USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Tbilisi
ვლადიმერ ხავკინი, მკურნალი "ღვთაება", რომელმაც კაცობრიობა ქოლერისა და შავი ჭირისგან იხსნა
Date:  3260

სიტყვები -“ჭირი” და “ქოლერა” ხალხის უმრავლესობაში შიშისგან ძრწოლას იწვევს.  მათ წყევლადაც კი იყენებენ. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობდა სუპერგმირი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კაცობრიობისთვის მოვლენილი ეს უბედურება. ეს იყო ებრაული ფესვების მქონე უკრაინელი, ოდესის მოქალაქე ვლადიმერ ხავკინი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 

ინდოეთში მას მიენიჭა “მაჰათმას” წოდება, რაც ნიშნავს “ერის მამას”.  ბომბეის ბაქტერიოლოგიურმა ინსტიტუტმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჭირისა და ქოლერის კვლევის ყველაზე დიდ ცენტრს მისი სახელი მიანიჭა, დედოფალმა ვიქტორიამ თავად წარადგინა მორდეჰაი ვოლფ ჰავკინი ინდოეთის იმპერიის რაინდის ორდენის კავალრად. მისი ხსოვნის კორომი დარგეს ისრაელში,  თუმცა მშობლიურ ქალაქში, ბერდიანსკში, ხავკინის სახელობის მხოლოდ ერთი მცირე მუზეუმი არსებობს.

გასაკვირი არ არის, რომ მწერალმა ანტონ ჩეხოვმა დოქტორ ხავკინის შესახებ თქვა ”ეს არის ყველაზე უცნობი ადამიანი, დიდი ქველმოქმედი, რომელსაც ტაშს უკრავს მთელი ევროპა, მაგრამ სახლში იგი უცნობია”.

ხავკინმა გიმნაზია 1879 წელს დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში ის მეოცნებე იდეალისტ-რევოლუციონერების ჯგუფს დაუახლოვდა, რომლებიც თავიანთი იდეების გამო ტერორისტულ აქტებსაც არ ერიდებოდნენ. სწორედ ამიტომ, ხავკინი პოლიციის დაკვირვების ქვეშ მოექცა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამართული აქციების გამო, ის სასწავლებლიდან გარიცხეს, თუმცა 1884 წელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვის საშუალება მაინც მისცეს. მიუხედავად ამისა, მას სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება ოდესაში აღარ შეეძლო, რადგან არასაიმედო პირად იყო მიჩნეული. როგორც ებრაელს, სამეცნიერო მოღვაწეობის უფლება რუსეთშიც არ მისცეს. მართლმადიდებლობის მიღება შესთავაზეს, თუმცა ხავკინმა უარი განაცხადა და 1988 წელს, თავის მასწავლებელს, მეჩნიკოვს შვეიცარიაში გაჰყვა და ლოზანის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 1889 წელს მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაცობრიობას არა პოლიტიკური აქტიურობა, არამედ მეცნიერება გადაარჩენს. 

1892 წლისთვის ვლადიმერ ხავკინმა შექმნა ქოლერის საწინააღმდეგო პირველი ეფექტური ვაქცინა. 

სხვებისგან განსხვავებით, მეცნიერმა აირჩია უმოკლესი გზა, უფრო სწრაფი, ვიდრე ოცდაათი კურდღლის ორგანიზმით, თაობების შემდეგ ბაცილის გამომუშავება.

რადგან ბაცილა მრავლდება ხორცის ბულიონში, ხავკინმა ცხიმის წვეთები ჩაასხა. მიკრობები ცხიმიან ადგილს მოეჭიდნენ, გამრავლდნენ და როგორც სტალაქტიტი, ფსკერისკენ დაეკიდნენ. სანამ ამ შხამს ვირთაგვებში შეუშვებდა, მიკრობებით გაჯერებულ ფირფიტებს 60 გრადუსამდე აცხელებდა. შედეგად, პასტერიზაციამ მოკლა ბაქტერიები, მაგრამ შეინარჩუნა მათი ტოქსინი. 

ხავკინმა ვაქცინა პირველად საკუთარ თავზე გამოსცადა. ჯერ ანტისხეულები შეუშვა ორგანიზმში, შემდეგ კი, ქოლერის გამომწვევი პათოგენები, რომელიც განეიტრალდა ერთი დღის განმავლობაში. 

მეცნიერის სამშობლოში, მაშინაც კი, როდესაც ქოლერის ეპიდემია დაიწყო, უარი თქვეს ახალი ვაქცინის გამოყენებაზე. ასევე ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც არ ირწმუნეს ვაქცინის უსაფრთხოება. ბრიტანეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა, თუ როგორ კოლოსალური იყო ხავკინის აღმოჩენა გლობალური მასშტაბით. მათ ექიმს საშუალება მისცეს, ვაქცინა თავიანთ კოლონიაში – ინდოეთში გამოეცადა – ქვეყანაში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თითქმის მთლიანად, ქოლერით იყო პარალიზებული.

ზუსტად 125 წლის წინ, ხავკინი ჩავიდა ინდოეთში, როგორც სახელმწიფო ბაქტერიოლოგი. ახალგაზრდა მეცნიერი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს – მან მოაწყო კარვების ბანაკი და უმოკლეს დროში ააწყო ვაქცინის მასობრივი წარმოება. შემდეგ, თანაშემწეებთან, ოთხ ინდოელ ექიმთან ერთად გაემგზავრა კალკუტას მახლობლად, სოფელ კატალ-ბაგანში, სადაც დაავადებამ განსაკუთრებით იფეთქა. ამ სოფლის გლეხებმა მტრულად მიიღეს დასახმარებლად ჩასული ექიმები და იმ ადამიანებს, ვინც მეცნიერს გულშემატკივრობდა, ემუქრებოდნენ კიდეც. 

გლეხებმა მათთან სასაუბროდ მისულ ხავკინს ქვები დაუშინეს, ინდოელ ექიმებს სურდათ მენიერი ადგილიდან გაეყვანათ, თუმცა მან მოულოდნელად გაიძრო პერანგი და ვაქცინა გაიკეთა. ამან შოკში ჩააგდო გლეხები. შედეგად, სოფლის მცხოვრებთა ნახევარზე მეტმა ვაქცინაციაზე თანხმობა განაცხადა და შემდგომში, არც ერთი მათგანი ქოლერით არ დაავადებულა. ორი წლის მძიმე შრომის შემდეგ, ეპიდემიით დაზარალებულ რაიონებში სიკვდილიანობა სამი მეოთხედით შემცირდა..

მაგრამ მალე ახალი უბედურება მოვიდა: 1896 წელს, შავი ჭირის ეპიდემიამ შეუტია ბომბეის, ინდოეთის სიდიდით მეორე ქალაქს. ხავკინმა შესთავაზა მის მიერ შექმნილი შრატების გამოყენება, თუმცა იმუნოლოგის მფარველმა ილია მეჩნიკოვმა და თავად ლუი პასტერმა ეჭვი შეიტანეს მასში. მიუხედავად ამისა, შედეგი წარმოუდგენელი იყო – 93% გარანტირებულ დაცვა.

ბრიტანეთში დაიჯერეს, რომ ხავკინი ჯადოქარი იყო. მას ბრიტანეთის მოქალაქეობა უბოძეს და ლაბორატორია გაუხსნეს, სადაც ვირთხებზე ცდები უნდა ჩაეტარებინა. ხავკინი დღეში 14 საათს მუშაობდა და ვაქცინა 3 თვეში უკვე მზად იყო.

პირველი ნიმუში ხავკინმა კვლავ საკუთარ თავზე გამოსცადა, რამაც საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა გააჩინა და მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა ვაქცინაციაზე.

1915 წელს მეცნიერი ინგლისის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე გასამგზავრებელი ჯარისკაცების ვაქცინირებას ხელმძღვანელობდა.

ხავკინი 1930 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. მან მთელი თავისი ქონება- 300 000 დოლარი და ბიბლიოთეკა ებრაულ დიასპორას უანდერძა. 

ხავკინის გარდაცვალების დღეს ინდოეთში გლოვა გამოცხადდა, ინდუსები მას დღემდე მკურნალ ღვთაებად მიიჩნევენ. 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way