კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გაფრთხილება, რუსეთისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ, "სერიოზული" საკითხია, თუმცა კრემლს ვაშინგტონის გზავნილის გასაანალიზებლად მეტი დრო სჭირდება.
14 ივლისს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და NATO-ს გენმდივნის, მარკ რუტეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას 50 დღის განმავლობაში არ მიაღწევს, ვაშინგტონი მოსკოვს 100%-იან ტარიფს დაუწესებს.
"აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება საკმაოდ სერიოზულია. ზოგიერთი რამ, რაც მან თქვა, ჩანს რომ პირადად პრეზიდენტ პუტინისკენ იყო მიმართული. ეჭვგარეშეა, რომ მეტი დრო გვჭირდება იმის გასაანალიზებლად, რა ითქვა ვაშინგტონში. თუ პრეზიდენტი პუტინი საჭიროდ ჩათვლის, კომენტარსაც გაავრცელებს", - განაცხადა პესკოვმა.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი NATO-სა და ევროკავშირის წნეხის ქვეშაა მოქცეული.
"ნათელია, რომ იგი (ტრამპი) უზარმაზარი, ვიტყოდი უხამსი წნეხის ქვეშ ექცევა ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომლებიც უცერემონიოდ უჭერენ მხარს ზელენსკის მოთხოვნებს თანამედროვე იარაღით, მათ შორის შემტევი იარაღით მომარაგებაზე, დასავლეთის ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე", - განაცხადა ლავროვმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპის ულტიმატუმი რუსეთის ექსპრეზიდენტმა, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც შეაფასა. როგორც მან X-ზე დაწერა, რუსეთს არ ანაღვლებს ტრამპის "თეატრალური ულტიმატუმი".
ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.
არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.
როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.
ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.
რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.