სუნამოების პრინცად" წოდებული გიორგი მაჩაბელი 1885 წ. დაიბადა. ნაციონალისტური სულისკვეთება სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე გამოამჟღავნა, როცა სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა წრეს. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა და ის დავით ღოღობერიძესთან ერთად მიიღეს ტევტონურ ორდენში. ამ პერიოდში შეძენილი გერმანელი მეგობრები შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობისას გიორგის დიდ დახმარებას გაუწევენ.
ბერლინში დაბრუნებისას შვეციაში გაიცნო ევროპის მასშტაბით ძალიან პოპულარული, იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი, სცენური ფსევდონიმით მარია კარმი. მას სახელი განსაკუთრებით მადონას როლის შესრულებამ გაუთქვა, თავისი პირველი ქმრის დრამატურგ მაქს რეინჰარტის პიესაში – "სასწაული". გიორგიმ ნორინას სიყვარული იტალიურის უმოკლეს ვადაში შესწავლით დაუმტკიცა და 1916 წ. ისინი დაქორწინდნენ.
გიორგი მაჩაბელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი. I მსოფლიო ომის დროს ბელგიაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" დაარსა და კავშირი გააბა 1914 წ. შექმნილ ჟენევის "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან", რომლის ფილიალიც მან საქართველოში გახსნა.
გიორგი მაჩაბელი დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახლდათ იტალიაში.
1922 წ. გიორგი ამერიკაში გადასახლდა. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და როგორც საქმოსანმა სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წ. დაარსა პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli", რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა გახლდათ "საქართველოს დედოფალი" , მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა.
ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.
1933 წელს ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი ერთმანეთს დაცილდნენ. 1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიში, მაგრამ გზაში გაცივდა 1935 წ. 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წ. კი ბრენდი "Prince matchabelli" სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა.ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები.

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge