USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
Tbilisi
რა არის პრინციპული მსგავსება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) შორის?
Date:  177

1. ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი პრიორიტეტი – პირადი გამდიდრება და „სახელმწიფო სახელმწიფოში“

IRGC მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს გახლავთ უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია.
იგი აკონტროლებს მშენებლობის კომპანიებს (მაგალითად, გიგანტურ კონგლომერატს „ხათამ ალ-ანბია“), ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ფირმებს, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ირანელი უშიშროების თანამშრომლები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს კონკურსის გარეშე, არიან ჩართული კონტრაბანდაში (ნავთობი, სხვადასხვა საქონელი), ფულის გათეთრებაში და კერძო ბიზნესის რეკეტში.

ФСБ მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკის კონტროლში.
ФСБ აქტიურად ეწევა ბიზნესის „კრიშავას“, ახორციელებს რეიდერულ დაპატრონებებს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით, აკონტროლებს საბანკო სექტორსა და სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ ნაკადებს. ФСБ-ის მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული პირები ხდებიან დოლარიანი მულტიმილიონერები და მილიარდერები.

შედეგი: როგორც IRGC, ისე ФСБ ქმნიან სისტემას, სადაც თანამდებობა ბიზნეს-აქტივად იქცევა. ამგვარად, მათი ხელმძღვანელობა პირადად არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის შენარჩუნებით.


2. პროფესიული დეგრადაცია და ძირითადი ფუნქციის ჩავარდნები

წლობით, ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქვეყნის (შეიძლება ითქვას, ლიხტენშტაინისაც კი) სპეცსამსახურები დაუსჯელად კლავდნენ ირანელ ბირთვულ ფიზიკოსებსა და IRGC-ის მაღალჩინოსნებს – ეს იყო კონტრდაზვერვის სრულმასშტაბიანი მარცხი.
2018 წელს „მოსადის“ აგენტებმა თეირანში მდებარე სპეციალური საცავიდან მოიპარეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაახლოებით 100 000 დოკუმენტი, საერთო წონით ნახევარი ტონა. თეირანის გულში, პირდაპირ IRGC-ის ცხვირწინ მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.
IRGC-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, პანიკაში და შესაბამისი ამოცნობის სისტემის გარეშე, ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.
ეს ყველაფერი მიუთითებს პროფესიონალიზმის უკიდურესად დაბალ დონეზე და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უუნარობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ისრაელის სპეცსამსახურები ირანში აკეთებენ რაც სურთ.

ФСБ კი ათწლეულებით ჯაშუშობდა უკრაინაში, აგენტებს ანთავსებდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ყიდულობდა მაღალჩინოსნებს. ომამდე, ФСБ-ის მეხუთე სამმართველომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდა აბსოლუტურად მცდარი სურათი – თითქოს უკრაინელი ხალხი რუსულ არმიას ყვავილებით დახვდებოდა.
ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაზვერვითი მარცხი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“: მიუხედავად დასავლური დაზვერვების წინასწარი გაფრთხილებისა და შიდა ინფორმაციით, ФСБ ვერ შეძლო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტის აღკვეთა. ამ დროს მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ადამიანების დასაჭერად, ვინც პლაკატებს ატარებდა ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერდა.

დრონებით თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები ყირიმის ხიდზე, ოპერაცია „ობობა“ და შეტევები რუსული სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის სიღრმეში – ყველაფერი ეს ცხადყოფს ФСБ-ის სრული უუნარობას შეასრულოს ქვეყნის დაცვის პირდაპირი ფუნქცია.

ФСБ-ის ჩავარდნებს დასასრული არ უჩანს.


3. ერთადერთი სფერო, სადაც ორივე სტრუქტურა „ეფექტიანია“ – საკუთარი ხალხის ჩახშობა

ФСБ და IRGC მშვენივრად ასრულებენ ერთ საქმეს – მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობას. ისინი ებრძვიან ქალებს ჰიჯაბის გარეშე და სტუდენტებს – პლასტმასის ჭიქებით ხელში.

IRGC და მისი დამხმარე „ბასიჯი“ არიან მთავარი იარაღი ირანში პროტესტების ჩასახშობად (2009, 2019, 2022 წწ.). ისინი უშიშრად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ, ახორციელებენ მასობრივ დაპატიმრებებს, აწამებენ და აწყობენ საჯარო სიკვდილით დასჯებს.

ФСБ კი რუსეთის მთავარი რეპრესიული იარაღია. მათ გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, აყალბებენ საქმეებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. მათ ქვეყანაში შიშის ატმოსფერო შექმნეს – რაც რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია.


დასკვნა

IRGC და ФСБ კლასიკური მაგალითებია იმისა, რაც ხდება სპეცსამსახურებში ავტორიტარული რეჟიმების პირობებში:

  1. შერწყმა ხელისუფლებასთან – ისინი წყვეტენ სახელმწიფოს ინსტრუმენტად ყოფნას და თავად ხდებიან რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, მისი შეიარაღებული რგოლი.

  2. უარყოფითი შერჩევა – კარიერული წინსვლა განისაზღვრება არა პროფესიონალიზმით, არამედ ლოიალურობით და მზადყოფნით, შეასრულო დანაშაულებრივი ბრძანებები. კომპეტენტური, მაგრამ დამოუკიდებელი თანამშრომლები სისტემიდან გარიყულნი ხდებიან.

  3. პრიორიტეტების ცვლილება – ქვეყნის ან ხალხის უსაფრთხოების ნაცვლად, მთავარი ხდება ერთი ადამიანის ან ვიწრო ელიტის ინტერესების დაცვა (მაღლესი ლიდერი ირანში, პრეზიდენტი რუსეთში).


თუ მოკლედ ვთქვათ — ესენი არიან სპეცსამსახურები მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები.

analytics
«The Guardian» : „ქვეყნის შიგნიდან აფეთქება, კოლაფსი თუ გარდამავალი პერიოდი: როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა ირანში“

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყნის შიგნიდან აფეთქება, კოლაფსი თუ გარდამავალი პერიოდი: როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა ირანში“ (ავტორი - პატრის ვინტური). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის ხელისუფლების სავარაუდო შეცვლის გზები და განხილულია ქვეყნის ხელმძღვანელთა სხვადასხვა კანდიდატები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა უთანხმოება ირანში რეჟიმის ცვლილების საკითხის მიმართ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „შვიდეულის“ წევრებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა, როცა საკითხი მთავრობის დამხობას ეხება: „ჩვენ აზრზე არ ვართ, რა მოჰყვება ამას და რა იქნება შემდეგ“. მან აღნიშნა, რომ ირანის მთავრობის სავარაუდო შექმნისათვის დრო არ აქვს და საერთოდ, თავიანთი მთავრობა ირანელებმა თვითონვე უნდა შექმნან. „ირანის რეჟიმის შეცვლა სამხედრო საშუალებებით დღეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, რაც ქვეყანას ქაოსში ჩაძირავს. ვინმე თვლის, რომ 2003 წელს ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა კარგი იდეა იყო? ვინმე თვლის, რომ ის, რაც ლიბიაში გაკეთდა - მუამარ კადაფის დამხობა - კარგი იდეა იყო? რეჟიმის შეცვლა გეგმის გარეშე - სტრატეგიული შეცდომა იქნება“, - ხაზი გაუსვა ემანუელ მაკრონმა.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი, პირიქით, განაცხადა, რომ „ირანის რეჟიმი ტერორისტულია და კარგი იქნება, რომ ის ახლავე დაემხოს“. მართალია, კანცლერმა აღიარა, რომ რეჟიმის ცვლილებას ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგები, მაგრამ არსებობს დადებითი პრეცედენტიც, მაგალითად, სირიაში, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმის კრახის შემდეგ ახალი ხელისუფლება ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას ცდილობს. ამასთან, ფრიდრიხ მერცს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ სირიაში მთავრობის ცვლილებას წინ 9-წლიანი სამოქალაქო ომი უძღვოდა და რომ ხელისუფლების ამგვარ შეცვლას ძალიან ძნელი იქნება დემოკრატიული გადასვლა ვუწოდოთ.

ხშირად ხდება, როცა ავტორიტარული ხელისუფლების დამხობის შემდეგ არენაზე გამოდიან უპროგნოზო პოლიტიკური ძალები, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია ყალიბდება და უკონტროლო პროცესები იწყება. დიახ, თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა გეგმები ერაყის ომისშემდგომი მოწყობის საკითხში (სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, „მომდევნო დღიასათვის“), მაგრამ საბოლოო ჯამში თვით აშშ-მაც კი ვერ აიცილა თავიდან დესტაბილიზაციური პროცესები.

ირანის შემთხვევა კი უფრო უარესია - ირანში მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი, რომლის შემოსავლების გადანაწილება კონფლიქტს გამოიწვევს. დასავლეთს ბოლო დროს ირანის რეჟიმის დამხობა საერთოდ დაგეგმილი არ ჰქონია. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის ბალკანიზაცია რეალურად მოხდეს. მართალია, ირანი ხელოვნურად შეკოწიწებულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს, ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ამჟამინდელ საზღვრებით, მაგრამ საყურადღებოა, რომ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა - სპარსელები მხოლოდ 50%-ს შეადგენს, დანარჩენი კი სხვა ხალხებია: დაახლოებით 25% - აზერბაიჯანელები, უფრო ნაკლები - თურქები, ქურთები, ბელუჯები, არაბები, ასირიელები, სომხები, ებრაელები... ანუ როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება დაემხობა, თავს იჩენს სეპარატიზმი.

როგორც კი ეთნიკური სეპარატიზმის აფეთქება მოხდება, ბაქოს რეჟიმი აზერბაიჯანში და ბევრი ქურთული სამხედრო მოძრაობა თავის უფლებებს გამოაცხადებს რომელიმე ანკლავის სახით ირანის ტერიტორიაზე. ისრაელის გაზეთმა Jerusalem Post-მა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ რადგან ირანის რეფორმირება შეუძლებელი იქნება, მაშინ უმჯობესია ქვეყნის ფედერალიზება მოხდესო.

ირანში ორგანიზებული ოპოზიცია არ არსებობს, პოლიტიკური პარტიები აკრძალულია, ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ოპოზიციონერი და რეჟიმის მოწინააღმდეგე საპყრობილეში - ზოგი უშუალოდ საკანში, ზოგიც - იშვიათად - შინაპატიმრობაში. ყოველგვარი დისიდენტობა და სხვაგვარად აზროვნება მკაცრად იდევნება.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები განადგურდნენ, მაგრამ აიათოლების ხელისუფლებას მაინც აქვს თავდაცვის პოტენციალი. მათგან ყველაზე საშიშია უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი. მისი ლიკვიდაცია შეიძლება ქუჩის საპროტესტო გამოსვლებით ან არმიის დახმარებით. შესაძლოა გუშაგთა კორპუსში მოიძებნონ საშუალო და უმცროსი დონის უკმაყოფილო ოფიცრები, რომლებიც რეჟიმით უკმაყოფილონ არიან და რომლებიც შეძლებენ გადატრიალების მოწყობას. ამით თავიდან აცილებული იქნება ახალი რევოლუცია და დამყარდება შედარებით ლიბერალური საერო ხელისუფლება.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ირანის თეოკრატიული მთავრობის დამხობას ელოდება, რეზა ფეჰლევია - აწ გარდაცვლილი ირანის ბოლო შაჰის - მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი. იგი 1979 წლიდან დევნილობაში ცხოვრობს. სხვათა შორის, დღეს მონრქისტულ პერიოდს ბევრი ირანელი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, „ვარდისფერი სათვალით“ იხსენებს - სასმელ-საჭმელი იყო, ქალებს თავისუფლება ჰქონდათ, ქვეყანა ჩაკეტილი და იზოლირებული არ იყო და ა.შ.  რეზა ფეჰლევი ამჟამად აშშ-ის ტელეარხებით გამოდის და აცხადებს, რომ აიათოლების რეჟიმი კრახის პირზეა და დასავლეთს საკუთარ თავს დემოკრატიისაკენ გადასვლის გარდამავალ ეპოქაში ქვეყნის ხელმძღვანელად სთავაზობს. „ირანელი ხალხი ხედავს, რომ მათი უმაღლესი ლიდერი მხდალია და ბუნკერში ვირთხასავით იმალება. მაღალჩინოსნები ირანიდან უკვე გარბიან. მე მაქვს ირანის სამომავლო მმართველობისა და მისი აღდგენის გეგმა“, - აცხადებს შაჰის ვაჟი.

მაგრამ არის ეჭვები, რომ მას არ ესმის ირანის საზოგადოების დღევანდელი ინტერესები, არ იცნობს ქვეყნის შიდა მდგომარეობას, რადგან ირანიდან მამამისის გაქცევის დროს, იგი მხოლოდ 17 წლისა იყო. ყველამ იცის, რომ რეზა ფეჰლევი ახლოს არის ისრაელის მთავრობასთან და ეს გარემოება მისთვის ერთგვარ ლაქას წარმოადგენს. ირანელებში ნეგატიურ  ემოციებს იწვევს მისი საზეიმო [პროისრაელური] განცხადებები იმ დროს, როცა ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და ხოცავს.

ხმები გავრცელდა, რომ თითქოსდა საგანგებო მთავრობის ჩამოყალიბება იგეგმება და თითქოსდა ამ საკითხის ორგანიზატორები არიან ირანის ორი ყოფილი ლიდერი - ექს-პრეზიდენტი ჰასან რუჰანი (2013-2021 წლებში) და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯავად ზარიფი. მათ ტანდემს შეიძლება შეუერთდეს ალი ლარიჯანი - პარლამენტის ყოფილი სპიკერი.

ზოგიერთები თვლიან, რომ სამომავლო პოლიტიკურ ფიგურებდ შეიძლება დასახელდეს ამჟამად შინაპატიმრობაში მყოფი - 2011 წლიდან - მირ ჰუსეინ მოსავი (ირანის ექს-პრემიერ-მინისტრი 1981-1989 წლებში) და მისი ცოლი ზაჰრა რაჰნავარდი. ცოლ-ქმარი ისრაელის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს დამნაშავედ და აგრესორად თვლის, რომელიც „უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლს“, მაგრამ იმავდროულად აკრიტიკებენ ირანის დღევანდელ ხელისუფლებას. საყურადღებო ფიგურას წარმოადგენს აგრეთვე თეირანის ემინის საპყრობილეში მყოფი მუსტაფა ტაჯზადე, ირანის შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი და პრეზიდენტ სეიდ მუჰამედ ჰათამის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი (1997-2005 წლებში), რომელიც დაპატიმრებამდე ხშირად აკრიტიკებდა აიათოლა ალი ჰამენეის: „იგი თვალს ხუჭავს ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე“. ციხიდან გამოგზავნილ წერილში მუსტაფა ტაჯზადე წერს: „მე ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ისრაელის დაბომბვებს მხარს უჭერს იმ იმედით, რომ როგორმე კლერიკალური მმართველობა დაემხოს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასე მოხდება, ირანისაგან ნანგრევები დარჩება, გაბატონდება უკანონობა და ქაოსი, არ არის გამორიცხული ქვეყნის დაშლა-დანაწილებაც“.

ირანის მასწავლებელთა პროფკავშირული ასოციაციის საკოორდინაციო საბჭო ალტერნატიული ხელისუფლების კიდევ ერთ პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. მისი განცხადებით, „ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ პოლიტიკას, რომელიც ომის გაჩაღებისაკენ არის მიმართული - ვინც არ უნდა ატარებდეს მას, ირანის მთავრობა იქნება ეს თუ ისრაელის მთავრობა. ომი სიკეთის მთესველი და მომავლის მშენებლობის საშუალება კი არ არის, არამედ უბედურების მომტანია“.

ომის წინააღმდეგ განცხადებები ემინის საპყრობილეში ჩამწყვდეული ქალი ტუსაღების მხრიდანაც ისმის: ნარგეს მოჰამადი, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დასავლეთსაც აკრიტიკებს და ირანის რეჟიმსაც: „ომი არავისთვის სასურველი არ არის. ომის გამჩაღებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სინდისზე იქნება უამრავი ადამიანის სიკვდილი, ათასობით ირანელი მოქალაქის უსახლკაროდ დარჩენა... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება ომისა და ძალადობის გზით ვერ იქნება მიღწეული“.

მოკლედ, ირანულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბოლოოდ, როცა რეპრესიული სტრუქტურები დასუსტდებიან, ქვეყნის სამომავლო არჩევანი თვითონ ირანელებზე იქნება დამოკიდებული. ვიმეორებთ: ბევრ ირანელს თავიანთი რეპრესიული რეჟიმი სძულს, მაგრამ ასევე სძულთ ისრაელიც და მას ქვეყნის ნგრევაში ადანაშაულებენ. ბევრ ირანელს თავისი მთავრობის მოქმედების მწარე გამოცდილება აქვს, მაგრამ მათ ასევე იციან, თუ რა გაუკეთა ღაზას მოსახლეობას ისრაელმა. ირანელებს არ სურთ, რომ თეირანიც იგივე დღეში აღმოჩნდეს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way