USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
კარაფანო: საქართველოს შეუძლია იყოს აშშ-ის პარტნიორი ან დარჩეს რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში
თარიღი:  84

„ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ჯეიმს ჯეი კარაფანოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არც საქართველოს ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. ამის შესახებ ჯეიმს ჯეი კარაფანომ Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ერთგვარი „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი“ ჰქონდეს, ჰქონდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თან ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. მაგრამ, ეს არ იმუშავებს. ურთიერთობის წინ წასაწევად ორივე მხარეს ხელშესახები შედეგების დადება მოუწევს. [დონალდ ტრამპი], მხოლოდ შედეგებით არის დაინტერესებული. მას არ აინტერესებს სასიამოვნო სიტყვები - თუ გსურს „ტრამპ თაუერი“ ააშენო, კარგი. ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვა, კარგი. მაგრამ, „სად არის შედეგი? სად არის კონკრეტული შედეგი?“ ეს არის, რაც მას ნამდვილად აინტერესებს. ქართველებს მოუწევთ დასხდნენ მაგიდასთან და შეერთებული შტატებისთვის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე რაიმე კონკრეტულის, ხელშესახების წარდგენა. ისინი უბრალოდ ვერ მიიღებენ პრეზიდენტ ტრამპისგან: „კარგი, საქართველო მშვენიერია“ და ამით ყველაფერი დასრულდება. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო შიდა უკმაყოფილების შეკავება. ხოლო, როდესაც ისინი ევროპელებმა და ამერიკელებმა გააკრიტიკეს მათგან დისტანცირება და რუსეთისა და ჩინეთისკენ უფრო მეტად გადახრა.

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს - აპირებს თუ არა შეერთებული შტატები, სრულად უგულებელყოს საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები და დისიდენტების შევიწროება? პასუხი არის, არა. იმიტომ კი არა, რომ დემოკრატიის მომხრეები ვართ ან იმიტომ, რომ ხელისუფლება არ მოგვწონს, არამედ, იმიტომ, რომ საქართველო ვერასდროს იქნება კარგი პარტნიორი თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული. მაგრამ, საბოლოოდ, ეს თავად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ხომ ასეა? შეერთებული შტატები არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალურად, შესათავაზებელი ალტერნატივაც კი არ აქვთ.

რა არის წარმატებული ხელისუფლება? საქმე არ ეხება პოლიტიკას ან იდეოლოგიას მემარჯვენეა თუ მემარცხენე, კონსერვატორი თუ ლიბერალი ან პროევროპული. საქმე ეხება კარგ მმართველობას და უკეთეს შედეგებს ხალხისთვის. სწორედ ეს სურს შეერთებულ შტატებს, ამ საკითხში ის ძალიან, ძალიან პრაგმატულია. ასე რომ, ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებს, საქართველოსთვის სასარგებლოდ, სურს ქვეყანამ უფრო სტაბილური პოლიტიკური განვითარების გზით იაროს, რადგან ეს საქართველოსთვის უკეთესია. მეორე მხრივ კი, შეერთებულ შტატებს სურს იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რომელიც დღეს არსებობს, რათა ორივე მხარისთვის უკეთესი შედეგები მიიღწეს“,- აღნიშნა ჯეიმს ჯეი კარაფანომ.

ჯეიმს ჯეი კარაფანომ ასევე განმარტა, რომ შეერთებული შტატები ხვეწნას არ დაუწყებს საქართველოს, ისაუბროს როგორც რეალურმა პარტნიორმა, რეალურ საკითხებზე.

„ბურთი საქართველოს მოედანზეა. შეერთებული შტატები ხვეწნას არ დაუწყებს საქართველოს, ისაუბროს როგორც რეალურმა პარტნიორმა, რეალურ საკითხებზე. თუ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ბაქიბუქი სურს, კეთილი, მაგრამ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება. თუ მათ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ, კარგი. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს, სხვა არჩევანიც. მეორე მხრივ, თუ მათ სურთ გააფართოონ საქართველოს წვდომა მსოფლიოზე, თუ ქვეყნისთვის მეტი კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოტანა სურთ, მაშინ შეერთებული შტატები საუკეთესო არჩევანია. ეს ზუსტად ასე მარტივია. მაგრამ, მსოფლიოში სხვა საქმეებიც გვაქვს, მთელ ცხოვრებას ქართველების დევნაში ვერ დავხარჯავთ“,- აღნიშნა ჯეიმს ჯეი კარაფანომ.

ამასთან, მან განმარტა, რომ აშშ არ მოვა და „ქვეყანას არ გამოასწორებს".

„პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, აქ გარკვეული არარეალისტური მოლოდინებიც არის, ხომ ასეა? რა მოლოდინი გაქვთ, რას გააკეთებს შეერთებული შტატები? ჩვენ არ მოვალთ და თქვენს ქვეყანას არ გამოვასწორებთ. უბრალოდ, ამას არ გავაკეთებთ. ეს ჩვენი საქმე არ არის. ასე რომ, არარეალისტურია შეერთებულ შტატებს სთხოვო ისეთი რამის გაკეთება, რასაც თავად ვერ აკეთებ და არ გააკეთებ, ხომ ასეა? თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ: „კარგი, თქვენ უბრალოდ უნდა მოხვიდეთ, უთხრათ მათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამ საკითხზე ზეწოლა მოახდინოთ“, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ არც დისიდენტებს დავაფინანსებთ იმისთვის, რომ უამრავი კონფერენცია გამართონ, აქეთ-იქით ირბინონ და რეალურად ვერაფერს მიაღწიონ, ხომ ასეა?

ამიტომ, ვფიქრობ, არც ერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი იმით, თუ როგორ გადაწყვეტს შეერთებული შტატები საქართველოს შიდა საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ჩართულობას. მაგრამ, ამერიკა ამ საკითხებში ისეთი ფორმით ჩაერთვება, რომელიც ერთდროულად პრაგმატულიც იქნება და კონსტრუქციულიც. შესაძლოა, ეს იდეალური არ იყოს. იცით, არავინ არის იდეალური, ჩვენც არ ვართ. მაგრამ, ჩვენ სხვისი პრობლემების გადაჭრას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას არ ვეტყვით: „ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მსოფლიომ თქვენი ყველა შიდა პრობლემა უგულებელყოს.“ და არც ოპოზიციას ვეტყვით: „ჩვენ მოვაგვარებთ თქვენს ყველა პრეტენზიას, პრობლემასა და საკითხს.“ არ ვაპირებთ რომელიმე მხარე გავაბედნიეროთ“,- აღნიშნა ჯეიმს ჯეი კარაფანომ.

წყარო:https://www.indavemedia.com/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის