გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურს, MI6-ს, 116-წლიან ისტორიაში პირველად ქალი, ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლეიზ მეტრეველი, რომელიც საიდუმლო დაზვერვის სამსახურს 1999 წელს შეუერთდა, ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი გახდება და სერ რიჩარდ მურს შეცვლის, რომელიც ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შემოდგომაზე თანამდებობას დატოვებს.
47 წლის ბლეიზ მეტრეველი ამჟამად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელია.
„MI6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გაერთიანებული სამეფოს ინტერესების საზღვარგარეთ წინ წამოწევაში. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, - აღნიშნა მეტრეველმა.
პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას ისტორიული უწოდა.