ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ინფორმაციას ადასტურებენ ამერიკელი ჩინოვნიკებიც. დელეგაციები მოლაპარაკებების ადგილს უკვე ტოვებენ.
მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა, უცნობია.
ცნობისთვის, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენდა. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი.
ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე კვირები გვაშორებს და არა თვეები, - ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა.
„ახლა ორი ხაზი არსებობს. ერთი დიპლომატიური ხაზია, რომელიც ამ რეჟიმის დიპლომატიური გზის დასრულებას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. მეორე ხაზი სამხედრო ვარიანტია“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.
მისი თქმით, ირანის რეჟიმი 1979 წლის შემდეგ ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია.
„რეჟიმის ცვლილების რისკი რეალურად არსებობს. ვფიქრობ, ირანელ ხალხს პოტენციალი აქვს იმისა, რომ აშშ-ის, ისრაელისა და რეგიონის დიდებული მოკავშირე გახდეს“, - განაცხადა მან.