დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.
„გეგმა მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. გეგმა იმას შეიცავს, რაც უკრაინას სურს და მდგრადი მშვიდობისთვის სჭირდება“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულ მხარეებთან გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აუცილებელია.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გეგმის ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.
გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტი „სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების“ მიზნით თეთრი სახლის გეგმის ნაწილია.
აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადების განსახილველად ჟენევაში შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებები კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემის გამომხატველი იყო და ხაზი გაუსვა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას, - ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გაავრცელეს.
განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიული იყო.
„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მასში ხაზგასმულია, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე.
„ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.