USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
„2025 წელს ფოთის ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა“ – APM Terminals-ის შედეგები
თარიღი:  73

2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დატვირთვა გაიზარდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა.

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 12 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 636 466 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 12 თვეში 545297 TEU კონტეინერი დამუშავდა, ხოლო 2023-ში 592 589 TEU კონტეინერი.

"ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქამდე არ დაუმუშავებია", - ნათქვამია APM Terminals-ის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2025 წელს საკონტეინერო გემების მიღებაც 16%-ით გაიზარდა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გასულ წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024 წელს - 313, ხოლო 2023 წელს 330.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წელს 243 048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. 2024 წელს ეს რაოდენობა 245 748 ტონას შეადგენდა, 2023-ში 302763.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წელთან შედარებით მომატებულია. 2025 წელს 164 631 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 894 ტონა, 2023 წელს 96 434 ტონა 2025 წელს, კომპანიის მიერ დამუშავდა 18 871 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 18509 მანქანიანი კონტეინერი.

ჯამში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ 2025-ში დამუშავდა 73 864 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 73783 ავტომობილი.

წყარო:https://bm.ge/

ეკონომიკა
რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობასა და პროექტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთები ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება ზვავსაშიშროების გამო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზაფხულში გაიხსნება გუდაურამდე მისასვლელი გზა, რაც წლის ნებისმიერ სეზონზე უზრუნველყოფს უსაფრთხო, შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებას, მათ შორის სტეფანწმინდა-თბილისის მიმართულებითაც.

მან ასევე აღნიშნა, რომ გზის საბოლოოდ გახსნამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ათასობით ადამიანია მობილიზებული იმისთვის, რომ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი გადაადგილების შეფერხება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეშეთი–კობის მონაკვეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტს ქვეყანაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგიონში ყველაზე დიდი – 9 კილომეტრიანი გვირაბის მოპირკეთების სამუშაოები, ასევე შენდება ყველაზე მაღალი – 166 მეტრის უნიკალური ხიდი.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისთვის, არამედ ტურისტული მიმართულებითაც. მისი განხორციელება შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, უკეთ გაეცნოს ხადას ხეობის უნიკალურ ბუნებას და კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს გველეთი-ლარსის მონაკვეთის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი არშა-სტეფანწმინდის 8-კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე იგეგმება წიწამური-ჟინვალის მაგისტრალის მშენებლობის დაწყება. გარდა ამისა, დაგეგმილია ფასანაურის შემოვლითი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რაც მთლიანობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაგისტრალის ხარისხს და კომფორტს.

რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის შემოვლითი გზის პროექტზეც და აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადდა ტენდერი მეორე ლოტზე – წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე, ხოლო თებერვალში გამოცხადდება მესამე ლოტი. მინისტრის თქმით, წელს უკვე დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა.

„მეოთხე და მეხუთე ლოტებიც წელს გამოცხადდება და გვაქვს დიდი იმედი, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარების კუთხით, არამედ დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისა და განტვირთვისთვისაც“, - განაცხადა მინისტრმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის