აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს შვეიცარიაში აღარ მიემგზავრება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, გეგმების შეცვლის მიზეზი ლოჯისტიკა გახდა.
„როგორც ვიცე-პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომავალი ტექნიკური მოლაპარაკებების გეგმები ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული და აშშ-ის დელეგაცია მზადაა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავროს. თუმცა, ამ მოლაპარაკებების ლოგისტიკა არასდროს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ვიცე-პრეზიდენტი დღეს საღამოს არ მიემგზავრება. შეგატყობინებთ, როგორც კი გვექნება კონკრეტული ინფორმაცია შემდეგი ნაბიჯის შესახებ. მოუთმენლად ველით ტექნიკური მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
Axios-ი წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, შესაძლოა, ლიბანში არასტაბილურ ცეცხლის შეწყვეტას უკავშირდებოდეს. გუშინ, ისრაელელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით კი სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამხედროებსა და „ჰეზბოლას“ შორის ინტენსიური ბრძოლები დაიწყო.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა, გამგზავრების დრო გაურკვეველი იყო. მან აღნიშნა, რომ შეთანხმების დასრულების მიზნით ტექნიკური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას დაიწყება და თქვა, რომ ის „რა თქმა უნდა გეგმავს“ აშშ-ის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელობას.