USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „ნარენდრა მოდის ვიზიტი მოსკოვში იმის დემონტრაციაა, რომ ვლადიმერ პუტინი იზოლირებული არ არის. უკრაინა უკმაყოფილოა“
თარიღი:  

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი” (The New York Times), ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის რუსეთში ვიზიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო, აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნარენდრა მოდის ვიზიტი მოსკოვში იმის დემონტრაციაა, რომ ვლადიმერ პუტინი იზოლირებული არ არის. უკრაინა უკმაყოფილოა“ (ავტორები - პოლ სონე და ანუპრიტა დიასი).

გთავაზობთ პუბლიკაციის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, ზაფხულის საღამოს, დაისს, რუსი ლიდერის რეზიდენციის ეზოში (ნოვო-ოგარიოვოში) ხეების ქვეშ ხვდება. მათ უკვე მოასწრეს გასეირნება გოლფ-კარით, შესვეს ჩაი და დაათვალიერეს ცხენები საჯინიბოში. მოკლედ, დატკბნენ იმ მამულის სიწყნარითა და სიმშვენიერით, რომელიც ოდესღაც რომანოვების დინასტიას ეკუთვნოდა.

სწორედ ამ სცენარით დაიწყო უნდოელი სტუმრის ნარენდრა მოდის ორდღიანი ვიზიტი რუსეთში, რომელმაც ჩვენ გამომაფხიზლებელი რეალობა დაგვანახა: დასავლეთის აშკარა განზრახვის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინის იზოლირება მოეხდინა უკრაინასთან კონფლიქტის გამო, სხვა, არადასავლური ქვეყნები ისეთ პოლიტიკას ატარებენ მოსკოვის მიმართ, როგორიც მათ აწყობთ და მათ ინტერესებს შეესაბამება. ამრიგად, ისინი ახორციელებენ საკუთარ კურსს, რითაც ეხმარებიან ვლადიმერ პუტინს რუსეთის გაძლიერების საკითხში, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინასთან ომს აგრძელებს.

ინდოელი სტუმრისა და რუსი მასპინძლის ურთიერთჩახუტებამ და ხვევნა-კოცნამ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი გააღიზიანა - მან განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია ინდოეთის მიერ სამშვიდობო პროცესის მიმართ განხორციელებული გამანადგურებელი დარტყმით“.

რუსეთში მსოფლიოს დიდი და გავლენიანი დემოკრატიული სახელმწიფოს - ინდოეთის ლიდერის ნარენდრა მოდის ჩასვლა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთ თვალსაჩინო არგუმენტს აძლევს ამტკიცოს, რომ მან თავიდან აიცილა „ხელჩამოურთმევი კაცის“ სტატუსის, რომელსაც დასავლელი ლიდერები ცდილობდნენ მისთვის თავს მოეხვიათ. ორი თვის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს საკმაოდ მჭიდრო დიპლომატიური გრაფიკი ჰქონდა: იგი შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს, აგრეთვე ვიეტნამის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების და უნგრეთის ლიდერებს.

ნარენდრა მოდის ვიზიტი იმითაიც გამოირჩევა, რომ ეს არის ინდოელი ლიდერის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა პარტიამ გაიმარჯვა. ანუ მან თავის საგარეოპოლიტიკურ კურსში რუსეთთან ურთიერთობას გარკვეული პრიორიტეტი მიანიჭა. ასევე ნიშანდობლივია ისიც, რომ ნარედნრა მოდისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს ნატოს საიუბილეო სამიტის ფონზე ვაშინგტონში.

დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს იმის მიღწევა,  რომ ინდოეთი დაერწმუნებინათ ვლადიმერ პუტინის დაგმობის აუცილებლობაში. მართალია, ინდოეთი აღრმავებს ურთიერთობას აშშ-სტან, მაგრამ ნარენდრა მოდი თავს არიდებს რუსეთის საომარი მოქმედების გაკრიტიკებას და „კოლექტიური დიალოგისაკენ“ მოუწოდებს. პრინციპში, ეს გასაკვირი არაა - ინდოეთი ტრადიციების ერთგულია: მას რუსეთთან კარგი თანამშრომლობა ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან აქვს.  „სამწუხაროა, რომ რუსეთ-ინდოეთის გეოპოლიტიკური წონა შენარჩუნებულია“, - ამბობს ენდრიუ ვაისი, აშშ-ის კარნეგის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი.

ინდურმა მასმედიამ ფართოდ გააშუქა ვიზიტის მიმდინარეობა და განსაკუთრებით ის ფაქტი, თუ როგორ არიან ერთმანეთთან ჩახვეულები მოდი და პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი სტუმარს ასე მიმართავდა - „ჩემო საუკეთესო მეგობარო“, ხოლო სტუმარი მასპინძელს - „ჩემო ძვირფასო მეგობარო“ და „თქვენო უდიდებულესობავ“.

მათი „შინაურული საუბარი“ (ესეც ინდოელი სტუმრის შეფასებაა) სამი საათი გაგრძელდა. გარდა ამისა, ინდურ დიასპორასთან შეხვედრისას ნარენდრა მოდიმ ასე თქვა: „როცა ინდოეთში სიტყვა „რუსეთს“ იტყვი, ყოველ მოქალაქეს მეგობარი და ამხანაგი ახსენდება.  დიახ, რუსეთი ინდოეთისათვის ნამდვილი მეგობარია’.

ნიუ-დელის პოზიცია მოსკოვის მიმართ ორივე მხარისათვის მომგებიანია. ინდოეთი რუსეთისაგან იაფ ნავთობს იღებს და სიდიდით მეორე იმპორტიორი გახდა ჩინეთის შემდეგ, ამით კი კრემლი თავის ხაზინას ავსებს. ანუ ინდოეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ეხმარება.

შეერთებული შტატები ცდილობს, რომ ჩინეთთან დაზაბულობის ფონზე ინდოეთთან ურთიერთობა განავითაროს, თუმცა ვაშინგტონი ნიუ-დელის საგარეო პოლიტიკაში ნაკლებად ერევა. როგორც სახდეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, იგი დეტალურად გაეცნობა ნარენდრა მოდის ვიზიტის შედეგებს. „ჩვენთვის მთავარია, რომ  ნებისმიერმა ქვეყანამ, რომლეიც რუსეთთან ურთიერთობას აგრძელებს, პატივი სცეს გაეროს წესდებას და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“ - აღნიშნა მილერმა, თუმცა არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს სწორედ ასეთი „ლექცია ჩაუტარა“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/07/09/world/europe/russia-india-modi-moscow-putin.html

ანალიტიკა
რა არის პრინციპული მსგავსება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) შორის?

1. ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი პრიორიტეტი – პირადი გამდიდრება და „სახელმწიფო სახელმწიფოში“

IRGC მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს გახლავთ უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია.
იგი აკონტროლებს მშენებლობის კომპანიებს (მაგალითად, გიგანტურ კონგლომერატს „ხათამ ალ-ანბია“), ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ფირმებს, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ირანელი უშიშროების თანამშრომლები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს კონკურსის გარეშე, არიან ჩართული კონტრაბანდაში (ნავთობი, სხვადასხვა საქონელი), ფულის გათეთრებაში და კერძო ბიზნესის რეკეტში.

ФСБ მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკის კონტროლში.
ФСБ აქტიურად ეწევა ბიზნესის „კრიშავას“, ახორციელებს რეიდერულ დაპატრონებებს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით, აკონტროლებს საბანკო სექტორსა და სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ ნაკადებს. ФСБ-ის მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული პირები ხდებიან დოლარიანი მულტიმილიონერები და მილიარდერები.

შედეგი: როგორც IRGC, ისე ФСБ ქმნიან სისტემას, სადაც თანამდებობა ბიზნეს-აქტივად იქცევა. ამგვარად, მათი ხელმძღვანელობა პირადად არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის შენარჩუნებით.


2. პროფესიული დეგრადაცია და ძირითადი ფუნქციის ჩავარდნები

წლობით, ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქვეყნის (შეიძლება ითქვას, ლიხტენშტაინისაც კი) სპეცსამსახურები დაუსჯელად კლავდნენ ირანელ ბირთვულ ფიზიკოსებსა და IRGC-ის მაღალჩინოსნებს – ეს იყო კონტრდაზვერვის სრულმასშტაბიანი მარცხი.
2018 წელს „მოსადის“ აგენტებმა თეირანში მდებარე სპეციალური საცავიდან მოიპარეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაახლოებით 100 000 დოკუმენტი, საერთო წონით ნახევარი ტონა. თეირანის გულში, პირდაპირ IRGC-ის ცხვირწინ მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.
IRGC-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, პანიკაში და შესაბამისი ამოცნობის სისტემის გარეშე, ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.
ეს ყველაფერი მიუთითებს პროფესიონალიზმის უკიდურესად დაბალ დონეზე და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უუნარობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ისრაელის სპეცსამსახურები ირანში აკეთებენ რაც სურთ.

ФСБ კი ათწლეულებით ჯაშუშობდა უკრაინაში, აგენტებს ანთავსებდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ყიდულობდა მაღალჩინოსნებს. ომამდე, ФСБ-ის მეხუთე სამმართველომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდა აბსოლუტურად მცდარი სურათი – თითქოს უკრაინელი ხალხი რუსულ არმიას ყვავილებით დახვდებოდა.
ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაზვერვითი მარცხი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“: მიუხედავად დასავლური დაზვერვების წინასწარი გაფრთხილებისა და შიდა ინფორმაციით, ФСБ ვერ შეძლო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტის აღკვეთა. ამ დროს მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ადამიანების დასაჭერად, ვინც პლაკატებს ატარებდა ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერდა.

დრონებით თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები ყირიმის ხიდზე, ოპერაცია „ობობა“ და შეტევები რუსული სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის სიღრმეში – ყველაფერი ეს ცხადყოფს ФСБ-ის სრული უუნარობას შეასრულოს ქვეყნის დაცვის პირდაპირი ფუნქცია.

ФСБ-ის ჩავარდნებს დასასრული არ უჩანს.


3. ერთადერთი სფერო, სადაც ორივე სტრუქტურა „ეფექტიანია“ – საკუთარი ხალხის ჩახშობა

ФСБ და IRGC მშვენივრად ასრულებენ ერთ საქმეს – მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობას. ისინი ებრძვიან ქალებს ჰიჯაბის გარეშე და სტუდენტებს – პლასტმასის ჭიქებით ხელში.

IRGC და მისი დამხმარე „ბასიჯი“ არიან მთავარი იარაღი ირანში პროტესტების ჩასახშობად (2009, 2019, 2022 წწ.). ისინი უშიშრად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ, ახორციელებენ მასობრივ დაპატიმრებებს, აწამებენ და აწყობენ საჯარო სიკვდილით დასჯებს.

ФСБ კი რუსეთის მთავარი რეპრესიული იარაღია. მათ გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, აყალბებენ საქმეებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. მათ ქვეყანაში შიშის ატმოსფერო შექმნეს – რაც რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია.


დასკვნა

IRGC და ФСБ კლასიკური მაგალითებია იმისა, რაც ხდება სპეცსამსახურებში ავტორიტარული რეჟიმების პირობებში:

  1. შერწყმა ხელისუფლებასთან – ისინი წყვეტენ სახელმწიფოს ინსტრუმენტად ყოფნას და თავად ხდებიან რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, მისი შეიარაღებული რგოლი.

  2. უარყოფითი შერჩევა – კარიერული წინსვლა განისაზღვრება არა პროფესიონალიზმით, არამედ ლოიალურობით და მზადყოფნით, შეასრულო დანაშაულებრივი ბრძანებები. კომპეტენტური, მაგრამ დამოუკიდებელი თანამშრომლები სისტემიდან გარიყულნი ხდებიან.

  3. პრიორიტეტების ცვლილება – ქვეყნის ან ხალხის უსაფრთხოების ნაცვლად, მთავარი ხდება ერთი ადამიანის ან ვიწრო ელიტის ინტერესების დაცვა (მაღლესი ლიდერი ირანში, პრეზიდენტი რუსეთში).


თუ მოკლედ ვთქვათ — ესენი არიან სპეცსამსახურები მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.