USD 2.7492
EUR 3.1239
RUB 3.3738
Tbilisi
გენიალური ქართველი კინომსახიობის, დოდო აბაშიძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა
Date:  3848
დოდო აბაშიძე დაიბადა ქ. თბილისში 1924 წლის 1 მაისს ქართული სცენის ცნობილი ოსტატების - ნინო ანდრონიკაშვილისა და ვანო აბაშიძის ოჯახში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1949-1956 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში, სადაც 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. განასახიერა გოდუნის (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გიორგის (ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), როლერის (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა როლები, თუმცა მალე თეატრალური სცენა კინოს გამო სამუდამოდ მიატოვა.
დოდო აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ფილმში „ჭრიჭინა“ (ს. დოლიძე, ლ. ხოტივარი, 1954), რომელშიც დამაჯერებლად განასახიერა ბავშვურად გულუბრყვილო მძღოლი ბიჭიკო. საყოველთაო პოპულარობა მსახიობს მოუტანა აბდუშაჰილის ბრწყინვალედ შესრულებულმა როლმა ფილმში „ბაში-აჩუკი“ (ლ. ესაკია, 1956).
დ. აბაშიძის თამაშის ბუნებრივი, თავისუფალი, შეუზღუდავი მანერა ეფექტურად ეთვისებოდა, როგორც მკაცრად დოკუმენტურ, ისე ბუფონადურ-პაროდიულ სტილს. შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტ ფილმში, მუშაობდა სრულიად განსხვავებული ხელწერის რეჟისორებთან.
დიდი დიაპაზონის გენიალური მსახიობი ერთნაირი წარმატებით ასრულებდა კომედიურ თუ დრამატულ როლებს. საოცარი არტისტული ბუნება, მდიდარი გამომსახველობითი ხერხები, საოცარი პლასტიკა, შთამბეჭდავი მიმიკები და ზუსტი ნიუანსები საშუალებას აძლევდა, ცოცხალი, დამაჯერებელი და დასამახსოვრებელი გაეხადა ეკრანული პარსონაჟები: მწყემსი ბდღვირა („თეთრი ქარავანი“, თ. ელიავა, ე. შენგელაია, 1963), ხევსური ალუდა („ხევსურული ბალადა“, შ. მანაგაძე, 1965), მეღვინე რეზო („გიორგობისთვე“, ო. იოსელიანი, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი“, მ. კოკოჩაშვილი, 1967), პროვინციული თეატრის მსახიობი შავლეგი („არაჩვეულებრივი გამოფენა“, ე. შენგელაია, 1968), თავადი ვამეხ ვახვარი („არ დაიდარდო!“, გ. დანელია, 1969), მამაზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), პოლიცმეისტერი („ვერის უბნის მელოდიები“, გ. შენგელაია, 1973), ნესტორ კალანდარიშვილი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973) და სხვა.
გულღია, საკუთარი ბუნების ერთგული ადამიანის თემა ყველაზე ახლობელი გახდა აბაშიძის შემოქმედებაში. განსაკუთრებულია მის მიერ განსახიერებული მწყემსი სოსანა („დიდი მწვანე ველი“; ამიერკავკასიის რესპუბლიკების კინოფესტივალისა (ერევანი) და უკრაინის მეორე კინოფესტივალის პრიზები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 1968). დოდო აბაშიძემ უდიდესი ოსტატობითა და ფსიქოლოგიური სიბრძნით გადმოსცა წინაპართა ადათ-წესებისა და ბუნებასთან ჰარმონიის რღვევით შეშფოთებული ადამიანის დრამა.
მსახიობის მიერ განსახიერებულ მნიშვნელოვან როლებს შორის არის: ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, ყ. მგელაძე; 1969 წელს მინსკის საკავშირო კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, 1970), იასონი („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე; პრიზები მამაკაცის საუკეთესო როლისთვის თეირანის IV საერთაშორისო კინოფესტივალზე (1975), მინსკის სპორტული ფილმებისა და ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალებზე, 1976), ნიკო („როცა აყვავდა ნუში“, ლ. ღოღობერიძე, 1976), სეთური („დათა თუთაშხია“, გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), ყვარყვარე („ყვარყვარე“, დ. აბაშიძე, 1978), გიორგი („ფესვები“, ყ. მგელაძე, 1987).
დოდო აბაშიძე ასევე მონაწილეობს ფილმებში: „მაგდანას ლურჯა“ (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955, გაბო), „ეთერის სიმღერა“ (ს. დოლიძე, 1956, ვეფხია), „ბურთი და მოედანი“ (ყ. მგელაძე, 1961, გერონტი), „მივლინება“ (ი. ეგოროვი, 1961, რუსეთი, ქარხნის დირექტორი), „უდიპლომო სასიძო“ (ლ. ხოტივარი, 1961, გენიოსა), „ჭიაკოკონა“ (ი. ქავთარაძე, 1961, ბოჩა მორჩაძე), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (ყ. მგელაძე, 1965, აფრასიონი), „პიერი - მილიციის თანამშრომელი“ (დ. რონდელი, 1965, თენგიზ გომართელი), „მაცი ხვიტია“ (გ. შენგელაია, 1966, ოთარ მარღანია), „ტარიელ გოლუა“ (ლ. ხოტივარი, 1968, ბაჩუა), „ფიროსმანი“ (გ. შენგელაია, 1968, შავუა), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (ყ. მგელაძე, 1975, მიხო), „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ვ. კვაჭაძე, 1975, პროკურორი), „სიმღერა“ ( გ.ბეჟანოვი, 1975, რუსეთი, ვარლამი), „მწვერვალი“ (მ. კოკოჩაშვილი, 1976, გაბრიელი), „რაჭა, ჩემი სიყვარული“ (თ. ფალავანდიშვილი, 1977, ვარლამი), „გამოაღეთ ფანჯრები“ (დ. აბაშიძე, 1980) და სხვა.
დოდო აბაშიძე ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს ანიმაციური ფილმისა „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“ (რეჟ. დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე, 1984).
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი, როგორც რეჟისორის ნამუშევრები. დოდო აბაშიძემ 1980-იან წლებში სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო ფილმები „ამბავი სურამის ციხისა“ (1984; შეასრულა ოსმან აღასა და მესტვირის როლები; ფილმი დაჯილდოებულია საფრანგეთის, ესპანეთის, ბრაზილიის, პორტუგალიისა და ნიდერლანდების კინოფესტივალების პრიზებით) და „აშუღ-ყარიბი“ (1988).
დოდო აბაშიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1967); საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
გარდაიცვალა 1990 წლის 26 იანვარს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა.
სიკვდილის შემდეგ, 1992 წელს, ყ. მგელაძის ფილმში „ფესვები” (1987) შესრულებული მთავარი როლისა და გამორჩეული შემოქმედებისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს დოდო აბაშიძის ნათელ ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს, რომელიც მან დასდო ქართულ კულტურას.
tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 1 მაისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გეხტმანის, მირიანაშვილის, მარკო პოლოს, შაქარიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, ჭანდრის, მეფე არჩილის, ცხაკაიას, ქარსელაძის, პეტრე იბერის, ბაგრატ III, სვანიშვილის, ოსკარ შმერლინგის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, მერაბ კოსტავას, ჩიქვანაიას, ნინო რამიშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების და ჩიქოვანის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, II ხეივნის, დეკაბრისტების, ბექა-ოპიზარის, ცურტაველის,  ჩხეიძის, ცოლიკაურის, ქუმსიაშვილის, თელეთის, ბერძნის, იოსებ გრიშაშვილის, ბოლნისის, საბანაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და წალკის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თუმანიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way