USD 2.6941
EUR 3.1607
RUB 3.5486
თბილისი
რუსეთ-უკრაინის ომი შეჯამება 2 სექტემბრისათვის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
თარიღი:  1306
- რუსეთი საქართველოსა და დანარჩენ დასავლეთში დიდი ხანია ჰყიდის იდეას, თითქოს მას ახლა 1941-45 წლის საბჭოთა კავშირის მსგავსად უზარმაზარი რაოდენობით ცოცხალი ძალა, წარმოება, საერთაშორისო დახმარება და თავგანწირვის უწყვეტი მზაობა აქვს, მაგრამ სინამდვილე ბევრად მძიმეა კრემლისათვის - ქვეყნიდან ხალხი გარბის და კორუფცია რუსულ არმიას შიგნიდან ხრავს. აგერ რუსეთის დუმის დეპუტატები ახალგაზრდებსა და სტუდენტებს მოუწოდებენ დეფიციტის გამო ქარხნებში უფასოდ იმუშაონ, ხოლო ბრძოლისუნარიანებმა ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის რიგები ერთიანი მაღალი ანაზღაურებისათვის მაინც შეავსონ.
 
რუსეთიდან მიგრაცია რეკორდულად იზრდება, განსაკუთრებით კი სწორედ შრომისუნარიან მოსახლეობაში. ეს ტენდენცია კიდევ უფრო შესამჩნევია ეთნიკურად რუსებში. ევროპელი მიმომხილველები სწორედ ამას აღნიშნავენ და ამბობენ, რომ დღევანდელი რუსეთი საბჭოთა რესურსების აჩრდილია მხოლოდ, რის გამოც მისი ტერიტორიები აგერ უკვე ერთი თვეა ოკუპირებულია უკრაინის მიერ. რუსეთს რომ შეეძლოს არათუ კურსკში დიდი ხნით ადრე გადავიდოდა კონტრშეტევაზე, არამედ სხვა, ახალი მიმართულებით გახსნიდან ფრონტის ხაზს.
 
- რუსულ მხარეს სერიოზულ პრობლემად რჩება ლოჯისტიკური მომარაგება: პრობლემა არამხოლოდ საწვავის, საკვების, ამუნიციისა და ტანსაცმლის დეფიციტი შეიძლება იყოს, არამედ უშუალოდ მომარაგების მეთოდი. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზაზეა დამოკიდებული. აქტიური დაბომბვისა და ხშირად რკინიგზისაგან დაშორებული მონაკვეთების გათვალისწინებით მანქანებით ხდება საჭირო პროდუქციის მიწოდება. მაგრამ ლოჯისტიკურ სამხედრო ტექნიკაში გაუჩნდა რუსეთს პრობლემები. აქტიური საარტილერიო დაბომბვებისა და ჩასაფრებების პირობებში რუსული ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებული ან დაზიანებულია, მათი შევსება კი სამოქალაქო ტრანსპორტით ხდება, რის გამოც მოცულობასთან ერთად უსაფრთხოების კომპონენტიც კრიტიკულად მცირდება ხოლმე.
 
- ბოლო ორი დღეა რუსეთის ტერიტორიაზე აქტიური საჰაერო და საარტილერიო იერიშები მიმდინარეობს. ბელგოროდისა და კურსკის ოლქები ბოლო 72 საათია განმეორებითი დარტყმების ქვეშ არიან მოქცეული. ამის მიზეზი კი ძირითადად ისაა, რომ სწორედ ბელგოროდის ოლქიდან ბომბავენ უკრაინულ სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივს (ხარკოვს). რუსები ქალაქს ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტებსა და თავიანთი წარმოების ფრთოსან რაკეტებს ესვრიან. მსხვერპლი მხოლოდ მშვიდობიანი უკრაინელები არიან. დღევანდელი იერიშის შედეგად დაიბომბა ფოსტის შენობა, სავაჭრო მოლი, სპორტული სავარჯიშო დარბაზი და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინელები აღნიშნულ სამხედრო დანაშაულებზე სამართლიანად პასუხობენ.
 
გარდა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებისა უკრაინელთა სამიზნე რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა:
1. კაშირის თბოელექტროსადგური - მოსკოვის სიახლოვეს;
2. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვში;
3. კონაკოვოს თბოელექტროსადგური ტვერის ოლქში;
4. გაზგამანაწილებელი ასევე ტვერის ოლქში;
5. აფეთქებები როსტოვის ოლქშიც;
 
ენერგეტიკა როგორც ლოჯისტიკის ისე სამხედრო და სხვა სახის წარმოების წყაროა.
 
უშუალოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს უკრაინელებმა დაბომბეს კურსკისა და კურჩატოვის ირგვლივ არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები და სანგრები, რომლის მომზადების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს.
 
- კურსკის ოლქში, მდინარე სეიმის სამხრეთით, გლუშკოვოს რაიონში ჩარჩენილი რუსული ნაწილების მომარაგების შესაფერხებლად უკრაინელებმა დაბომბეს რუსების ხელახლა გადებული სამხედრო - პონტონური - ხიდები. მინიმუმ ექვსი ასეთი ხიდი იქნა განადგურებული ბოლო 10 დღეში. გასული 48 საათში ასეთ დაბომბვას პონტონური ხიდების გასწვრივ აფეთქებები და ტერიტორიის აალება მოჰყვა. სწორედ ამიტომ არის ვერსია, რომ უკრაინელებმა მომარაგების პროცესში დაარტყეს რუსულ ნაწილებს და ხიდთან ერთად ამუნიციაც აღმოჩნდა დაბომბვების ქვეშ.
 
- კურსკის ოლქში უკრაინული სახმელეთო შეტევა გრძელდება. უკრაინელები რაიონულ ცენტრ კორენოვოს პირდაპირ აღარ უტევენ და მის შემოვლას განაგრძნობენ. ამჯერად სამხედრო სამიზნე კორენოვოს ჩრდილოეთით მდებარე ალეკსანდროვკაა. რუსული ნაწილების რაოდენობა კურსკის ოლქში ყოველდღიურად მზარდია. მაგრამ ინიციატივა კვლავ უკრაინელთა ხელში რჩება. საინტერესოა კიდევ ერთი: წინა დღეებისაგან განსხვავებით ინფორმაცია კურსკის ოლქიდან ისევ შეიზღუდა, როგორც შეტევის პირველ კვირაში მოხდა.
 
- უცვლელად მძიმე სიტუაციაა უკრაინის დონეცკის ოლქში. ფრონტის ხაზი კვლავ ჰროდივკასა და ნოვოჰროდივკაში გადის, მაგრამ ამ ორ წერტილში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. უფრო პატარა ჰროდივკაში უკრაინელები ეფექტურად ახერხებენ რუსების მოგერიებას და პოზიციებიც კი დაიბრუნეს ზოგიერთ მონაკვეთზე, მაგრამ ნოვოჰროდივკაში რუსებმა თითქმის მთელი ქალაქი იგდეს ხელთ. მხოლოდ დასავლეთ გასასვლელთან, საინჟინრო მიწაყრილების სიახლოვეს რჩებიან უკრაინელები. ნათლად იკვეთება რომ უკრაინელები ნოვოჰროდივკას დასავლეთით პოკროვსკი-მირნოჰრადისა და მათი შემოგარენის გამაგრებაზე არიან ორიენტირებული. ამის საპირისპიროდ რთული სათქმელია რა სვლას გააკეთებს რუსეთი - პირდაპირ შეასკდება პოკროვსკს თუ ჯერ ფლანგებზე შეეცდება გაშლას სამხრეთით და ჩრდილოეთით, იქ დაკარგავს რესურსებს და შემდეგ განაგრძობს სვლას პოკროვკიზე.
 
- დონეცკის ოლქში, სამხრეთის მიმართულებაზე რუსებმა ვუჰლედარის დაბომბვა და იერიში განახლებული ტემპით წამოიწყეს. ეს ქალაქი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან დონეცკის სამხრეთით იმ ნაწილში მდებარეობს, რომლიდანაც ვოლნოვახამდეც შეიძლება მიწვდომა და უშუალოდ ქალაქ დონეცკამდეც. რუსებმა წინა წელს უზარმაზარი რესურსები შეაწირეს ქალაქს და მაინც ვერ აიღეს. ვუჰლედარი უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილია დონეცკის ოლქში, ასე რომ მისი რუსების მხრიდან აღება ძალიან რთული იქნება. ამიტომაც არაა გამორიცხული მას რუსებმა ჩრდილოეთიდანაც მოუარონ, პოკროვკის მიმართულების სამხრეთით ანუ.
 
- რუსები ჩივიან რომ ფრონტის ხაზზე სამხედრო პოლიცია განსაკუთრებით ცუდად და უსამართლოდ იქცევა. ეს მათ დემორალიზაციას კიდევ უფრო მეტად ახდენს. ხშირია სასიკვდილო მისიაზე მცირე ჯგუფების გაშვება ხოლმე. პრაქტიკულად სუიციდია ეს. ომის დაწყების შემდეგ წელს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ რუსულ არმიაში განსაკუთრებით იმატა თვითმკვლელობის მაჩვენებელმა. ამას ემატება ისიც, რომ კურსკის ოლქის დასაცავად ხელფასი უფრო ნაკლები აქვთ რუს სამხედროებს ვიდრე დონეცკში ყოფნისას. კორუფცია კი ყველა უწყებაშია. ფრონტის ხაზზე ვის და სად აგზავნიან და რა მოვალეობას ჩააბარებენ ამასაც შიდა კავშირებითა და ფულით წყვეტენ ხოლმე.
 
- უკრაინული წყაროები ამტკიცებენ, რომ რუსებმა აგვისტოში 36 ათასი სამხედრო დაკარგეს - მოკლული, დაჭრილი, ტყვე, დეზერტირი, დაშავებული. ეს ციფრი ძალიან დიდია და ომის დაწყების პირველი თვეების შემდეგ გამორჩეულია. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ საბრძოლო მოქმედებები დონეცკის ოლქში, ხაკრივის ოლქში და კურსკის ოლქში, 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს, ეს ციფრი შეუძლებლად აღარ გამოიყურება.
 
- ბელარუსი განაგრძობს სამხედროების მობილიზებას უკრაინის საზღვრის სიახლოვეს როგორც ჰომელის ოლქში ისე ბრესტის ოლქში (ანუ როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისე სამხრეთ დასავლეთით). მიუხედავად ლუკაშენკას მხრიდან წვრთნების მომიზეზებისა და უკრაინელთა წინააღმდეგ ფსიქოლოგიური წნეხისა, კიევისათვის მსგავსი მანევრები შეუმჩნეველი არ არის. უკრაინული ლოკალური ბრიგადების წარმომადგენელთა და ოფიციალური უწყებებითაც მოხდა შეტყობინების გაგზავნა მინსკისათვის, რომ ბელარუსის 60 ათასი სამხედროს მხრიდან რაიმე პროვოკაციის შემთხვევაში, ბელარუსი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის და აუცილებლად დამარცხდება.
 
- მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლების აკრძალვა უკრაინის შემდეგ ახლა უკვე მოლდოვაშიც განიხილება. ამ უკანასკნელში რუმინული ეკლესია და მოსკოვის საპატრიარქო გავლენებისათვის ერთმანეთს ათწლეულებია ეპაექრება (მოლდოველები რუმინელები არიან). მოსკოვის საპატრიარქო პოლიტიკური ინსტიტუციაა და რუსეთში არსებული ცეზაროპაპიზმის პირობებში (როდესაც ეკლესია კრემლს ემორჩილება) მოლდოვაში პრო-რუსულ კურსს ატარებს. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია კი რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს.
 
ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, ამჯერად რუმინეთის მეზობელ ბულგარეთში: თუკი თავდაპირველად ბულგარეთს საპატრიარქოს ახალ პატრიარქს (ორი თვეა პატრიარქია) არ მოეწონა მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვა უკრაინაში, ახლა უშუალოდ ამ ახალ პატრიარქ დანილს შეექმნა პრობლემები. მისი არჩევა საკმაოდ დიდი შიდა ფრაქციული დაპირისპირების ფონზე მოხდა, მაგრამ ახლა როდესაც მან პრო-რუსული პოზიცია დაიჭირა, შიდა დაპირისპირება ბულგარეთის ეკლესიაში კიდევ უფრო გამწვავდა. პატრიარქი დანილი ფრთხილობს. ახლა იგი ან დისტანცირდება მოსკოვიდან ან შეიძლება ბულგარეთში მის თანამდებობას შეექმნას პრობლემა. ზოგადად, რუსეთისათვის რელიგია პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით.
 
მსოფლიო
BMG: ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები - 2025 წლის TOP 10 ბრენდი აშშ-ში

ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.

წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.

ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.

გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:

2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".

მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".

ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".

მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".

1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.

ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.

"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.

ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.

შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

წყარო:https://bm.ge/n

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის