თურქეთში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნილ რუსეთის დელეგაციაში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ არის. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სიას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
დელეგაციის მეთაურად პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი არის დანიშნული.
ის 2022 წელსაც იყო რუსეთის სამომლაპარაკებლო ჯგუფის მეთაური, როდესაც ერთმანეთს უკრაინული და რუსული დელეგაციები ხვდებოდნენ.
დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გაულიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).
დოკუმენტში ასევე მოლაპარაკებებისთვის “ექსპერტების” სიაა აღნიშნული, რომელშიც შედიან: ალექსანდრ ზორინი (რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე), ელენა პოდობრეევსკაია (ჰუმანიტარულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე), ალექსეი პოლიშჩუკი (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეორე დეპარტამენტის დირექტორი) და ვლადიმირ შევცოვი (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე).