USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ზურა დათუაშვილი - საინტერესო სუბიექტი იყო კალინინი. არსენობამდე ბევრი უკლდა, მაგრამ ქეიფი ნამდვილად უყვარდა და გზებზე სუფრის გადაფენა
თარიღი:  2239

ისტორიკოსი და ჟურნალისტი ზურა დათუაშვილი თავის ფესიბუკის გვერდზე  ლენინის (სსრკ-ის სახალხო კომისართა
საბჭოს თავმჯდომარე) და კალინინის (სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე) ერთობლივ სურათს აქვეყნებს და საინტერესო ისტორიებს იხსენებს კალინინის მონაწილეობით.

" ეს ფოტო რამდენჯერმე შემხვდა სოციალურ ქსელში და იმდენჯერვე ატყდა კამათი, ფეიკია თუ რეალური კადრი. კომენტატორები ვერც იმაზე თანხმდებიან, ვინაა გამოსახული პროლეტარიატის უსაფლავო ვოჟდის გვერდით - ლევ ტროცკი თუ მიხეილ კალინინი.

თავს ვერ დავდებ, ნამდვილად არ ვიცი, ნაყალბევია სურათი თუ რეალური, მაგრამ თუ სინამდვილეს ასახავს, უფრო კალინინის ვერსიისკენ ვიხრები. ტროცკი ლენინზე ბევრად ახალგაზრდა იყო და რევოლუციის წინა პერიოდში კუპრივით შავი თმა-წვერი ჰქონდა.
არის კიდევ ერთი არგუმენტი ამ მოსაზრების სასარგებლოდ - გარმონი.
ცნობილი ფაქტია - კალინინი გართობის, სიძვის დიაცთა და კაი სმა-ჭამის მოყვარული კაცი იყო. ბოლშევიკურ ელიტაში იცოდნენ მისი ჰედონისტური სისუსტენი. ერთი-ორჯერ სტალინი გაუბრაზდა კიდეც, მაგრამ საკავშირო მამასახლისი იმდენად მონური მორჩილებით ელაქუცებოდა ხალხთა მეორე მამიკოს, იმანაც ხელი ჩაიქნია - ჯანდაბას შენი თავი, თუნდაც ქვა გიხლიაო.
ამ დღეებში ცნობილი სახალხო მასწავლებლის, ვარლამ ძიძიგურის მოგონებები წავიკითხე, რომელშიც საინტერესო ფაქტია აღწერილი კალინინის საქართველოში ყოფნის შესახებ.
1925 წლის მარტის პირველ რიცხვებში თბილისში საკავშირო ცაკ-ის სესია ჩატარდა, რომელსაც მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული კალინინი უძღვებოდა. ამ პერიოდს დაემთხვა ინცინდენტი ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში, სადაც ადგილობრივი კომკავშირლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო მთლიანად გადაიბუგა სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით აგებული სახალხო სახლი. ვ. ძიძიგური ს. ორჯონიკიძის დახმარებით ეწვია ცაკ-ის თავმჯდომარეს და სთხოვა, რომ მოენახულებინა დამწვარი ობიექტი. მისდა გასაკვირად, კალინინი მყისვე დათანხმდა, მომდევნო დღეს დაახლოებით ასკაციანი ამალით ჩავიდა ქუთაისში, იქ ღამე გაათია და მეორე დილით მათხოჯში გაემგზავრა დიდი ავტოკოლონით. მას თან ახლდა ფილიპე მახარაძე და საქართველოს კომპარტიის მაღალი თანამდებობის ჯერ კიდევ მოსიარულე გვამები, რომლებიც ათიოდე წლის შემდეგ უძრავი გვამების კატეგორიაში გადაამისამართა სტალინმა.
მაღალი სტუმრის დასახვედრად, ბუნებრივია, სათანადოდ გაისარჯნენ მასპინძლები. მათხოჯის მეზობელი სოფლებიდან საგანგებოდ გამოიყვანეს მოსახლეობა და საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს დელეგაციას. კალინინმა დაათვალიერა გადამწვარი სახალხო სახლი, მსუბუქად გაჯორა მასპინძლები - აშენება კი შეგძლებიათ, მაგრამ მოვლა არაო და მერე ანუგეშა - ხელები არ ჩამოუშვათ, სასწრაფოდ აღადგინეთ, საქართველოს მთავრობა დაგეხმარებათ და არც მე მოგაკლებთ მოსკოვიდან ყურადღებასო.
მერე გაიმართა დიდი მიტინგი პარტიული ხრიგინის ტრადიციული ელემენტებით და ბოლოს ყველაფერი დაგვირგვინდა სამასკაციანი, მასშტაბური ბანკეტით რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში. მთავარი სუფრა თვითონ ვ. ძიძიგურის სახლში გაიშალა, რომელსაც პირადი თანდასწრებით პატივი დასდეს პარტიისა და მთავრობის მაღალჩინოსნებმა.
ვ. ძიძიგური დეტალურად აღწერს მათხოჯში კალინინის ყოფნის ყველა ეპიზოდს, მათ შორის - სუფრასაც. კარგად რომ გამოძღა და სასმელიც გვარიანად ყლურწა, საკავშირო მამასახლისი გრიალის ხასიათზე დადგა და მასპინძლებს “გარმოშკა” მოთხოვა. ჯერ თვითონ იცეკვა, მერე სოფლელებიც აიყოლია და დილის ექვს საათამდე მუხლი არ ჩაუხრია. უკვე თენდებოდა, მოსასვენებლად რომ გადაიყვანეს ვ. ძიძიგურის ბიძის მეზობლად მდგარ სახლში.
დილით გაღვიძებულმა ვარლამმა სტუმარი რომ მოიკითხა, უთხრეს, - ბიძაშენის სამზადშია და ბიცოლაშენს ელაპარაკებაო. მასპინძელს გაუკვირდა, ბიცოლაჩემმა ორი სიტყვა არ იცის რუსულად და როგორ აგებინებსო. სამზადში შესულს თვალწინ ასეთი სცენა გადაეშალა - სამზადში, შუაცეცხლთან, ჯორკოზე იჯდა კალინინი და მისჩერებოდა, როგორ ამოჰყავდა მოხუც დიასახლისს ყველი. მასპინძელი ხელების მოშველიებით ცდილობდა აეხსნა სტუმრისთვის ტექნოლოგიური ნიუანსები.
- “ცუნცულა გინდა”? - ჰკითხა ბიცოლამ კალინინს, თან თოთო ყველის ნაწყვეტი ამოუღო ქოთნიდან და მისცა. კალინინმა გამოართვა, პირში ჩაიდვა და “უჰ-უჰ”-ს ძახილით ჭამდა. ბიცოლამ იფიქრა, მოეწონაო:
- კიდევ გინდა ცუნცულა, ჰა!
- ბიცოლა, ეს პრეზიდენტია! - ვუთხარი მე.
- რაა, შვილო, ეზიდენტი?
- მეფის მაგიერი!
- იჰ, მეფეს რა უნდა ჩემს “კუხნაში”?
როცა კალინინს ვარლამმა ბიცოლამისთან საუბრის შინაარსი გადაუთარგმნა, ბევრი იცინა.
რაკი საკავშირო მამასახლისის ქუთაისურ-ხონურ ვოიაჟს დაწვრილებით შევეხე, ბარემ ორ სასეირო ეპიზოდსაც გავიხსენებ ვ. ძიძიგურის წიგნიდან.
ქუთაისში კალინინს ერთმა გლეხმა თხოვნა მიართვა, - სასოფლო საბჭოს თავმჯდომარემ ცხრა დღე ჩამსვა “ნაობახში” და უბრძანე, ჩამომეხსნასო. - რა დააშავეო, ჰკითხა ცაკ-ის თავმჯდომარემ. - არაფერი, იმისთვის დამსაჯა, რომ ღმერთი მწამსო. - ახალთაობის ხალხს ხომ არ ებრძვიო, ისევ ჩაეკითხა კალინინი. - არა, ეგენი კაი საქმეს აკეთებენო. საკავშირო მამასახლისს პასუხი მოეწონა და ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარეს “უბრძანა”, - სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე 18 დღით ჩააყუდეთო.
როცა სტუმარს ქალაქი დაათვალიერებინეს, მასპინძლებმა თავის მოსაწონებლად საგანგებოდ აჩვენეს ცენტრალურ მოედანზე ახალდანგრეული “სობორო”. ვ. ძიძიგურის გადმოცემით, რომელიც ამ დროს იქვე იმყოფებოდა, კალინინს მაინცდამაინც არ მოსწონებია ნანახი და ქუთაისის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარისთვის ირონიულად უკითხავს - მეტი არაფერი გქონდათ გასაკეთებელიო?
საინტერესო სუბიექტი იყო კალინინი. არსენობამდე ბევრი უკლდა, მაგრამ ქეიფი ნამდვილად უყვარდა და გზებზე სუფრის გადაფენა…"
მიყევით ბმულს - ზურა დათუაშვილი
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის