პანდემიას რომ გვერდს ვერ ავუქცევდით, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ კორონავირუსის წინააღმდეგ ფრონტი თუ ღმერთისა და ღვთაებრივი საიდუმლოს არსებობა-არარსებობის საკითხის გარშემო სამკვდრო-სასიცოცხლო პოლემიკაში გადავიდოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.
შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკიდებული ქართული ეკლესია არასოდეს ყოფილა ისეთი მასირებული კრიტიკის სამიზნე, როგორც დღეს. სავარაუდოდ, მომავალ სოციოლოგიურ კვლევებში ეკლესიის რეიტინგის ვარდნას უნდა ველოდოთ.
სააგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როცა ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად ეკლესიამ თავისი განჩინებით არ გააუქმა ღვთისმსახურება და ზიარების ძველი წესიც ძალაში დატოვა (თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკლესიამ გაიზიარა რეკომენდირებული უსაფრთხოების ზომები -მორწმუნეთა დაშორიშორება დადგენილ დისტანციაზე, დეზინფექციის უზრუნველყოფა, რიგ შემთხვევებში ღვთისმსახურებმა მორწმუნეებს ზიარების სახლში მიღების პრაქტიკა შესთავაზეს). ეკლესიის პოზიციის მიმართ კრიტიკამ პიკს მიაღწია არგუმენტებით: მრევლს იყენებს ბიოლოგიურ იარაღად და ღმერთის სახელით სასიკვდილოდ სწირავს. ამასთანავე გამოცხადდა, რომ ეს პოზიცია არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისითაა გაუმართლებელი, არამედ ადამიანების სიცოცხლის სასწორზე შეგდებით „ჩვენ ღმერთს ვცდით“, რაც სახარებისეულადაც მიუღებელი და დაუშვებელია.
ერთი სიტყვით, ეკლესიის პოზიცია ანტიჰუმანურად და არაქრისტიანულად გამოცხადდა.
არაზუსტია მთავარ სამიზნედ ეკლესიის შერჩევა.
ცოტა შორიდან და თვალსაჩინოებით დავიწყებ.
წარმოიდგინეთ, რომ ბავშვები თამაშობენ, მაგალითად, ომობანას, თამაშისას უსაფრთხო სათამაშოებს იყენებენ-პლასტმასის თოფებითა და ხმლებით „ვითომ-ვითომ“ მტრებს „ვითომ-ვითომ“ ებრძვიან.
ყველაფერი რიგზეა.
ბავშვები უნდა თამაშობდნენ-წარმოსახვით როლებს ირგებდნენ და ფანტაზიას გასაქანს აძლევდნენ, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ჩვენგან მოსაწონი საქციელია, ამიტომ არათუ თამაშს არ ვუშლით, ვაქებთ კიდეც.
მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებმა წარმოსახვით კიარა, ნამდვილ მტრებად მიიღეს ერთმანეთი და პლასტმასის იარაღებით კიარა, ქვებით, ჯოხებით, დანებით ან სულაც ცეცხლსასროლი იარაღით დაერივნენ „ნამდვილ მოწინააღმდეგეებს“.
ვუბრაზდებით და ვაწყვეტინებთ სახიფათო თამაშს.
ეკლესიის კრიტიკოსი რაციონალისტების თვალში ზიარება ფორმალური, ყოველგვარ ღვთაებრივ შინაარსსმოკლებული ცრუმორწმუნე ადამიანების ფანტაზის თამაშია „ვითომ-ვითომ“, მაგრამ სრულიად უწყინარი და ამიტომ მისაღები რიტუალური ქცევა, როგორც ბავშვებისათვის პლასტმასის უსაფრთხო სათამაშოებით ომობანას თამაში. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდა, რომ ამ უწყინარი ცერემონიალით ცდუნებული ადამიანები უბრალოდ თავიანთ ჭიას კი არ ახარებდნენ თურმე, არამედ იგი ჩვენი ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველ აქტად შეიძლება აქციონ, პირგამეხებულები ვუპირისპირდებით სწორედ ამ შეუვალ რწმენას, რომელსაც აქამდე ვიწყნარებდით და ვახალისებდით კიდეც (დავაზუსტოთ: მორწმუნეთა შეკრების აკრძალვისა და ზიარების წესის გაუქმების თხოვნით ეკლესიისთვის მხოლოდ ე. წ. კრიტიკოს რაციონალისტებს არ მიუმართავთ. ცალკეული ღვთისმსახურებისა და მორწმუნე მრევლის ნაწილიც იგივე აზრზე დგას. მაგალითად, გუშინ გამოქვეყნდა გიგი უგულავას ღია წერილი პატრიარქისადმი, რომელშიც მის უწმინდესობას ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. მანამდე გამოქვეყნდა ცალკეული მღვდლებისა და თეოლოგების განმარტება საპატრიარქოს განჩინებაზე).
ის, რაც თამაში გვეგონა, თავშექცევა თუ მისტიფიკაცია, აღმოჩნდა ცოცხალი რწმენა.
არ დათმო კი არა, ჩვენ შეგვეშალა, რადგან არასწორი მოლოდინი გვქონდა.
გვეგონა ნელთბილი რწმენა, მოთხოვნილება გვქონდა ნელთბილ რწმენაზე და დაგვიხვდა შეუვალი რწმენა და ნება, რომელზეც არ ჭრის სამედიცინო შეგონებები.
არ ჭრის შეგონებები იმაზე, რომ ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია, როცა ართუ სხვა აღმსარებლობის, სხვა ქვეყნების მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც კი დააკორექტირეს თავიანთი მიდგომა.
დიდი ხანია მოაზროვნე კაცობრიობა შეთანხმდა იმაზე, რომ სარწმუნოება მეცნიერება არ არის, მსოფლმხედველობაა, მსოფლმხედველობა მეცნიერულად დასაბუთებადი არ არის, ის არჩევანია.
ქართულ ეკლესიას დღემდე არასოდეს აურჩევია ყოფილიყო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი ინსტიტუცია, რომელიც მოქმედებს ხალხის, მრევლის აზრის გათვალისწინებითა და კარნახით. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ორთოდოქსული.
ეკლესია თანმიმდევრულია თავის დოგმატზმში, ხოლო სახელმწიფოს პოზიცია არ არის თანმიმდევრული, წინააღმდეგობრივია.
ისევ შორიდან მოვუვლი.
ქმარს (ცოლს) რომ გაშორდეთ, რომელთანაც ჯვარი გაქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ გქონიათ მოწერილი, გექნებათ თუ არა საერთო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება.
რასაკვირველია არა. ასეთი უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული სამოქალაქო ქორწინების საფუძველზე. ჯვარდაწერილ, მაგრამ ხელმოუწერელ ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას ვერ წამოიწყებთ.
ნაკურთხი მანქანით, ტარების მოწმობის გარეშე, შეძლებთ თუ არა მანქანით სარგებლობას
არა, რასაკვირველია, დაჯარიმდებით.
სახელმწიფოს რაც შეეხება, მისი ფიცი კი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს.
თან ხშირად გვაკვირვებს.
მაგ: საპატრიარქოს გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩები მამაოებმა აკურთხეს(თბილისი რა მოსატანია, მამაოებმა მუსულმანებით დასახლებული მარნეულის ქუჩებიც აკურთხეს), მერე ნაკურთხ ქუჩებში ქალაქის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, ბოლოს დეზინფიცირებულ ქალაქს მეუფემ შემოუფრინა სამოქალაქო ავიაციის ვერტმფრენით და დალოცა.
არ გაკვირვებთ?!
ავტორი: ნანა თოფურიძე