USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში "ჰეზბოლას" მთელი სამხედრო და პოლიტიკური ელიტა გაანადგურა - გიორგი კობერიძე
дата:  2142
ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში "ჰეზბოლას" მთელი სამხედრო და პოლიტიკური ელიტა გაანადგურა. გუშინდელი საჰაერო იერიში ჰეზბოლას მეთაურების თითქმის სრული განეიტრალებით დასრულდა. მანამდე კი პეიჯერების აფეთქებითა და დამიზნებითი მკვლელობებით საშუალო და ქვედა რგოლი გამოეთიშა პროცესს.
ნასრალას ჰეზბოლას ხელმძღვანელი 1992 წლიდან ხდება, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი, აბას ალ მუსავი საავიაციო დარტყმით მოკლეს. მაგრამ ნასრალას წონა და და გავლენები განსაკუთრებით დიდი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2000 წელს ისრაელმა სამხრეთ ლიბანი დატოვა (1985 წლიდან ჰქონდა დაკავებული), ხოლო 2006 წელს ჰეზბოლას სრული დამარცხება ისრაელმა ვერ შეძლო. ნასრალამ ჰეზბოლა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტერორისტულ ორგანიზაციად აქცია, სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანის კონტროლი მოიპოვა და ირანის თანხმობით შექმნა სამხედრო პლაცდარმები სირიაში, ერაყსა და იემენში. პრაქტიკულად ჰეზბოლა იქცა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევ ძალად, ვიდრე თავად ლიბანის არმია იყო. სწორედ ჰეზბოლას დახმარებით გადარჩა სირიის დიქტატორი ბაშარ ალ ასადი დამხობას. ჯერ კიდევ რუსეთის ჩარევამდე.
ნასრალა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საინფორმაციო და მედია კამპანიას და თავის ირგვლივ ქარიზმის შექმნას. მან ეს ყველაფერი წლების განმავლობაში წარმატებით შეძლო. ლიბანში პრესის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჰეზბოლას მიერ იყო კონტროლირებადი.
ნასრალამ ჰეზბოლას ლეგიტიმაცია მოახერხა ლიბანში. მისმა გავლენებმა ლიბანის პოლიტიკის ყოველდღიურ წარმართვაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. პრაქტიკულად მთავრობის წარმომადგენლების არჩევა ჰეზბოლას თანხმობის გარეშე ვერ ხერხდებოდა.
ჰეზბოლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს პირდაპირ ანადგურებდა. 2005 წელს მათ ქვეყნის ყოფილი პრემიერიც კი მოკლეს. ჰეზბოლას მანამდე განხორციელებული აქვს ფრანგულ და ამერიკულ ბაზებზე ტერორისტული თავდასხმა, აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა, ბუენოს აიერესში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა, ბულგარეთში, ბურგასის აეროპორტზე თავდასხმა და სხვა დანაშაულები, მათ შორის ათობით ადამიანის გატაცება, მკვლელობა, იარაღით ვაჭრობა და სხვა.
ერთი წლის განმავლობაში 11 ათასი რაკეტა და დრონი ისროლა ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანიდან. ამ ფონზე ისრაელის მხრიდან ნასრალას როგორც უნარიანი ლიდერისა და მისი საკომუნიკაციო ქსელის განადგურება ჰეზბოლას ბრძოლისუნარიანობას კრიტიკულად ამცირებს.
ისრაელს გადაწყვეტილი აქვს მისი ორი მთავარი მეტოქე, 1. ჰამასი მაქსიმალურად გაანეიტრალოს და როგორც საფრთხე გრძელვადიანად გააქროს; 2. ჰეზბოლა ბრძოლისუნარიანობა მინიმუმამდე დაუქვეითოს და სამხრეთ ლიბანში საცეცხლე პოზიციები გაუნადგუროს. ჰეზბოლა ირანის მთავარი დასაყრდენი ძალაა რეგიონში. ირანსა და ლიბანის შიიტურ ნაწილში გლოვაა გამოცხადებული. მაგრამ ნასრალას მკლელობა სირიის სუნიტურ ნაწილში ზეიმით აღნიშნეს. ასევე ფარულად იზეიმა მოსახლეობის ნაწილმა ირანშიც. თუმცა ოფიციალური თეირანი კვლავ იმუქრება შურისძიებით, მაგრამ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე პასუხგაუცემლობამ თეირანის გავლენები შეამცირა.
ახლა არაა გამორიცხული ისრაელმა ჰეზბოლას სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ კიდევ უფრო აქტიური საავიაციო კამპანია წამოიწყოს, სანამ რაიმე მოლაპარაკებაზე იქნება საუბარი. ეს ყველაფერი იმ ფონზე უფრო რეალისტურია, რომ ახლა ჰეზბოლას შიგნით ქაოსი და გაურკვევლობაა, საკომუნიკაციო ქსელი კი დაქვეითებული. არც სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ჩანს გამორიცხული. ეს მაშინ განხორციელდება თუკი ჰეზბოლას საცეცხლე წერტილების განადგურება და მისი ბრძოლისუნარიანობის მაქსიმალური დაქვეითება საავიაციო დარტყმებით ვერ მოხერხდა. მაგრამ ისრაელის მიზანი ჰეზბოლას იძულებაა შეწყვიტოს ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი, ხოლო გრძელვადიანად, გამოეთიშოს ისრაელის წინააღმდეგ შემდგომ საბრძოლო მოქმედებებს. ისრაელი ფიქრობს რომ ამ ყველაფრის მიღწევა ან ინტენსიური დაბომბვის კამპანიით მიღწევა ან სახმელეთო ოპერაციითა და ჰეზბოლას ფაქტობრივი განადგურებით / კაპიტულაციით.
мир
მერცი: შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს - ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს „ამცირებს“. მან გააკრიტიკა ვაშინგტონის მცდელობები, თავი დააღწიოს ომს, რომელშიც ის ყოველგვარი მკაფიო მიზნების დასახვის გარეშე ჩაება.

