USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
Tbilisi
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "მაკდონალდს საქართველოს"?
Date:  2395

"მაკდონალდს საქართველომ" 2020 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 96 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 3 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შემცირების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარება და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის 80%-იანი ვარდნა იყო.

საქართველოში “მაკდონალდსის” ქსელი 18 რესტორნით, ლოჯისტიკური ცენტრით და პურ-ფუნთუშეულის საწარმოთი არის წარმოდგენილი. ჯგუფი მთლიანობაში 1400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

“2020 წელი გამოწვევა იყო ყველა ინდუსტრიისთვის, მაგრამ განსაკუთრებული სირთულეები შეიქმნა სარესტორნო ბიზნესისთვის, მიუხედავად კრიზისისა, "მაკდონალდსმა" თბილისში ორი ახალი ფილიალის გახსნა შეძლო.

გარდა ორი ახალი ფილიალისა კომპანიამ 2020 წელს პროდუქტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, 26,000,000 ლარის ინვესტიციით პურ-ფუნთუშეულის საწარმო გახსნა. “მაკდონალდსი” საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2019 წელს კომპანიამ ბიუჯეტში 19,980,000 ლარი შეიტანა, იმავე წელს ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 14,000,000 ლარი შეადგინა. 2020 წელს კი ორი ახალი რესტორნისთვის 19,000,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს “მაკდონალდსისთვის” ყველაზე მზარდ მიმართულებას ადგილზე მიტანის სერვისები წარმოადგენდა, სადაც 2019 წელთან შედარებით გაყიდვები 85%-მდე გაიზარდა.

"აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კორონა ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის და შეზღუდვების გამო, 2019 წელთან შედარებით მომხარებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ხოლო შემოსავალი მხოლოდ 2%-ით, რაც გამოწვეული საშუალო ჩეკის ზრდით დრაივისა და დელივერის არხებში, ასევე ორი ახალი ფილიალის გახსნით,"- ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.

“მაკდონალდსმა” გასულ წელს საკვები მასალების შესაძენად 47 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. კომპანიაში დასაქმებულთა ანაზღაურებისა და სხვა სარგებლის მოცულობა კი 16.2 მილიონ ლარს შეადგენდა. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ “მაკდონალდსმა” 2020 წელს სარეკლამო მიმართულებაზე 3.4 მილიონი ლარი დახარჯა.

2018 წელს "მაკდონალდს საქართველომ“ სამომავლო განვითარებისთვის EBRD-სგან 20 მილიონი ევროს სესხი აიღო. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა, ორიენტირებულია მაქსიმალურად მოხდეს თბილისისა და საქართველოს საბაზრო არეალის დაფარვა, რათა მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების მიღება. თუმცა, 2020 წელს ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, კომპანიის სავალუტო ვალდებულებების მოცულობა გაიზარდა, ამის გამო კომპანიისთვის საკურსო ზარალმა 19.5 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასულ წელს “მაკდონალდსი” საქართველოში მოგების ნაცვლად 19 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა.

“მაკდონალდს საქართველოს” აქტივები 149 მილიონ ლარს, გრძელვადიანი ვალდებულებები კი 97 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის 90%-იან წილს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფლობს. კომპანიამ 2018 წელს “მაკდონალდსის” ლიცენზია კიდევ 20 წლით გაიხანგრძლივა.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way