმდეგობა, დატოვა პოზიციები და უკან დაიხია ქალაქისკენ. ამან გამოიწვია პანიკა, ოზურგეთი მიატოვა ჯარმა, სახელმწიფო დაწესებულებებმა და დაიწყო უკან დახევა ჩოხატაურისკენ. მთელი ქალაქი გაიხიზნა ჩოხატაურში და ოსმალებმა თავისუფლად დაიკავეს მიტოვებული ქალაქი. გარდა ოზურგეთისა, ოსმალებმა აიღეს ჭანიეთი, ლიხაური, მაკვანეთი, წითელმთა, მელექედურის ნაწილი, წინ წაიწიეს ვაშნარის მიმართულებით. გაკირულიდან შეუტიეს შემოქმედს, მაგრამ შემოქმედში ვერ შევიდნენ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო. მაზნიაშვილმა მოასწრო ლანჩხუთში მყოფი სათადარიგო ჯარის დაყენება ნასაკირალის უღელტეხილზე და ჩოხატაურის გზის ჩაკეტვა. 11 აპრილს მაზნიაშვილმა სცადა ოზურგეთზე შეტევა და გაიმართა ვაშნარის ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ სამხედრო მოქედებები შეაჩერა გერმანიის დიპლომატიურმა ჩარევამ და დროებითმა ზავმა. ოსმალები ოზურგეთიდან ზავის პირობების მიხედვით 7 ივნისს გავიდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.