USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
პირველი კოსმოსური გაფრენიდან 60 წელი შესრულდა
თარიღი:  6626

60 წლის წინ საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ტრიუმფი, უდიდესი გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებზე მასთან კოსმოსის სფეროში დაპირისპირებაში, ხოლო იური გაგარინი მსოფლიოში ცნობილ პიროვნებად იქცა. მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლითაც 12 აპრილს აღინიშნება კოსმოსში პირველი ისტორიული გაფრენა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გაგარინი 60 წლის შემდეგაც ხიბლავს მსოფლიოს.

„ წავედით“, - ეს იყო ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც 1961 წლის 12 აპრილს მხიარულად წარმოთქვა გასაფრენად გამზადებული კოსმოსური ხომალდის კაბინაში მჯდარმა იური გაგარინმა.

60 წლის წინ საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „ვოსტოკ 1“ კოსმოსში ყაზახეთის უდაბნოში განლაგებული კოსმოდრომიდან გაფრინდა. და მიუხედავად მითქმა-მოთქმისა, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც ძალიან დიდ სანახაობას ამზადებდა, გაგარინის კოსმოსური გაფრენა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ცნობა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საბჭოთა კოსმონავტი ორბიტაზე მშვიდობიანად გავიდა.

გაგარინის გაფრენა შეერთებულ შტატებთან კოსმოსურ შეჯიბრებაში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ნიშნავდა. საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი სიხარულისაგან თურმე მაგიდაზე ცეკვავდა. თავად 27 წლის იური გაგარინისათვის, რომელიც ამ გაფრენისთვის ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა, ეს იყო კულმინაცია, რამაც მას უთვალავი თაყვანისმცემელი შესძინა მთელ მსოფლიოში. მან დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია კოსმოსში არსებობა, რითაც გზა გაუსხნა კოსმოსის შემდგომ ათვისებას. 108 წუთიანი ფრენის შემდეგ, გაგარინმა უსაფრთხოდ დატოვა კოსმოსური ხომალდი და მოსკოვიდან 800 კილომეტრის დაშორებით მდებარე საკოლმეურნეო ფერმაში დაეშვა.

ათი ნაკლებადცნობილი ფაქტი იური გაგარინის და მის მიერ განხორციელებული პირველი კოსმოსური გაფრენის შესახებ.

1. როგორც ჩანს, გაფრენის წონ გაგარინი ძალიან ნერვიულობდა, ეს სტარტი ხომ ფაქტიურად სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვას ნიშნავდა, ამიტომ მან სტარტამდე 2 დღით ადრე გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა მეუღლეს და შვილებს იმ შემთხვევისათვის, თუ გაფრენა კატასტროფით დამთავრდებოდა. საგულისხმოა, რომ ეს წერილი მეუღლეს მხოლოდ 1968 წლის 27 მარტს გადასცეს, როცა იური გაგარინი საცდელი გაფრენის დროს საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

2. კოსმოსურ ხომალდამდე იური გაგარინი ორმა დუბლიორმა მიაცილა.: გერმანე ტიტოვმა და გრიგორი ნელიუბოვმა, თუმცა მეორე დუბლიორის არსებობის შესახებ ფაქტი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი. ტიტოვს და გაგარინს სკაფანდრები ეცვათ, ხოლო ნელიუბოვი ჩვეულებრივ სამხედრო ფორმაში იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამოუვალ შემთხვევაში ის მზად იყო შეეცვალა გაგარინი და ტიტოვი. ნელიუბოვის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული, მხოლოდ შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გაგარინის გაფრენიდან მალე ის უდისციპლინობის და ლოთობის გამო გამოაგდეს ჯგუფიდან და მალე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

3. «Восток-1»-ის გაფრენა განხორციელდა სრულ ავტომატურ რეჟიმში. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არავინ არ იცოდა, თუ რამდენად შეინარჩუნებდა კოსმონავტი შრომისუნარიანობას უწონობის პირობებში. მხოლოდ განსაკუთრებით უკიდურეს შემთხვევაში შეეძლო გაგარინს გამოეყენებინა კოდი, რომელიც საშუალებას მისცემდა თავად ემართა ხომალდი.

 

4. გაფრენამდე რამოდენიმე ხნით ადრე იქნა დაწერილი პირველი კოსმონავტის მიმართვა საბჭოთა ხალხისადმი: ის დაწერილი იქნა სამ სხვადასხვა ეგზემპლარად. ასევე სამ ეგზემპლარად იქნა დაწერილი ТАСС-ის პირველი განცხადება კოსმოსური გაფრენის შესახებ: 1. თუ წარმატებით განხორციელდებოდა გაფრენა; 2. თუ კოსმონავტი უკვალოდ დაიკარგებოდა კოსმოსში; 3. თუ კატასტროფა მოხდებოდა და რაკეტა აფეთქდებოდა.

 

5. «Восток-1» -ის გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: რაკეტის ჰერმეტულობის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მისი ლუკი არაჰერმეტულად იხურებოდა. ამის გამო შესაძლებელი იყო ფრენა გადაეტანათ, ეს კი დიდ აურზაურს გამოიწვევდა. რაკეტის კონსტრუქტორმა ოლეგ ივანოვსკიმ ნამდვილი გმირობა გამოიჩინა: მან წამებში მოახერხა და გამოცვალა ლუკის 30 ჭანჭიკი. კვლავ მოხდა შემოწმება ჰერმეტიზაციაზე და როცა გადამცემმა დადებითი სიგნალი აჩვენა, ყველამ შვებით ამოისუნთქა: ფრენის გადატანა აღარ იყო საჭირო.

 

6. სტარტის უკანასკნელ წუთებში გაგარინმა წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც კარგა ხანს არ ახმაურებდნენ: " ვიწვი, მშვიდობით, მეგობრებო". საქმე იმაშია, რომ ზუსტად არავინ არ იცოდა, რა მოხდებოდა რაკეტის ატმოსფეროს სქელ ფენებში გავლის დროს. ამიტომ გაგარინმა, რომელმაც ილუმინატორიდან ცეცხლის მგრგვინავი ალი დაინახა, ჩათვალა, რომ ხომალდი იწვოდა და მალე აფეთქდებოდა. სინამდვილეში კოსმოსური ხომალდის ცეცხლგაუმტარი გარსის ხახუნის ძალა ატმოსფეროსთან-ეს მუშა პროცესია, რომელიც დამახასიათებელია ყველა კოსმოსური გაფრენის დროს. დღეს კოსმონავტები უკვე აღარ უფრთხიან ამ საოცარ სანახაობას, რომელსაც ხომალდის სტარტის დროს ხედავენ.

 

7. ცნობილი კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება გაგარინი მთავარ კონსტრუქტორს იური კარალიოვს ხომალდის ბორტზე სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე - ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტაციაა, რომელიც გაცილებით გვიან გადაიღეს. საქმე იმაშია, რომ რეალური სტარტის წინ არავის სცხელოდა ფოტო და კინოგადაღებისათვის. მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ გადაწყვიტეს ოპერატორებმა ქრონიკის აღდგენა და სთხოვეს გაგარინს და კარალიოვს ხომალდის კაბინაში ის სცენა გაემეორებინათ, რაც სტარტამდე მართლაც მოხდა.

8. «Восток»-ის კოსმოსურ ხომალდებზე არ იყო გათვალისწინებული დასაჯდომი მოწყობილობა კოსმონავტის უსაფრთხო დაფრენისათვის. პილოტები უბრალოდ ახდენდნენ კატაპულტირებას 1500 მეტრი სიმაღლიდან. ეს იმით იყო განპირობებელი, რომ ამ ხომალდებს არ ჰქონდათ რბილი დაშვების ძრავები. გარდა ამისა, კონსტრუქტორები ეჭვობდნენ, რომ დაშვების დროს კოსმოსური ხომალდის ლუკი უბრალოდ მიედუღებოდა ხომალდის გარსს და იქედან გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა.

იმის გამო, რომ დაშვება ხომალდის გარეშე მოხდა, საერთაშორისო აერონავტიკის ფედერაცია პირველ კოსმოსურ გაფრენას არ ცნობდა, ამიტომ საბჭოეთის წარმომადგენლებმა მოიტყუეს, თითქოსდა გაგარინი დედამიწაზე ხომალდის კაბინით დაეშვა. სიმართლე მხოლოდ 1964 წელს გამოირკვა.

 

9. ერთ-ერთი გახმაურებული თემა, რომელიც დაკავშირებული იყო გაგარინის გაფრენასთან კოსმოსში: წარწერა «СССР» პირველი კოსმონავტის მუზარადზე. ეჭვები წამოვიდა იქედან, რომ სტარტის წინ გადაღებულ ფოტოებზე ზოგან არის ეს წარწერა, ზოგან კი არ ფიგურირებს. საოცარია, მაგრამ თუ როგორ მოხდა ეს, ზუსტი პასუხი არავინ იცის. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სკაფანდრის შემქნელებს უბრალოდ დაავიწყდათ მუზარადზე წარწერის გაკეთება და მხოლოდ სტარტის წინ, ნიკიტა ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნით ხელდახელ გააკეთეს წარწერა. ეს მოხდა სტარტამდე 20 წუთით ადრე და წარწერა გაკეთებული იქნა პირდპირ გაგარინის თავზე, ისე, რომ მუზარადი მისთვის არ მოუხსნიათ (სკაფანდრის ჩამა-გახდას რამოდენიმე საათი ჭირდებიდა). ამიტომაა, რომ ის ზოგ ფოტოზე ჩანს, ზოგზე კი არა.

 

10. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, იუმორნარევი წვრილმანი ადამიანის პირველ გაფრენაზე კოსმოსში დაკავშირებულია გაგარინის ...ფეხსაცმლის თასმებთან. როცა გაგარინი ოფიციალურ მიღებაზე მივიდა, რათა ხრუშჩოვისათვის მოეხსენებინა პირველი კოსმოსური გაფრენის წარმატებით განხორციელების შესახებ, კადრში მოხვდა მისი ფეხსაცმლის შეუკრავი თასმები. ამ უბრალო, საყოფაცხოვრებო დეტალმა კიდევ უფრო მეტი სიყვარული გამოიწვია ხალხში გაგარინის მიმართ. ამბობენ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი სერგეი, რომელიც ამ ცერემონიას ესწრებოდა, მივიდა გაგარინთან და მას დაეხმარა თასმების შეკვრაში.

 

მიუხედავად სახელგანთქმული კოსმონავტის დატვირთული დღის წესრიგისა, გაგარინი დაჟინებით აგრძელებდა საცდელ ფრენებს. ერთ-ერთი ასეთი საცდელი გაფრენის დროს იგი, 34 წლის ასაკში, დაიღუპა ინსტრუქტორ ვლადიმირ სერიოგინთან ერთად. 1968 წლის 27 მარტს „მიგ 15“ ტიპის თვითმფრინავი გაურკვეველ ვითარებაში დაიმსხვრა, რამაც მთელ მსოფლიოში მრავალ ვერსიას დაუდო სათავე. ზოგი ფიქრობს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა მართვის კონტროლის დაკარგვა, მეორენი კი ფიქრობენ, რომ კატასტროფის მიზეზი გახდა მეორე თვითმფრინავის ქვემოდან შეფრენით წარმოქმნილი ტურბულენტური თუ ატმოსფერული ბურთი, რაც გვიან შენიშნეს. მრავალ ადამიანს სჯერა, რომ გაგარინი მოკლა საბჭოთა კაგებემ, ნასვამი მართავდა შტურვალს ანდა შეგნებულად მოახდინა ავარია, რადგან ვეღარ გაუძლო საკუთარ დიდებას.

გაგარინის თაყვანისმცემლები დღემდე მოითხოვენ კოსმონავტის მისტიკური დაღუპვის ნამდვილი მიზეზის დადგენას. 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.