USD 2.6660
EUR 3.1043
RUB 3.6659
თბილისი
„ჩვენ აღარ ვართ ჩიხი“ - სომხეთი რუსეთის მუქარის ფონზე ახალი სატრანზიტო გაზსადენის მშენებლობას აანონსებს
თარიღი:  523

„ჩვენ უკვე გვაქვს რკინიგზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ჩვენთვის გაიხსნა ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, ასევე, გაიხსნა რკინიგზა აზერბაიჯანის გავლით და მალე გაიხსნება TRIPP-იც (ტრამპის მარშრუტი). ამასთან, ჩვენს ქვეყანაზე გაივლის გაზსადენი და ამ ტრანზიტის სანაცვლოდ გაზს მივიღებთ,“ - განაცხადა ფაშინიანმა წინასაარჩევნო მიტინგზე.

მას სატრანზიტო გაზსადენის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუმცა აღნიშნა, რომ სომხეთი ალტერნატიულ ენერგეტიკას განავითარებს.

ფაშინიანმა ამომრჩევლებს შეახსენა, რომ ქვეყანას მიღებული აქვს კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად.

„სანამ სომხეთს შეუძლია, ერთდროულად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრიც იყოს და თან, ევროპული სტანდარტების მისაღწევად რეფორმები გაატაროს, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. როცა არჩევანის დრო მოვა, ჩვენ ჩვენს არჩევანს გავაკეთებთ... ჩვენ უნდა გვქონდეს ალტერნატივა, რომ არავინ თქვას სომხეთზე, თითქოს, ის ვერსად ვერ წავა, რადგან არავის სჭირდება,“ - ამბობს ფაშინიანი.

პრემერის პროგნოზით, სომხეთი მსოფლიოს გზაჯვარედინად იქცევა, რადგან ეს ქვეყანა „ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს სჭირდება და ყველა მათგანმა საუკეთესო წინადადება უნდა შესთავაზოს სომეხ ხალხს, რომელიც თავის არჩევანს გააკეთებს.“

„ჩვენ აღარ ვართ კონფლიქტის ჩიხი; ჩვენ მსოფლიოს გზაჯვარედინი ვართ,“ - ამბობს ფაშინიანი.

ცნობისთვის: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, სერგეი ცივილევი ერევანს წერილობით დაემუქრა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას გააგრძელებს, მოსკოვი ცალმხრივად შეაჩერებს ან შეწყვეტს ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. კერძოდ, 2013 წლის შეთანხმებით, რუსეთმა სომხეთში ნავთობპროდუქტებზე, გაზსა და ბრილიანტებზე საექსპორტო გადასახადები უვადოდ გააუქმა. დოკუმენტი იყო ნაბიჯი ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისკენ და ამჟამად სომხეთი რუსულ გაზზე, თითქმის, მთლიანად არის დამოკიდებული. 2025 წელს „გაზპრომმა“ ქვეყანას, დაახლოებით, 2.7 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. თავად პუტინი ამბობს, რომ ერევნისთვის ამჟამინდელი შეღავათიანი ფასი ათას კუბურ მეტრზე 177 დოლარს შეადგენს, ხოლო 25 მაისს მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ერევანი გააფრთხილა, რომ თუ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გავა, გაზის ფასი საბაზრო გახდება.

ასევე, სომხეთი უბაჟოდ რუსეთიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 0.9-1 მლნ ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტს ეწევა. თუმცა ბოლო წლებში რესპუბლიკა მიწოდების დივერსიფიკაციას ახდენს, კერძოდ, AI-95-ის ბენზინს რუმინეთიდან, ეგვიპტიდან და ბულგარეთიდან, ხოლო 2025 წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მშვიდობის დამყარების შემდეგ ბაქომ ერევნისთვის სატრანზიტო შეზღუდვები მოხსნა და როგორც პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამბობს, მიწოდების მოცულობამ უკვე 12 000 ტონას მიაღწია.

საზოგადოება
თბილისის სკოლებში მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობის საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია გრძელდება

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად თბილისის №11 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა. საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერითა ტარდება.

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში. მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც უერთდებიან, მათ შორის, №11 საჯარო სკოლა, სადაც სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით ჩატარდა.

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს.

შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება, პროგრამა კი 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

პროგრამის ორგანიზატორებისა და პედაგოგების შეფასებით, სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული მიდგომა ორმაგ ეფექტს ითვალისწინებს:

გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.

ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის