შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ირანთან ომი „დასრულებულია“ და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „გამარჯვებას“ მიაღწია.
„დემოკრატ“ კონგრესმენთან, სარა ჯეიკობსთან მწვავე კამათისას, რუბიოს მოსთხოვეს განმარტება მის შეფასებაზე, რომ ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დასრულდა.
„თუ ომი დასრულდა, ვინ გაიმარჯვა?“ - ჰკითხა კალიფორნიელმა „დემოკრატმა“.
რუბიომ, რომელიც აშშ-ის სამხედრო იერიშს „ომად“ არ მოიხსენიებდა, განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის დასრულება „ფაქტია“.
„ჩვენ აღარ ვახორციელებთ ხანგრძლივ დარტყმებს ირანის ტერიტორიაზე მათი სამხედრო პოტენციალის დასასუსტებლად, რადგან „ეპიკური რისხვა“ დასრულდა“, — თქვა მან.
„მეორე პუნქტი, რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ გაიმარჯვა, ამის თქმა შემიძლია: გამარჯვებას ჩვენ განვსაზღვრავთ. ჩვენ გამარჯვებად მივიჩნევთ მათი თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის განადგურებას, მათ მფლობელობაში არსებული სარაკეტო გამშვები დანადგარების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას, დრონების მარაგის საგრძნობლად შემცირებას და ჩვენ ეს ყველაფერი შევასრულეთ. გარდა ამისა, გავანადგურეთ ის, რაც მათი სამხედრო-საჰაერო ძალებისგან იყო დარჩენილი და მთლიანად აღვგავეთ პირისაგან მიწისა მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტი“.
„ეს ყველაფერი აღარ არსებობს“, - აღნიშნა მან. „ასე რომ, მე ამას გამარჯვებად მივიჩნევ, და ჩვენც ასე ჩავთვალეთ. სწორედ ეს იყო „ეპიკური რისხვის“ მიზანი“.
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