USD 2.7516
EUR 3.1305
RUB 3.3672
Тбилиси
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერი გაიცემა.

მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.

„საქართველოს კურორტებზე დასასვენებელ ადგილსა და სასტუმროს ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი თავად ირჩევს. როგორც საკურორტო ვაუჩერის რაოდენობა, ისე ვაუჩერის თანხა ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ვაუჩერები „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით დარიგდება.

„შშმ პირი/კანონიერი წარმომადგენელი საკურორტო ვაუჩერს მითითებულ მისამართზე „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს. ვაუჩერის მფლობელი, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღებას მერიის სერვისცენტრში შეძლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება.

მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველები, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად მუშაობს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციის მიმართულებით, მათი სწრაფი გამრავლება მაინც ხდება, დედაქალაქში არსებული თავშესაფარი კი არსებულ რაოდენობას ვერ უმკლავდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცხოველთა ახალი თავშესაფარი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

„გარდა ამისა, როგორც იცით, სააგენტომ, რამდენიმე თვის წინ ააშენა პოპულაციის მართვის ცენტრი. მიმდინარეობს ვარკეთილში არსებული თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესიც. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააგენტოს ეფექტურობა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი ცხოველის სტერილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის განცხადებით, ძალიან ხშირია პატრონიანი ცხოველების ქუჩაში დატოვების შემთხვევები, რაც მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითადი წყაროა.

„ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ. ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტების პრობლემა არ არის, ყველასია. შესაბამისად, ყველას მოგვიწევს ჩართულობა. გარდა ამისა, როგორც იცით, საკანონმდებლო დონეზე არის გარკვეული ცვლილებები. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და განსაკუთრებით, დედაქალაქში, იყოს მოწესრიგებული. ჰუმანური მიდგომით, ცხოველების ინტენსიური სტერილიზაციის გზით, დედაქალაქში ქუჩის ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, არამედ თავად ცხოველებისთვისაც. უახლოეს პერიოდში უნდა მივიდეთ იმ რეალობამდე, რომ აღარ იყოს ცხოველი ქუჩის მძიმე პირობებში და ყველა მათგანს ჰყავდეს პატრონი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ სარგებლობაში ეტაპობრივად გადაეცემათ.

თბილისის მერის განცხადებით, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია.

„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს - უსახლკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. შესაბამისად, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც სახლების მიღებას ელოდება. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებულია, ექსპლუატაციაშია მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

„აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია. საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების აუცილებლობაზეც. კერძოდ, მერმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით, კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ნებისმიერ მსურველს საკუთარი წინადადების წარდგენის საშუალება ექნება.

მისი თქმით, არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება. ესენია: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავსა და მარნეულიდან არსებული შემოსასვლელები.

„თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების მიზნით, კონკურსის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩაატარა. არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც ახალი მანიშნებლები განთავსდება: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან. შემუშავდა ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати