USD 2.6957
EUR 3.1316
RUB 3.4658
თბილისი
გენიალური ქართველი კინომსახიობის, დოდო აბაშიძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა
თარიღი:  5077
დოდო აბაშიძე დაიბადა ქ. თბილისში 1924 წლის 1 მაისს ქართული სცენის ცნობილი ოსტატების - ნინო ანდრონიკაშვილისა და ვანო აბაშიძის ოჯახში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1949-1956 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში, სადაც 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. განასახიერა გოდუნის (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გიორგის (ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), როლერის (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა როლები, თუმცა მალე თეატრალური სცენა კინოს გამო სამუდამოდ მიატოვა.
დოდო აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ფილმში „ჭრიჭინა“ (ს. დოლიძე, ლ. ხოტივარი, 1954), რომელშიც დამაჯერებლად განასახიერა ბავშვურად გულუბრყვილო მძღოლი ბიჭიკო. საყოველთაო პოპულარობა მსახიობს მოუტანა აბდუშაჰილის ბრწყინვალედ შესრულებულმა როლმა ფილმში „ბაში-აჩუკი“ (ლ. ესაკია, 1956).
დ. აბაშიძის თამაშის ბუნებრივი, თავისუფალი, შეუზღუდავი მანერა ეფექტურად ეთვისებოდა, როგორც მკაცრად დოკუმენტურ, ისე ბუფონადურ-პაროდიულ სტილს. შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტ ფილმში, მუშაობდა სრულიად განსხვავებული ხელწერის რეჟისორებთან.
დიდი დიაპაზონის გენიალური მსახიობი ერთნაირი წარმატებით ასრულებდა კომედიურ თუ დრამატულ როლებს. საოცარი არტისტული ბუნება, მდიდარი გამომსახველობითი ხერხები, საოცარი პლასტიკა, შთამბეჭდავი მიმიკები და ზუსტი ნიუანსები საშუალებას აძლევდა, ცოცხალი, დამაჯერებელი და დასამახსოვრებელი გაეხადა ეკრანული პარსონაჟები: მწყემსი ბდღვირა („თეთრი ქარავანი“, თ. ელიავა, ე. შენგელაია, 1963), ხევსური ალუდა („ხევსურული ბალადა“, შ. მანაგაძე, 1965), მეღვინე რეზო („გიორგობისთვე“, ო. იოსელიანი, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი“, მ. კოკოჩაშვილი, 1967), პროვინციული თეატრის მსახიობი შავლეგი („არაჩვეულებრივი გამოფენა“, ე. შენგელაია, 1968), თავადი ვამეხ ვახვარი („არ დაიდარდო!“, გ. დანელია, 1969), მამაზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), პოლიცმეისტერი („ვერის უბნის მელოდიები“, გ. შენგელაია, 1973), ნესტორ კალანდარიშვილი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973) და სხვა.
გულღია, საკუთარი ბუნების ერთგული ადამიანის თემა ყველაზე ახლობელი გახდა აბაშიძის შემოქმედებაში. განსაკუთრებულია მის მიერ განსახიერებული მწყემსი სოსანა („დიდი მწვანე ველი“; ამიერკავკასიის რესპუბლიკების კინოფესტივალისა (ერევანი) და უკრაინის მეორე კინოფესტივალის პრიზები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 1968). დოდო აბაშიძემ უდიდესი ოსტატობითა და ფსიქოლოგიური სიბრძნით გადმოსცა წინაპართა ადათ-წესებისა და ბუნებასთან ჰარმონიის რღვევით შეშფოთებული ადამიანის დრამა.
მსახიობის მიერ განსახიერებულ მნიშვნელოვან როლებს შორის არის: ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, ყ. მგელაძე; 1969 წელს მინსკის საკავშირო კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, 1970), იასონი („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე; პრიზები მამაკაცის საუკეთესო როლისთვის თეირანის IV საერთაშორისო კინოფესტივალზე (1975), მინსკის სპორტული ფილმებისა და ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალებზე, 1976), ნიკო („როცა აყვავდა ნუში“, ლ. ღოღობერიძე, 1976), სეთური („დათა თუთაშხია“, გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), ყვარყვარე („ყვარყვარე“, დ. აბაშიძე, 1978), გიორგი („ფესვები“, ყ. მგელაძე, 1987).
დოდო აბაშიძე ასევე მონაწილეობს ფილმებში: „მაგდანას ლურჯა“ (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955, გაბო), „ეთერის სიმღერა“ (ს. დოლიძე, 1956, ვეფხია), „ბურთი და მოედანი“ (ყ. მგელაძე, 1961, გერონტი), „მივლინება“ (ი. ეგოროვი, 1961, რუსეთი, ქარხნის დირექტორი), „უდიპლომო სასიძო“ (ლ. ხოტივარი, 1961, გენიოსა), „ჭიაკოკონა“ (ი. ქავთარაძე, 1961, ბოჩა მორჩაძე), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (ყ. მგელაძე, 1965, აფრასიონი), „პიერი - მილიციის თანამშრომელი“ (დ. რონდელი, 1965, თენგიზ გომართელი), „მაცი ხვიტია“ (გ. შენგელაია, 1966, ოთარ მარღანია), „ტარიელ გოლუა“ (ლ. ხოტივარი, 1968, ბაჩუა), „ფიროსმანი“ (გ. შენგელაია, 1968, შავუა), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (ყ. მგელაძე, 1975, მიხო), „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ვ. კვაჭაძე, 1975, პროკურორი), „სიმღერა“ ( გ.ბეჟანოვი, 1975, რუსეთი, ვარლამი), „მწვერვალი“ (მ. კოკოჩაშვილი, 1976, გაბრიელი), „რაჭა, ჩემი სიყვარული“ (თ. ფალავანდიშვილი, 1977, ვარლამი), „გამოაღეთ ფანჯრები“ (დ. აბაშიძე, 1980) და სხვა.
დოდო აბაშიძე ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს ანიმაციური ფილმისა „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“ (რეჟ. დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე, 1984).
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი, როგორც რეჟისორის ნამუშევრები. დოდო აბაშიძემ 1980-იან წლებში სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო ფილმები „ამბავი სურამის ციხისა“ (1984; შეასრულა ოსმან აღასა და მესტვირის როლები; ფილმი დაჯილდოებულია საფრანგეთის, ესპანეთის, ბრაზილიის, პორტუგალიისა და ნიდერლანდების კინოფესტივალების პრიზებით) და „აშუღ-ყარიბი“ (1988).
დოდო აბაშიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1967); საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
გარდაიცვალა 1990 წლის 26 იანვარს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა.
სიკვდილის შემდეგ, 1992 წელს, ყ. მგელაძის ფილმში „ფესვები” (1987) შესრულებული მთავარი როლისა და გამორჩეული შემოქმედებისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს დოდო აბაშიძის ნათელ ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს, რომელიც მან დასდო ქართულ კულტურას.
მსოფლიო
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის