USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Tbilisi
ქალი რომის პაპის ტახტზე
Date:  725

გადმოცემის მიხედვით, 855-858 წლებში თითქოს რომის პაპის ტახზე აღმოჩნდა ქალი - ინგლისელი იოანა

ლეგენდა ამბობს, რომ შემდგომ ეკლესია გულმოდგინედ ცდილობდა ამ ფაქტის დამალვას და დავიწყებას.

ლეგენდისავე თანახმად, თანამედროვეებმა მამაკაცურად ჩაცმულ პაპში თითქოს ქალი შეიცნეს მაშინ, როცა იოანამ ერთ-ერთი საზეიმო პროცესიის დროს პირდაპირ შუა ქუჩაში იმშობიარა და იქვე გარდაიცვალა.

ასევე გადმოცემის მიხედვით, იოანას პაპობის მითი თუ რეალობა თვით იან ჰუსმა გამოიყენა პაპობის წინააღმდეგ. მან კონსტანცის საეკლესიო კრებაზე განაცხადა, რომ ეკლესიას შეუძლია უპაპოდ არსებობა, რადგან ორნახევარი წელიწადი პაპის ტახტზე ქალი იჯდაო.

კრებაზე მყოფი 22 კარდინალი, 49 ეპისკოპოსი და 272 ღვთისმეტყველი ამ გამანადგურებელ განცხადებას თითქოს სამარისებური სიჩუმით შეხვდა.

ბოლომდე გარკვეული არ არის, მართლა იყო თუ არა ქალი რომის ეკლესიის მეთაური. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა ისტორიაში და რომის ეკლესიას მართლაც ედგა სათავეში ქალი, რომელმაც რომაელი სამღვდელოების უმაღლეს იერარქიაში შეღწევა შეძლო.

მიჩნეულია, რომ იოანა რომის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო (რა თქმა უნდა, ამას პირობითად ვამბობთ, რადგან კათოლიკური, ისევე როგორც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თანახმად, ქალს არ შეუძლია მღვდელი გახდეს, მით უმეტეს მაღალი იერარქის ხარისხს ვერ მიიღებს) 855-858 წლებში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, XI საუკუნეში, უფრო ზუსტად, 1099 წელს.

 

წყაროთა თანახმად, იოანა მაინცში ან ინგელჰაიმში დაიბადა ინგლისელი მისიონერის ოჯახში. იმ დროს, ფრანკთა დაშლილი იმპერიის აღმოსავლეთის მიწებზე აქტიურად მიმდინარეობდა იქ მოსახლე სხვადასხვა გერმანული და სლავური მოდგმის ხალხის გაქრისტიანება. გოგონას ადრეული ასაკიდანვე გამოუვლენია განათლებისადმი სიყვარული. თორმეტი წლისა რომ შესრულდა, მამაკაცის სამოსში გადაცმული სახლიდან გაქცეულა ათენში, რასაკვირველია, სწავლის გასაგრძელებლად. ათენის შემდეგ რომში გადასულა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დაეუფლა. თავისი განათლებით ინგლისელი ქალი (თუმცა ყველას მამაკაცი ეგონა) დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ჩანს, თუკი წყაროთა მონაცემებს ვერწმუნებით, მან უმაღლესი იერარქის წოდება მიიღო, შემდეგ კი პაპიც გახდა. XIII საუკუნის მემატიანე მარტინ პოლონიუსი გადმოგვცემს, რომ ის ეკლესიას ორი წლის, შვიდი თვისა და ოთხი დღის განმავლობაში მართავდა. მარტინ ოპაველის თანახმად, ის საყვარლისგან დაფეხმძიმებულა და კოლიზეუმსა და წმინდა კლიმენტის ტაძარს შორის მდებარე ვიწრო ქუჩაზე მსვლელობისას მშობიარობას გადაჰყოლია. ასევე XIII საუკუნის მემატიანე ჟან დე მაია წერს, რომ იოანა ცხოვრობდა XI საუკუნეში და იგი პაპი 1099 წელს ყოფილა, ხოლო პაპების სიაში იმიტომ არ მოუხსენიებიათ, რომ ქალი იყო, რომელიც ჟან და მაიას თქმით, "ხასიათისა და ტალანტის წყალობით ჯერ კურიის მდივანი, შემდეგ კარდინალი, ბოლოს კი პაპი გახდა". როდესაც იოანამ იმშობიარა და აშკარა შეიქნა, რომ ქალი იყო, რომაული კანონების თანახმად, იგი ცხენის კუდზე გამოაბეს, ათრიეს და ქვებით ჩაქოლეს.

გადმოცემის თანახმად, რომში პაპის კურთხევისას იყენებდნენ სკამს, რომლის შუა ნაწილი ამოჭრილი იყო, ე.წ. შელლა შტერცორარია, რომლის მეშვეობითაც თითქოს პაპის სქესს ამოწმებდნენ, მაგრამ არც ეს გადმოცემაა ისტორიულად დადასტურებული. სიმართლეს ის ცნობა უფრო შეესაბამება, რომლის მიხედვითაც ეს სკამები ძველ რომაელ კონსულებს ეკუთვნოდათ.

ქალი პაპის რეალურობის დასამტკიცებლად ხშირად მოჰყავთ შემდეგი რამ: 1634 წლამდე სიენას ტაძარში სხვა პაპებისა თუ წმინდანების ქანდაკებებთან ერთად იოანა VIII-ის ქანდაკებაც იდგა, ხოლო მხატვრულ შემოქმედებაში ხშირად ჩნდებოდა ქალის (არატრადიციული "მადონას") გამოსახულება ბავშვთან ერთად, რომელსაც ზოგიერთები იოანად მიიჩნევდნენ.

იჯდა თუ არა ოდესმე ქალი პაპის ტახტზე, საბოლოოდ გარკვეული არ არის (წყაროთა სიმწირის, ბუნდოვანებისა და სხვა მიზეზთა გამო), ამიტომ ქალი რომის პაპის, იოანა VIII-ის შესახებ არსებულ გადმოცემებსა და წერილობით წყაროებში ლეგენდა და სინამდვილე ერთმანეთშია არეული.

 





sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way