USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ბენჟამინ ფრანკლინის ეფექტი
Date:  4164

ბევრ ადამიანს არ მოსწონს, როდესაც რაიმეს მისაღებად ხვეწნა უწევს და ამბობენ, რომ სხვა ადამიანისთვის დახმარების თხოვნა  სტერესულია. თუ გავიხსენებთ, ფულის სესხება, ჩვენს მაგივრად რაიმე საქმის გაკეთების თხოვნა მარტივი არ არის. არსებობს მოსაზრება,რომ ადამიანს აღიზიანებს დახმარების თხოვნა. ეს შეხედულება მცდარია. არსებობს ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც „ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტს“ უწოდებენ. ამ ფენომენის მიხედვით, ადამიანს უფრო მეტად მოსწონს  ადამიანი მაშინ, როდესაც ის დახმარებას სთხოვს.

წიგნის, You Are Not So Smart,  ავტორი დევიდ მაკრენი ხსნის, თუ როგორ დაერქვა ამ ფენომენს ეს სახელი. ბენჟამენ ფრანკლინს ჰყავდამოძულე, გავლენიანი სახელმწიფო მოხელე. ფრანკლინმა, ამ ადამიანის კეთილგანწყობა  გადაწყვიტა და ასეთი რამ მოიფიქრა, ფრანკლინმა მისი ბობლიოთეკიდან წიგნი სთხოვა. მოძულემ წიგნი ათხოვა, ფრანკლინმა კი იგი ერთ კვირაში მადლობის წერილით დაუბრუნა.ამის შემდეგ, მათ შორის ურთიერთობები დათბა,  ისინი ერთმანეთს  მეგობრულად ხვდებოდნენ და როგორც ფრანკლინმა თქვა, მათი მეგობრობა ყოფილი მოძულის სიკვდილამდე გაგრძელდა.

1969 წელს ფსიქოლოგებმა „ბენ ფრანკლინის ეფექტის“ შემოწმება გადაწყვიტეს და მის სისწორეშიც დარწმუნდნენ,  კვლევის ფარგლებში ყველა მონაწილეს ფული მოაგებინეს. ცოტა ხანში, მონაწილეთა ერთ მესამედს დაუკავშირდა ერთერთი თანამშრომელი, რომელმაც მონაწილეებს უთხრა,  რომ ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა კვლევის ფარგლებში ძალიან დიდი ფული დახარჯა და გაკოტრების წინაშე იყო.  თანაშემწემ, მონაწილეების ერთ მესამედს ფულის დაბრუნება სთხოვა. მონაწილეთა მეორე მესამედს თავად ექსპერიმენტატორი დაუკავშირდა, მან მონაწილეებს აუხსნა, რომ კვლევა მისი ჯიბიდან დაფინანსდა, უსახსროდ დარჩა და ფულის დაბრუნება ითხოვა. კვლევის მესამე ნაწილს მოგებული ფული შეუნარჩუნეს.

ამ უცნაური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტატორის მიმართ ყველაზე დადებითი ემოციები იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომლებსაც თავად ექსპერიმენტატორი დაუკავშირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად მათ - ვინც ფული დაიტოვა. ესე იგი, კვლევის შედეგებმა დაადასტურა,  რომ ადამიანს სხვა ადამიანი  დახმარების შემდეგ უფრო მოსწონს, რასაც  მკვლევარები „კოგნიტური დისონანსით“ ხსნიდნენ. მკვლევარების აზრით, რთულია ადამიანს არ მოსწონდეს ის ადამიანი, ვისაც ეხმარება.

„ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტთან“ დაკავშირებული კვლევა მოგვიანებით აშშ-სა და იაპონიაშიც ჩატარდა. ორივე ქვეყანაში კვლევის მონაწილეებს ის ადამიანი უფრო მოეწონათ, რომლებმაც პროექტის დასრულებისთვის დახმარება ითხოვეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტი პირდაპირ თხოვნისას ვლინდება, რაც კვლევამაც დაადასტურდა  მონაწილეებს არ მოეწონათ, როდესაც დახმარება ასისტენტმა და არა კვლევის ავტორმა ითხოვა.

ტოკიოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, იუ ნიია ამბობს, რომ „ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტს“ კოგნიტური დისონანსი არ იწვევს. მისი აზრით, ადამიანი თვლის, რომ დახმარებას ის თხოვს, ვინც მის მიმართ დადებითადაა განწყობილი, შესაბამისად მოწონებითვე პასუხობს. „ორმხრივი მოწონების“ ცნობილი ფენომენი გამოხატავს ადამიანის მიდრეკილებას, მოსწონდეს ის, ვისაც ის მოსწონს, ანუ, ადამიანებს მოსწონთ და ეხმარებიან მათ,  ვინც მათ დახმარებას სთხოვს.

2007 წელს ჯერი ბურგერმა და მისმა კოლეგებმა სანტა კლარას უნივერსიტეტიდან ჩაატარეს სამი ექსპერიმენტი, რომლის  მიზანი  იყო დაედგინა დახმარების გავლენა  მეგობრობრულ ურთიერთობაზე . ერთ-ერთ კვლევის მიხედვით, რომელშიც 105-მა სტუდნეტმა მიიღო მონაწილეობა, დადგინდა, რომ მონაწილეები სხვის თხოვნას (მაგ: ფანქრის გათლა) უფრო მეტად ასრულებდნენ მაშინ, როდესაც თხოვნამდე მოულოდნელ „საჩუქარს“ იღებდნენ, მაგალითად ჭიქა წყალს.

არიზონას უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და წიგნის, Influence, ავტორი რობერტ ჩიალდინი, HBR-თან 2013 წელს მიცემულ ინტერვუში ამბობს, რომ მადლობის მიღების შემდეგ, ადამიანმა „არაფრის“ ნაცვლად უნდა უპასუხოს ასე-  „რა პრობლემაა, პარტნიორები ასე იქცევიან“.

 „ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტის“ მთავარი სათქმელი არის ის, რომ ადამიანს არასდროს უნდა მოერიდოს დახმარების თხოვნა. პირიქით, თხოვნა კეთილგანწყობის მოპოვების  სტრატეგიულ მექანიზმადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ეს ბენჟამენ ფრანკლინმა გააკეთა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way