„ირანელები აშკარად ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებებში, ან უფრო სწორად, ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებების არწარმოებაში - ისინი აიძულებენ ამერიკელებს ჩავიდნენ ისლამაბადში და შემდეგ კვლავ ყოველგვარი შედეგის გარეშე წამოვიდნენ“, - განაცხადა მერცმა ცენტრალურ გერმანიაში, ქალაქ მარსბერგის ერთ-ერთ სკოლაში სტუმრობისას.

მან გააკრიტიკა ის, რასაც ამერიკული სტრატეგიის ნაკლებობა უწოდა და ერაყისა და ავღანეთის მაგალითებზე მიუთითა, როგორც გაფრთხილებაზე იმ ომებში ჩაბმის შესახებ, რომელთაც გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნიათ.

„ეს საქმე, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელია“, - თქვა მერცმა. „ამ მომენტში მე ვერ ვხედავ, თუ რა სტრატეგიულ გამოსავალს ირჩევენ ახლა ამერიკელები“.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ბერლინის სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსოფლიო ეკონომიკის შემდგომი დაზიანება.

გერმანია იმ კოალიციის ნაწილია, რომელსაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა.

„ჩვენ შევთავაზეთ გერმანიიდან ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების გაგზავნა, რათა დავეხმაროთ სრუტის ნაღმებისგან გათავისუფლებაში, რადგან ის აშკარად, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, დანაღმულია“, - განაცხადა მან.

„ჩვენ შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს. ამჟამად მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამის განხორციელება უახლოეს მომავალში, რადგან ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ, ხოლო ამერიკელებს, როგორც ჩანს, დამაჯერებელი მოლაპარაკებების სტრატეგია არ გააჩნიათ“, - დასძინა მან.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати