USD 3.3252
EUR 3.9976
RUB 4.4557
თბილისი
ქეთი ქააძე - ამერიკასა და შვეიცარიაში (CERN-ში) მოღვაწე ქართველი მეცნიერი
თარიღი : 02.21.2021 17:55  277
ამერიკაში 2005 წელს ჩამოვედი, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. კვლევის მიმართულებად მაღალი ენერგიების ფიზიკა ავირჩიე. იმ პერიოდში, ენრიკო ფერმის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიაში (Fermilab, IL, აშშ) მიმდინარეობდა ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტი მაღალი ენერგიების ნაწილაკათა ფიზიკაში და ჩემი დისერტაციაც ამ ექსპერიმენტს დავუკავშირე. 2010 წელს დისერტაციის დაცვის პერიოდში, მეცნიერთა ყურადღება მიმართული იყო ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრისკენ ც, შვეიცარია) სადაც ახალი ამოქმედებული იყო დიდი ადრონული ამაჩქარებლი (LHC), რომლის სიმძლავრე გაცილებით აღემატებოდა მანამდე არსებულ ექსპერიმენტებს.
 
ეს საკითხი მეც მაინტერესებდა, ამიტომ გადავედი შვეიცარიაში და მოღვაწეობა CERN-ში, კომპაქტური მიუონური სოლენოიდის (CMS) ექსპერიმენტში გავაგრძელე. 2015 წლიდან ვარ კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე ვაგძელებ ჩემს მეცნიერულ მოღვაწეობას CERN-ში. ნაწილაკთა ფიზიკა ფუნდამენტური დარგია. იგი შეისწავლის სამყაროს უმცირეს შემადგენელ ნაწილაკებს და მათ შორის ურთიერთქმედებას. ჩემი კვლევის თემაა ჰიგსის ნაწილაკის (Higgs boson) თვისებების შესწავლა და ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ნაწილაკების ძიება. ასეთი არასტანდარტული ნაწილაკების არსებობამ შესაძლოა ახსნას ისეთი მოვლენები სამყაროში, რაც აღიარებულ სტანდარტულ თეორიულ განმარტებას არ ექვემდებარება. მაგალითად, რა არის შავი მატერია, რატომაა სამყაროში დისბალანსი მატერიასა და ანტი-მატერიას შორის, და ა.შ.. ნაწილაკთა ფიზიკა გლობალური მეცნიერებაა. ის არამარტო აფართოვებს ჩვენს ცნობიერებას სამყაროს შესახებ არამედ მას დიდი წვლილი შეაქვს ინდუსტრიაში და საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
 
ჩვენს კვლევებში შემუშავებული ტექნოლოგიები ინერგება მედიცინაში დიაგნოსტიკის, რადიაციული თერაპიის და ფარმაკოლოგიის განხრით; მაღალი დონის ელექტრონული სენსორები გამოიყენება ქიმიური, ბიოლოგიური და კვებითი მასალების დეტალურად შესასწავლად. ნაწილაკთა ფიზიკის დარგი ერთ-ერთი მოწინავეა ინფორმაციის ტექნოლოგიების განვითარებაში. მაგ: ინტერნეტის პირველი სერვერი CERN-ში შეიქმნა 1991 წელს იმ მიზნით, რომ ფიზიკოსებს ადვილად გაეცვალათ ექსპერიმენტული მონაცემები. საქართველოდან როდესაც წამოვედი მაშინ არც მიფიქრია, რომ ამ მიმართულებას ავირჩევდი. ჩემი დაინტერესება ამ თემით ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მოხდა, როცა გავეცანი კვლევების სპეციფიკას. ნაწილაკთა ფიზიკაში კვლევა საკმაოდ მრავალმხრივია. ის მოიცავს არა მხოლოდ კომპლექსური დეტექტორების შექმნას და მათ ყოველდღიურ ოპერირებაში მონაწილოებას, არამედ დიდი მოცულობის მონაცემთა გადამუშავებას მაღალი დონის პროგრამებით და სტატისტიკური ანალიზით. ამ კვლევებში მონაწილეობით, ძალიან მრავალმხრივ გამოცდილებას იძენს მკვლევარი.
 
გარდა სამეცნიერო მოღვაწეობის და უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებისა, როგორც შვეიცარიაში ასევე ამერიკაში უკვე წლებია აქტიურად ვარ ჩართული მეცნიერების (კერძოდ ნაწილაკთა ფიზიკის) პოპულარიზაციაში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, და მთლიანად საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზევე ბავშვების მეცნიერებით დაინტერესებას და ჩვენი მოვალეობაა წვლილი შევიტანოთ ამ პრცესში. ამ ქვეყნებში, სადაც მე ვმოღვაწეობ, ფუნდამენტური მეცნიერების დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რის ძირითად ღერძს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელი, ანუ თითოეული მოქალაქე. ამიტომაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მეცნიერების რა დარგებია პრიორიტეტული და როგორ ვითარდება ისინი; რა წვლილი შეაქვს ამა თუ იმ დარგს საზოგადოების ცხოვრებაში და რა როლს ასრულებს საზოგადოება ამ დარგების განვითარებაში.
 
ეს ერთგვარი ჯაჭვური პროცესია, რაც ასევე უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან მეცნიერების მიმართ მომავალშიც მხარდაჭერას. საქართველოში ხშირად ვერ ჩავდივარ, თუმცა ყოველთვის ძალიან მაინტერესებს იქაური ამბები. მიმაჩნია, რომ უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს განათლებას როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. ამ პროცესში ორი მთავარი მხარეა: მოქალაქე (ბავშვი, სტუდენტი) და სახელმწიფო (საგანმანათლებლო რესურსები). სახელმწიფომ განათლება უნდა დასახოს მთავარ პრიორიტეტად და საბაზო განათლება უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი. უნდა შემუშავდეს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ცოდნის მიმართ ბავშვებში ინტერესს გააღვივებს. ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს დიდი ხელშეწყობა, რომ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში, დაეუფლონ გარკვეულ პროფესიას.
 
ამ პროცესში ახალმა თაობამ უნდა დაინახოს უკეთესი მომავლის გზა განათლების და პროფესიონალიზმის გავლით. ზუსტად ეს გაზრდის მათ მოტივაციას, რომ მაღალი დონის განათლება მიიღონ და ქვეყანაშივე გამოიყენონ ეს ცოდნა. სტუდენტებისთვის, მათი როგორც მკვლევარებად ჩამოყალიბებისთვის, უმნიშვნელოვანესია კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება. მეცნიერების შემთხვევაში ეს შეიძლება კიდევ უფრო რთულია, რადგან მეცნიერული კვლევები ხშირად დაკავშრიებულია ექსპერიმენტებთან, კვლევით ცენტრებთან, ლაბორატორიებთან და ა.შ.. ვისურვებდი, რომ ამ მხრივ საქართველოს მეტი რესურსი ჰქონდეს, რათა ქვეყანა უფრო მჭიდრო კავშირში იყოს მსოფლიო მასშტაბის მეცნიერულ წინსვლებთან, რაც ასევე მომავალი მეცნიერების აღზრდას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, მთავარია შრომა და პასუხისმგებლობა და შედეგი აუცილებლად დადგება.
 
“I’m a greater believer in luck, and I find the harder I work the more I have of it.” – Thomas Jefferson.
უცნობი ნაცნობი
გივი მარგველაშვილი - ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი

ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი ბერლინში დაიბადა. მისი ოჯახი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გერმანიაში გადასახლდა.

გივი მარგველაშვილი 1946 წელს მამასთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, სადაც ისინი დააპატიმრეს და „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. მამა დახვრიტეს, ხოლო გივის საქართველოში ჩასვლის ნება დართეს. 40-ზე მეტი წლის შემდეგ მას მისცეს უფლება, კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

1991-1994 წლებში მწერალმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ექვსი წიგნი: მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“ 2 ტომი, „მუცალი“, „დიდი კორექტურა“; პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“ და „სიცოცხლე ონტოტექსტში“.გივი მარგველაშვილი გერმანიაში თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ შემოქმედად აღიარეს. 1994 წელს მწერალს გერმანიის პრეზიდენტმა საპატიო მოქალაქეობა და სტიპენდია მიანიჭა. 2005 წელს გადაეცა გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ჯვრის ორდენი, ხოლო 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი. იგი გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ მიიწვიეს. ცნობილი ფილოსოფოსი ლექციებს კითხულობდა გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ.

გივი მარგველაშვილი ცნობილია, როგორც გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში.

მწერალმა სიცოცხლის ბოლო წლები საქართველოში გაატარა. ბერლინიდან თბილისში 2011 წელს დაბრუნდა და 92 წლის ასაკში, 2020 წლის 13 მარტს გარდაიცვალა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია ხელისუფლება კორონავირუსის გამო შექმნილი ეპიდსიტუაციის მართვაში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.