USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
BBC: „სი ძინპინს ვლადიმერ პუტინთან ერთად ყოფნა სურს, მაგრამ უსაფრთხო დისტანციით“
Date:  152

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „სი ძინპინს ვლადიმერ პუტინთან ერთად ყოფნა სურს, მაგრამ უსაფრთხო დისტანციით“ (ავტორი - ლაურა ბიკერი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთდამოკიდებულების „შუქ-ჩრდილები“: „გარეგნული მეგობრობის მიღმა მოსკოვისა და პეკინის პოტენციური უთანხმოება იმალება. რუსეთი სუსტია, ჩინეთი კი ძლიერი. ამ ფაქტორს პეკინისა და მოსკოვის კავშირებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ჩინეთის კომპარტიის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას აჩვენებენ, თითქოსდა ისინი საუკეთესო და განუყრელი მეგობრები არიან. როცა ორივე მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს უყურებდა (ჩინეთის არმიის ქვედანაყოფის ჩათვლით), სი ძინპინი ვლადიმერ პუტინთან ერთად იდგა. მანამდე კი რამდენიმე საათით ადრე სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის კავშირს „ურთვევი“ უწოდა და დაამატა, რომ რუსეთისა და ჩინეთის მგობრობა „ფოლადისებურად მტკიცეა“. 

ცხრა მაისს ჩინელი ლიდერი უკვე მეთერთმეტედ იმყოფებოდა რუსეთში მას შემდეგ, რაც მან 2013 წელს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა დაიკავა. საერთოდ კი, ისინი ერთმანეთს 40-ჯერ არიან შეხვედრილნი. ვლადიმერ პუტინმა უკვე განაცხადა, რომ შემოდგომაზე ჩინეთს ეწვევა.

„ბეწვის ხიდი“ სი ძინპინისათვის

მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერთა ერთმანეთთან დამოკიდებულების მიღმა უფრო მეტი რამ იმალება, რომელიც გარეგნულად არ ჩანს. „ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობას ამ ადამიანებს შორის, მათი პატრიოტული ერთიანობის ხშირ გამოვლინებას“, - ამბობს მეთიუ ბულეგი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან, - „მათ შეუძლიათ მოკავშირეები იყონ ერთ საკითხში, მაგრამ მეორეში შეიძლება მეტოქეობა გამოავლინონ და ერთმანეთს ზიანი მიაყენონ. მათი ურთიერთობა ზოგიერთ ასპექტში კონკურენტულია, მაგრამ სიმბოლურად შთამბეჭდავიც და მოჩვენებითიც. აუცილებელია მათი რეალური არსის დანახვა“.

დიახ, სინამდვილეში სი ძინპინი „ბეწვის ხიდზე“ დადის: რუსეთი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ უკრაინაში შეჭრამ ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო არენაზე ნეგატიური რეპუტაცია დაუმკვიდრა და ბევრი ქვეყნისაგან იგი გარიყული აღმოჩნდა. შესაბამისად, პეკინისათვის აუცილებელია ფრთხილად იყოს, რათა მისმა მეგობრობამ მოსკოვთან სხვა პოტენციური პარტნიორები არ დააფრთხოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს ეკონომიკური ომი აქვს აშშ-სთან.

ჩინეთი რამდენიმე თვეა ცდილობს ევროპასთან ურთიერთობის აწყობას - მისი დიპლომატიური ძალისხმევა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. პეკინი ისწრაფვის, რომ საკუთარი თავი სტაბილურ გლობალურ პარტნიორად აჩვენოს უპროგნოზო და არასტაბილურ თეთრ სახლთან შედარებით.

სხვათა შორის, ბოლო დროს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ სი ძინპინის პოლიტიკას თავისი ნაყოფი მოაქვს: რამდენიმე დღის წინ, ერთი მხრივ, ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა, მეორე მხრივ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერი ლი ციანი ერთმანეთს მიესალმნენ პეკინისა და ბრიუსელის ურთიერთობის დაწყების  50 წლისთავთან დაკავშირებით.

და მაინც მათი პარტნიორობის განვითარების მთავარ დაბრკოლებად რჩება ჩინეთის მჭიდრო ურთთიერთობა რუსეთთან და პეკინის მტკიცე ეკონომიკური მხარდაჭერა მოსკოვის მიმართ. ჩინეთს არასოდეს არ დაუგმია „ძველი მეგობრის“ უკრაინაზე თავდასხმა და ამის ნაცვლად მას მხოლოდ „კრიზისის შეწყვეტისაკენ“ მოუწოდებს.

თუ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინთან ზედმეტად დაახლოებას გააგრძელებს, ამით მას ევროპასთან ურთიერთობა გაურთულდება და ეს იმ დროს, როცა ჩინეთი ახალ მოკავშირეებს ეძებს. მაგრამ ჩინელი ლიდერი ცდილობს არამხოლოდ ევროპასთან ურთიერთობის სურვილის დემონსტრირებას.

„უსტარი“ დონალდ ტრამპისათვის - რუსულ გაზეთში

როცა დონალდ ტრამპმა რუსეთ-ჩინეთოს ომის დასრულების მიზნით ძალისხმევა დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამდა თავის მჭიდრო პირად ურთიერთობას რუს კოლეგასთან. ანალიტიკოსებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ხომ არ ნიშნავდა დონალ ტრამპის მოქმედება შუღლის ჩამოგდების მცდელობას ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის.

სი ძინპინს სურს, რომ დონალდ ტრამპს მიანიშნოს - შუღლი პეკინს და მოსკოვს შორის შეუძლებელია, ეს არ მოხდება. „ჩვენ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი მეგობრობის და ნდობის დარღვევის მცდელობები“, - წერს სი ძინპინი რუსეთის სამთავრობო „როსიისკაია გაზეტაში“ 7 მაისს გამოქვეყნებულ  თავის სავტორო სტატიაში სათაურით „ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნები უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი ერთად შევქმნათ“.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა დონალდ ტრამპის გეგმებს „ოქროს გუმბათის“ - აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემის - შექმნის თაობაზე „უკიდურესად მადესტაბილიზებელი“ უწოდეს და ვაშინგტონი კოსმოსის მილიტარიზაციაში დაადანაშაულეს.

ორივე ლიდერი ისწრაფვის, რომ თავიანთი ხედვები მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ საპირწონედ წარმოადგინონ - აშშ-ის ჰეგემონიის წინააღმდეგ - როგორც ისინი თვლიან.

ამასთან სი ძინპინი მშვენივრად აცნობიერებს, რომ ჩინეთი ზესახელმწიფოა, ხოლო რუსეთის გავლენა კი შესამჩნევად შემცირდა. მათი ურთიერთობა თანასწორი პარტნიორების ურთიერთობა აღარ არის.

ჩინეთს უფრო ჭირდება რუსეთი თუ პირიქით?

უკრაინასთან ომმა რუსეთის ეკონომიკა დაასუსტა, მისი არმია გამოფიტა და იარაღი შეამცირა. დასავლეთის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა მოსკოვი კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა პეკინზე ეკონომიკური თვალსაზრისით. კრემლის პოზიციები მსოფლიო არენაზე სერიოზულად არის დარღვეული.

„რუსეთს უფრო მეტად ჭირდება ჩინეთი, ვიდრე ჩინეთს რუსეთი“, - თვლის მეთიუ ბულეგი, - „მოსკოვს მოუწევს ასეთ სიტუაციას შეურიგდეს“.

ვლადიმერ პუტინს შეუძლია სი ძინპინს დაეყრდნოს და მასთან ერთად თვალი ადევნოს რუსი და ჩინელი ჯარიკაცების ერთობლივ მწყობრი ნაბიჯით გავლას წითელ მოედანზე. მათ მართლაც შეუძლიათ გაერთიანება, როცა საჭიროება მოითხოვს.

მაგრამ გაბედული განცხადებების, ღიმილის, ხელჩამორთმევების და „ჩახუტებების“ მიღმა პოტენციური უთანხმოება იმალება, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოვლინდება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way