USD 2.6769
EUR 3.1566
RUB 3.4878
თბილისი
ყაზახეთის, კოსოვოსა და მაროკოს ჯარები ღაზის სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების პირველ ნაწილებს შორის აღმოჩნდნენ. ეს ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივაა
თარიღი:  95

პირველმა ხუთმა ქვეყანამ გაგზავნა თავისი ჯარები ღაზის სექტორში რეგიონში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების (MSS) ფორმირებისთვის — ამის შესახებ აღნიშნული ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯასპერ ჯეფერსმა განაცხადა.

„მოხარული ვარ დღეს გამოვაცხადო, რომ პირველმა ხუთმა ქვეყანამ — ინდონეზიამ, მაროკომ, ყაზახეთმა, კოსოვომ და ალბანეთმა — გამოყო ჯარები საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში სამსახურისთვის. ორმა ქვეყანამ — ეგვიპტემ და იორდანიამ — აიღო ვალდებულება პოლიციის წვრთნაზე,“ — განაცხადა ჯეფერსმა ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე.

„მშვიდობის საბჭოს“ ინფორმაციით, ღაზის სექტორის გარდამავალი პერიოდის ახალ პოლიციაში, რომელმაც „ჰამასის“ მებრძოლების ნაცვლად კანონიერება უნდა დაიცვას, უკვე 2000 პალესტინელი ჩაეწერა. პოლიციაში მიღება მხოლოდ დღეს გაიხსნა.

MSS-ის გეგმის მიხედვით, რომელიც გაეროს სანქციით მოქმედებს, რეგიონში სულ 20 000 სამხედრო განთავსდება, ხოლო ახალი სამართალდამცავი ორგანოებისთვის 12 000 პოლიციელი მომზადდება. საერთაშორისო ძალები თავდაპირველად სექტორის სამხრეთით, რაფაჰში განლაგდებიან, იქ ადგილობრივ ძალოვანებს გადაამზადებენ, შემდეგ კი კონტროლს ეტაპობრივად გააფართოებენ.

დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ცხრა ქვეყანამ — ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და ქუვეითმა — ერთობლივად 7 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანეს ღაზის სექტორის დახმარების პაკეტში. მან დასძინა, რომ თავის მხრივ, ვაშინგტონი „მშვიდობის საბჭოში“ 10 მილიარდ დოლარს გადარიცხავს.

მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკავშირის 2025 წლის თებერვლის შეფასებით, ღაზის სექტორის აღსადგენად 50 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) 75 მილიონ დოლარს გამოყოფს რეგიონში საფეხბურთო პროექტებისთვის. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში წელს აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.

გაეროსა და ევროკავშირის რეაქცია

გაეროში „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივას თავშეკავებითა და სიფრთხილით ხვდებიან. იანვარში, გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის წარმომადგენელმა ტრამპის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ქვეყნებს „აქვთ უფლება გაერთიანდნენ ნებისმიერ ფორმატში“.

ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაამატეს, რომ გაერო რჩება „ერთადერთ სტრუქტურად, რომელსაც აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, გააერთიანოს ყველა სახელმწიფო“. ზოგიერთი დასავლელი დიპლომატი შიშობს, რომ „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს გაეროს როლსა და მუშაობას.

ტრამპი კი აცხადებს, რომ აშშ აპირებს სახსრების გამოყოფას გაეროს „გასაძლიერებლად“ და მისი „სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად“. მისი თქმით, „მშვიდობის საბჭო“ გააკონტროლებს ორგანიზაციის საქმიანობას და თვალყურს ადევნებს, რომ მან „ჯეროვნად იმუშაოს“.

ევროკომისიამ (EC) „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარი დუბრავკა შუიცა მიავლინა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ევროკომისიის წარმომადგენელი მონაწილეობს იმ სტრუქტურის შეხვედრაში, რომელსაც ბევრი ევროპული მთავრობა საერთაშორისო სამართლისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკომისიას არ აქვს მანდატი, მსგავს ღონისძიებებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები წარმოადგინოს.

ნორვეგია და ნობელის პრემია

დღევანდელ სხდომაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ნორვეგია დათანხმდა „მშვიდობის საბჭოს“ ერთ-ერთი ღონისძიების მასპინძლობას. ამავდროულად, მან ოსლოს კიდევ ერთხელ უსაყვედურა იმის გამო, რომ „ნობელი“ არ მიუღია.

„როდესაც დავინახე ჩანაწერი სიტყვებით: 'მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ნორვეგია...', ვიფიქრე, რომ იტყოდნენ, ნობელის პრემიას მაძლევენ-მეთქი... და გავიფიქრე: როგორც იქნა, ყველაფერი სწორად გააკეთეს. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე სიცოცხლეების გადარჩენა მინდა. ჯილდოები არ მჭირდება,“ — თქვა ტრამპმა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დააზუსტეს, რომ ამ გაზაფხულზე ქვეყანას ნამდვილად სურს უმასპინძლოს პალესტინელების დახმარების კომიტეტის სხდომას, თუმცა ტრამპის „მშვიდობის საბჭოსთან“ შეერთებას ნორვეგია არ აპირებს.


სურათი: SAUL LOEB / AFP

საზოგადოება
გიორგი კობერიძე - არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება
არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება. ანუ, როცა ყველაფერი შოკისმომგვრელია, შოკისმომგვრელი აღარაფერია. ბოლო 25 წელიწადში მსოფლიომ იმდენი რამ გამოიარა, იმდენი საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციით დაიბომბა, რომ ახლა ყველაზე მძიმე მოვლენაზეც კი რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით ან მეგობრების ვიწრო წრეში განხილვით შემოიფარგლება. ანუ ეჩვევი ამ ყველაფერს და აღარ გიკივირს.
 
ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინის ომშიც გამოიხატა - აღარავის უკვირს შუა ევროპაში ქვეყნის დედაქალქის დაბომბვა იქნება თუ ბავშვების სიკვდილი. ჩვენთანაც ასე მოხდა. მე კარგად მახსოვს საოკუპაციო ძალები ხალხს რომ იტაცებდნენ ან შუა ქვეყანაში საზღვრებს ავლებდნენ რამხელა რეაქცია ჰქონდა ხალხს ამაზე. ახლა საზოგადოების დიდ ნაწილს შეჩვევად ექცა.
 
და მსოფლიოშიც ასეა. სენსაციონისტებსაც კი აღარ უკვირთ არაფერი და მათაც დაუქვეითდათ რეაქცია: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, მე არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენო. ტრამპსაც და რუბიოსაც აქვთ მსგავსი განცხადებები ახლო წარსულში გაკეთებული, თუმცა გუშინ ტრამპმა ობამას ამ სიტყვებს "საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება" უწოდა. ეს არ არის ყველაფერი - მოგვიანებით, რამდენიმე საათის წინ მან განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანს უკვე მისცა ბრძანება, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს. და რა ხდება ამ დროს? ამ ყველაფერზე საერთაშორისო მედიისა და მოსახლეობის რეაქცია თითქმის ნულს უტოლდება, ან თუ რაიმე საინტერესო გამჟღავნდა, აღფრთოვანებამ, მაქსიმუმ, რამდენიმე დღე გაძლოს.
 
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის